ერთი კვირაა, ირანში აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და რაც უფრო იზრდება ხელისუფლების წნეხი, მით უფრო მასობრივი და აქტიური ხდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი (თუმცა, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს) და მხოლოდ თეირანში 450 ადამიანზე მეტია დაკავებული.

ირანში არსებული რეჟიმის გათვალისწინებით, ამ მასშტაბების აქციები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და მთავარი კითხვა ეხება იმას, თუ რეალურად რა ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რაც დღეს ხდება, ვისი და რა ინტერესები იკვეთება და რა ფორმა შეიძლება ამ ყველაფერმა მიიღოს.

სოციალური ფონი და პოლიტიკური ინტერესები -ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციებიშიდა პრობლემებით და გარეშე წაქეზებით“ არის გამოწვეული. მაგრამ, როგორც ჩანს, ირანში მიმდინარე პროცესს მხოლოდ ეს ფაქტორები ვერ ხსნის, რადგან მთავარ კითხვებს ვერ სცემს პასუხს, ცხადია, პრობლემა უფრო რთულია.

1979 წლის შემდეგ ირანში ეს მასშტაბური აქციების მესამე შემთხვევაა. ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველი მასშტაბური აქციები 1999 წლის ივლისში გაიმართა, როდესაც სტუდენტებმა სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით მშვიდობიანი აქციები გამართეს. შემდეგი ფართომასშტაბიანი გამოსვლები ზუსტად ათ წელში - 2009 წლის ივნისში გაიმართა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

მიმდინარე აქციები კი უკვე რადიკალურად განსხვავებულია იმ აქციებისგან, რამდენიმე ფაქტორის გამო: პირველი - ეს აქციები არ დაწყებულა დედაქალაქში, წინა აქციებისგან განსხვავებით. ის ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარე ქალაქ მეშჰედში დაიწყო, რომელიც რელიგიური ლიდერების დასაყრდენი წერტილია და შემდეგ ძალიან მალე გადავიდა სხვა რელიგიურ ქალაქებში, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარეობს. თუკი წინა აქციებში პროტესტს საშუალო ფენა და განათლებული კლასი წარმართავდა, ამ შემთხვევაში ეს კატეგორია ჯერჯერობით უფრო დამკვირვებლის როლშია და, შესაბამისად, აქცენტი სოციალურ თემაზე გადადის, მაგრამ, როგორც ჩანს, სოციალური თემა საბაბი და საშუალება უფროა. ამასთან, მშვიდობიანი პროტესტი არ არის წმინდა პრინციპი, როგორც წინა აქციების დროს იყო და ყველაზე მთავარი - არ ჩანს აქციის ერთი ლიდერი ან ლიდერები, რაც კიდევ უფრო ართულებს მოთამაშაეების ინტერესების გამოკვეთას.

დღევანდელი მოთხოვნები - აქციებზე ისმის მოწოდებები, როგორც მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ (სოციალური მოთხოვნები), ასევე უმაღლესი სულიერი ლიდერის წინააღმდეგ, რის გამოც, ამ აქციებს კონტრ-რევოლუციურსაც უწოდებენ,პროტესტი საგარეო პოლიტიკის გამო, რაც ჰომეინსაც ეხება და როუჰანსაც.

მოთხოვნებს შორის ყველაზე მწვავე სოციალური საკითხები ჩანს და ამიტომაც უკვე აქტიურად საუბრობენ „არაბულ გაზაფხულთან“ პარალელებზე. ყველაზე აშკარა კვერცხზე ფასის მატებაა, რამაც, თითქოს, პროტესტს და გამოსვლებს ჩაუყარა საფუძველი. თუმცა, აქციები ამით არ დაწყებულა. პირველი პროტესტი ქალებისთვის ქუჩაში თავსაფრის გარეშე გასვლისთვის მკაცრი სანქციების შერბილებას მოჰყვა, რომელიც ქალაქ მეშჰედში გაიმართა, რომელიც ერთ-ერთ მძლავრ სულიერ ცენტრად ითვლება და პრეზიდენტ როუჰანის მოწინააღმდეგეების მთავარ დასაყრდენ ცენტრს წარმოადგენს.

პროტესტის დაწყება - როგორც ცნობილია, ირანში სამი ძირითადი პოლიტიკური ფრთაა წარმოდგენილი - ზომიერი, კონსერვატული და რადიკალური. ქალაქ მეშჰედიდან, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია და თეირანიდან საკმაოდ დაშორებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, არის პრეზიდენტ როუჰანის მთავარი მოწინააღმდეგე - კონსერვატორი სასულიერო პირი ებრაჰიმ რაისი. ამ ქალაქიდან არის ასევე რადიკალური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი აჰმად ალამოლჰოდა. აღსანიშნავია, რომ ეს ორნი ერთმანეთის ნათესავები არიან, რაც ირანის რეალობაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მთავარი კი ის არის, რომ კონსერვატორები და რადიკალები ე.წ. ზომიერი ფრთის, რომლის ლიდერია პრეზიდენტი როუჰანი მთავარ მოწინააღმდეგეებად ითვლებიან და მას იმ რეფორმების გამო უპირისპირდებიან, რომლის გატარებსაც როუჰანი ცდილობს.

ბოლო პერიოდში კონსერვატორები და რადიკალები მწვავედ აპროტესტებდნენ ირანში კონცერტების გამართვის ნებართვას. მეშჰედში კი დემონსტრაციები დაიწყო თეირანის პოლიციიის უფროსის იმ განცხადების გამო, რომლის თანახმად, ირანში ქალებს თავსაბურავის გარეშე ქუჩაში გამოსვლისთვის აღარ დააპატიმრებდნენ და მხოლოდ სპეციალური კურსის გავლას მიუსჯიდნენ.

ამიტომაც, არსებობს ვარაუდი, რომ აქციების სწორედ მოლების მიერ იყო ორგანიზებული მათი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის - ჰასან როუჰანის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც ძალიან მალე სოციალურ უკმაყოფილებაში გადაიზარდა (ფაქტობრივად იმ აქციაზევე) და ბოლო დღეებში პროტესტმა სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლის ფორმა მიიღო, რაც უკვე სამივე პოლიტიკური შტოს წინააღმდეგ არის მიმართული.

სიციალური უკმაყოფილება - მიუხედავად იმისა, რომ ირანის მოქმედი პრეზიდენტის და მისი გუნდის დამსახურებაა ყველა რეფორმა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო და მათ შორის ძვრები საგარეო ურთიერთობებში, 2015 წელს ბირთვული შეთანხმების გაფორმების ჩათვლით, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საფუძველი უნდა ყოფილიყო, მოსახლეობის სოციალური უკმაყოფილება მაინც არსებობს.

დემონსტრანტები აპროტესტებენ რეფორმების ტემპს და შედეგებს, ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელს, არსებულ კორუფციას, მაღალ ინფლაციას, ფასების მატებას და ასევე ბირთვული შეთანხმების მიუხედავად, არასაკმარის პროგრესს საგარეო ურთიერთობებში.

BBC-ის მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საშუალო ირანელი 15%-ით უფრო გაღარიბდა. პურის, რძის, რძის ნაწარმის და წითელი ხორცის მოხმარება 30% -დან 50% -მდე შემცირდა. ოფიციალური უმუშევრობის დონე 12.4%-ია, მაგრამ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ეს 60% -ზე მეტია, რამაც 30 წლამდე ახალგაზრდებზე, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარია, ძალიან მძიმედ იმოქმედა.

პრეზიდენტმა როუჰანმა, რომელმაც მაისში საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვა, პირობა დადო, რომ ბირთვული გარიგება ეკონომიკის აღორძინებას გამოიწვევდა. თუმცა, დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ამ პირობას არ/ვერ ასრულებს, რაც მათ პროტესტს იწვევს.

რაც მთავარია, ამ ყველაფერმა საბანკო და ეკონომიკურ სექტორზე იმოქმედა და სანქციების შიშით ვერ მოხერხდა დიდი ბიზნესგარიგებების უზრუნველყოფა და ევროკავშირის და დასავლეთის ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, ქვეყანაში ვერ შევიდა იმ რაოდენობის ინვესტიცია, რასაც ვარაუდობდნენ და ეკონომიკა ვერ განვითარდა ისე როგორი მოლოდინიც იყო. მათგაუჩნდათ განცდა, რომ დასავლეთის დახმარება არ არის საკმარისი. ამას დაემატა კორუფციისდონის ზრდა.

საგარეო ფაქტორები - ირანისსაგარეო ურთიერთობებიპრობლემურია, ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ დასავლეთს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით არ გააჩნია კონკრეტული საგარეო პოლიტიკური სტრატეგია და ირანი ფაქტობრივად დარჩენილია რუსეთის ანაბარა.

მნიშვნელოვანი საკითხია ირანის გავლენის გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში, რაზეც ბოლო პერიოდში ყურადღება მაინცდამაინც არ გამახვილებულა. საქმე ისაა, რომ ირანს ჰეგემონობის სურვილი შაჰის პერიოდშიც ჰქონდა, მაგრამ ამ პოლიტიკის გატარება ირანმა უფრო აქტიურად 1979 წელს მომხდარი „ისლამური რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო, რისთვისაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ შიიტ მოსახლეობას იყენებდა, ირანში ხელისუფლებაში არის შიიტი რადიკალების რეჟიმი. ირანს განსაკუთრებული ამბიცია კი ახლო აღმოსავლეთში აქვს და ბოლო პერიოდში აქ წარმატებასაც მიაღწია, ფაქტობრივად მიიღო გეოპოლიტიკური დერეფანი, რომელიც მოიცავს ერაყს და სირიას.

სადამის რეჟიმის დროს ერაყი ირანის მტერი იყო, 2003-2011 წლებში ერაყი, ფაქტობრივად, აშშ-ის სამხედრო მმართველობის ქვეშ იყო და 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამერიკელები ძირითადად გავიდნენ, იმის გამო, რომ ერაყის მოსახლეობის, დაახლოებით, 2/3 არის შიიტი, შესაბამისად, ხელისუფლებაშიც არიან შიიტები, სადამის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ, ირანის გაძლიერება დაიწყო და ეს გავლენა ძალიან დიდია. მაგალითად, ამ ტერიტორიაზე, გარდა ერაყის რეგულარული ჯარისა, მოქმედებენ შეირაღებული დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ პროირანულები არიან და თავად ოფიციალურ ხელისუფლებაზეც ირანის გავლენა ძალიან დიდია.

რაც შეეხება სირიას, ასადის რეჟიმი ირანის პირდაპირი მოკავშირე იყო. მას შემდეგ კი, რაც სამოქალაქო ომის შედეგად სირია, ფაქტობრივად, დაიშალა და ირანმა, რუსეთთან ერთად ასადის რეჟიმი გადაარჩინა, ასადი არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ ირანის სატელიტი გახდა. სირიის ის ნაწილი, რომელსაც ასადი აკონტროლობს, ირანის გავლენის სფეროა, ერაყთან ერთად.

ასევე ლიბანში ქვეყნის ნაწილს ფაქტობრივად „ჰეზბოლა“ აკონტროლებს და არა ხელისუფლება და ეს ნაწილიც პირდაპირ ირანის გავლენისქვეშ არის იმიტომ, რომ რეალურად „ჰეზბოლა“ წარმოადგენს არა ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორც ოფიციალურად მიიჩნევენ, არამედ ფაქტობრივად არის ირანის სამხედრო ფილიალი ლიბანში. ამის პარაელურად კი ირანის გავლენა თავად ლიბანის ცენტრალურ ხელისუფლებაზე ძალიან დიდია სხვადასხვა სატელიტი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით.

რეალურად გამოდის, რომ დღეს ირანის გავლენის სფერო, თავად ირანის ტერიტორიის ჩათვლით, ვრცელდება ავღანეთიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე და მიდის ისრაელის საზღვრამდე. ბოლო პერიოდში ირანის ერთადერთი შეფერხება იყო „დაეში“, რომელიც ბლოკავდა ერაყსა და სირიას შორის გადასავლელ გზებს, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, "დაეში" ერთი მხრიდან ერაყის კონტროლის ქვეშ და მეორე მხრიდან ასადის ხელში და ასადთან ერთად სწორედ სხვადასხვა პროირანული დაჯგუფებების ხელში აღმოჩნდა. ირანმა სასანიანების მმართველობის შემდეგ პირველად მიიღო ერთიანი გავლენის სფერო ავღანეთიდან ხმელთაშუა ზღავმდე. ეს კი ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურ ვითარებას ძირეულად ცვლის, რაც ისრაელისა და არაბული ქვეყნებისთვის ძალიანდიდ საფრთხეს წარმოადგენს.

საერთაშორისო რეაგირება და პროცესის განვითარების შესაძლო სცენარი -ირანში დაწყებულ პროცესებში ძალიან ბევრი შიდა და გარე ინტერესები იკვეთება, დაწყებული შიდა დაპირისპირებით, რაც როუჰანის მიერ დაწყებულ რეფორმებს მოჰყვა და რასაც არსებული სოციალური პრობლემები დაემატა და დამთავრებული გარე ინტერესებით, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ, ახლო აღმოსავლეთში ერთი ინეტერესების მქომე არაბული ქვეყნები და ისრაელი დაპირისპირებულ ბანაკებად აქცია. ირანის გაძლიერება კი საფრთხეს ორივე ბანაკს უქმნის, რომ არაფერი ვთქვათ, ამ ტერიტორიაზე ირანის მოკავშირე რუსეთის დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „ტასნიმის“ ინფორმაციით, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის, განცხადებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან.

ფაქტია, რომ ინტერესები ბევრია, მაგრამ იმის ცალსახად თქმა, თუ რომელია ხელისშემწყობი, ძალიან ძნელია. რამოდენიმედღისწინ დაწყებულმა პროტესტმა სხვა მიმართულება მიიღო, ვიდრე რელიგიურ ლიდერებს სურდათ. დემონსტრანტები რადიკალურად ეწინააღდმეგებიან როგორც პრეზიდენტროუჰანს, ასევე რელიგიურ ხელისუფლებას.

ასეთმა პროტესტმა კი, შეიძლება, ამ ორი ბანაკის - ზომიერი და კონსერვატორ-რადიკალების ერთმანეთთან დაკავშირება გამოიწვიოს რეჟიმის ფიზიკურად გადარჩენის ინტერესის გამო. ეს საბოლოოდ რა გავლენას იქონიებს ირანში არსებულ რეჟიმზე და კონკრეტულად ადამიანის უფლებებზე და, თუნდაც, პერსპექტიულ ცვლილებებზე, ადვილი წარმოსადგენია. მით უმეტეს, რომ დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს.

საერთაშორისო საზოგადოება ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.

თეგები: