„სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ. დღეისთვის, ამ დარგში მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში რეალურად შექმნილი დამატებითი ღირებულების ცვლილებით იზომება. აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად აღნიშნულ დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს უნდა შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეული ღირებულების ზრდას გამორიცხავს.
გრაფიკი 1:აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპი 2010-2017 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2016 წელს სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპმა 0.3% შეადგინა, 2015 წელს კი 1.5%. რაც შეეხება მიმდინარე წელს (3 კვარტალში), სოფლის მეურნეობაში შექმნილი რეალური პროდუქცია 2.7%-ით შემცირდა.
სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების დეტალურად გაანალიზებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების დინამიკის განხილვაც.
გრაფიკი 2:ხორცის (ათასი ტონა), რძის (მლნ ლიტრი) და კვერცხის (მლნ ლარი) წარმოება 2014-2017 (III კვ.) წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში რძის წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ხორცის და კვერცხის წარმოება კი, აღნიშნულ წლებში ხან იმატებდა, ხან კლებულობდა. 2016 წელს მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის III კვარტალს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორცის, რძის და კვერცხის წარმოება ასევე შემცირებულია. კონკრეტულად,ხორცის წარმოება 18%-ით, რძის 12%-ით, კვერცხის კი 7%-ით არის შემცირებული.
აგრარულ სექტორში პროგრესის შესაფასებლად ასევე მნიშვნელოვანია ნათესი ფართობების მოცულობა.
ცხრილი 1:საერთო ნათესების მოცულობა 2013-2017 წლებში (ათასი ჰექტარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურისაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების ფართობის მოცულობა 2013 წლიდან კლებადია. 2016 წელს ნათესი ფართობების მოცულობა 2013 წელთან შედარებით 22.8%-ით ნაკლებია. განსაკუთრებით საგაზაფხულო კულტურების ნათესების ფართობის მოცულობაა შემცირებული (30.5%-ით) (იხ. სტატია).
აგრარულ სექტორზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმ პროექტების აღნიშვნაც, რომლებიც დარგის განვითარების მიზნით სახელმწიფოს ხელშეწყობით მიმდინარეობს.
როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი (11.3%) 2013 წელს დაფიქსირდა. სწორედ 2013 წლის მარტში ამოქმედდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, რომელიც ფერმერებისთვის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ამ პროექტის ფარგლებში 2013-2016 წლებში 154 ახალი საწარმო შეიქმნა და 700 გაფართოვდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ წლებში, 197 874 322 აშშ დოლარის და 690 662 461 ლარის შეღავათიანი კრედიტი გაიცა. 2016წლის ჩათვლით, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების მოცულობამ 6 710 445 აშშ დოლარი შეადგინა.
2014წლის სექტემბერში ამოქმედდა აგროდაზღვევის პროექტი, რომლის ფარგლებში 2014-2016 წლებში 29 719 პოლისი გაიცა და სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა პრემიამ 14 658 868 ლარი შეადგინა.
როგორც ცნობილია, 2013-2016 წლებში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამა ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებში სულ 827 332 ჰა მიწა დაიხნა და ბენეფიციართა სარგებელმა 340 265 800 ლარი შეადგინა. მიუხედავად სახნავ-სათესი მიწების დასამუშავებლად გაცემული სუბსიდიებისა (ვაუჩერი, დიზელი, მინერალური სასუქები), 2013 წლიდან ნათესი ფართობების მოცულობა ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს კი აღნიშნული პროგრამა შეჩერდა.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში გარკვეული ჩარევის მიუხედავად, დარგის რეალური ზრდის ტემპი 2013 წლის შემდეგ მაინც კლების ტენდენციით ხასიათდება. 2017 წელს კი სოფლის მეურნეობა (რეალურ ღირებულებით ფორმაში) შემცირდა.
მიმდინარე წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება ასევე შემცირებულია. კონკრეტულად, ხორცის წარმოება 18%-ით, რძის 12%-ით, კვერცხის კი 7%-ით არის შემცირებული. ასევე, კლების ტენდენციით ხასიათდება ნათესი ფართობის მოცულობა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა რამდენიმე პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს დარგი მაინც ვერ იქცა ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობად და სუბსიდირებაზე დამოკიდებულად რჩება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მცდარი.