„ა(ა)იპ-ები იქმნება იმისთვის, რომ კონკრეტული სამუშაო შეასრულოს. რომ დავთვალეთ, მარტო ხელფასი არის 42.3%“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 153 774 000 ლარით განისაზღვრა. აქედან ა(ა)იპ-ების გადასახდელები 38 779 200 ლარს შეადგენს, რაც მთლიანი ასიგნებების 25.2%-ია. სულ, ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის 18 572 800 ლარია განკუთვნილი, საიდანაც 16 518 600 ლარი ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების თანხას წარმოადგენს.
ცხრილი 1:
ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, საქონელი და მომსახურების მაჩვენებლები 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის მიხედვით
დასახელება | მომუშავეთა რიცხოვნობა | ხარჯი | შრომის ანაზღაურება, ლარი | საქონელი და მომსახურება, ლარი | ადმინისტრაციული ხარჯი, ლარი | ადმინისტრაციული ხარჯის %-ული წილი |
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო | 66 | 1 634 400 | 731 200 | 796 200 | 1 527 400 | 93,45 |
ბათუმის კორპუსი | 64 | 4 817 100 | 690 500 | 286 100 | 976 600 | 20,3 |
ბათუმის ბოტანიკური ბაღი | 195 | 2 947 400 | 1 752 500 | 776 400 | 2 528 900 | 85,80 |
გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური | 81 | 2 528 200 | 793 900 | 1 734 300 | 2 528 200 | 100 |
საბავშვო ბაღების გაერთიანება | 1 312 | 12 668 900 | 7 121 200 | 5 416 700 | 12 537 900 | 98,96 |
ბათუმის სპორტული ცენტრი | 42 | 1 600 400 | 444 900 | 1 134 200 | 1 579 100 | 98,66 |
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა | 77 | 783 500 | 646 900 | 131 100 | 778 000 | 99,29 |
ბათუმის კულტურის ცენტრი | 285 | 3 252 000 | 1 995 700 | 1 241 300 | 3 237 000 | 99,53 |
ბათუმის სასაფლაოები | 66 | 539 000 | 431 200 | 96 800 | 528 000 | 97,95 |
ბათუმის საცხენოსნო კლუბი | 5 | 160 000 | 54 900 | 101 600 | 156 500 | 97,81 |
ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო | 106 | 1 875 700 | 985 700 | 883 500 | 1 869 200 | 99,65 |
საჭადრაკო კლუბი „ნონა“ | 6 | 343 100 | 57 600 | 232 300 | 289 900 | 84,49 |
სოციალური სერვისების სააგენტო | 103 | 3 611 600 | 812 400 | 2 796 200 | 3 608 600 | 99,91 |
2018
წელს ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 ა(ა)იპ დაფინანსდება, რომელთა ჯამური ხარჯი 36 761 300 ლარია. აქედან, უშუალოდ ბიუჯეტის გადასახდელები 32 162 700 ლარს, ხოლო კანონმდებლობით ნებადართული სხვა გადასახდელები 4 598 600 ლარს შეადგენს. ჯამური ხარჯიდან 16 518 600 ლარი ანუ 44.9% მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე უნდა გაიხარჯოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ საკუთრივ ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯთან მიმართებით ვიანგარიშებთ, შრომის ანაზღაურებისთვის 13 612 800 ლარის, ანუ ჯამური ხარჯის 42.3%-ის გადახდა იგეგმება.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელიც შრომის ანაზღაურებასთან ერთად საქონლისა და მომსახურების შესყიდვას მოიცავს, ა(ა)იპ ბათუმის კორპუსის შემთხვევაში მისი წილი ხარჯებში არის 20.3%. სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების მთლიან ხარჯებთან მიმართებით, ადმინისტრაციული ხარჯის წილი მაღალია და 84.5%-იდან 100%-მდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ სრული 100% ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის შემთხვევაში ფიქსირდება - მთლიანი ხარჯი მხოლოდ შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების ჯამურ თანხას მოიცავს და 2 528 200 ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროგრამები არ იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, როგორ უნდა დაფინანსდეს ა(ა)იპ-ების დაგეგმილი ღონისძიებები, როცა ხარჯის თითქმის მთელი მოცულობა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. მაგალითად, ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისთვის გათვალისწინებულ ხარჯებში შედის მუნიციპალური ბიბლიოთეკების მართვა-ადმინისტრირება; კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებები; ბეჭდური გამოცემების შეძენა; ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. ამისთვის მთლიანობაში 770 900 ლარია განსაზღვრული, საიდანაც ხარჯი 712 900 ლარია. ხარჯის 82.56%-ს (628 700 ლარი) შრომის ანაზღაურება შეადგენს, ხოლო 11%-ს (78 800 ლარი) - საქონელი და მომსახურება. დარჩენილი 5 000 ლარი განკუთვნილია სოციალური უზრუნველყოფისთვის, ხოლო 400 ლარი - სხვა ხარჯებისთვის. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისთვის, გარდა ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ გადასახდელებისა, გათვალისწინებულია კანონმდებლობით ნებადართული სხვა გადასახდელები, ჯამში 70 600 ლარი, საიდანაც 18 200 ლარი შრომის ანაზღაურებას ემატება, ხოლო 52 300 ლარი - საქონელსა და მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე შეუძლებელია იმის გარკვევა, რა თანხა მოხმარდება, ვთქვათ, კონკრეტულად ბეჭდური გამოცემების შეძენასა და ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას.
დასკვნა
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის განცხადებით, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული ხარჯი 42.3%-ია, რასაც ემატება საქონლისა და მომსახურების ხარჯიც, რაც ა(ა)იპ-ებისთვის განკუთვნილი მთლიანი ხარჯის დიდ წილს შეადგენს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხელფასებზე მართლაც 42.3% იხარჯება, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯის წილი ზოგ შემთხვევაში 100%-საც აღწევს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.