მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მამუკა ბახტაძემ მთავრობის მიმდინარე ხარჯების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელთან შედარებით მთავრობის მიმდინარე დანახარჯები მშპ-თან მიმართებაში შემცირდა და 24.4% შეადგინა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, მთავრობის მიმდინარე ხარჯები 9 157 მილიონი ლარით იყო დაგეგმილი, რაც 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში მშპ-ის 24.4%-ს შეადგენს. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისმიხედვით მიმდინარე ხარჯებმა 8 742 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 25.7%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები შრომის ანაზღაურების გარდა მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური დახმარებები, სუბსიდიები, გრანტები და სხვა სახის ხარჯები.
გრაფიკი 1:ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-ის მიმართ
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2014-2016 წლებში სახელმწიფოს მიმდინარე ხარჯები მშპ-თან 25.7%-მდე გაიზარდა, 2017 წელს კი კვლავ შემცირდა.
ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მშპ-თან თანაფარდობის შემცირება ნამდვილად დადებითია. რაც უფრო დაბალია მთავრობის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, ეკონომიკაში შექმნილი ღირებულების უფრო მეტი წილი მიემართება კერძო სექტორის საქმიანობის განსავითარებლად. ეს კი, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მინისტრი საუბრობს ცენტრალური მთავრობის საქმიანობაზე გაწეულ დანახარჯებზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში არის მოცემული. ეკონომიკაში მთავრობის ზომის შესაფასებლად, უნდა განვსაზღვროთ მშპ-ის რა ნაწილი მიემართება როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის დასაფინანსებლად, ანუ უნდა გავითვალისწინოთ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები. მთავრობის ზომა მოიცავს, როგორც მიმდინარებს ხარჯებს, ასევე ფინანსურ და არაფინანსურ აქტივების შექმნაზე გაწეულ ხარჯებს. შესაბამისად, ეკონომიკაში მთავრობის ზომის განსაზღვრის მიზნით, უნდა შევაფასოთ, თუ როგორ შეიცვალა ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები (ვალის დაფარვაზე გაწეული დანახარჯის გარეშე) მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.
გრაფიკი 2:მთავრობის ზომა
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო2012-2013
წლებში ეკონომიკაში მთავრობის ზომა მცირდებოდა (გრაფიკი 2), თუმცა 2014 წლიდან 2016 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა და 32.9%-ს მიაღწია. საპროგნოზო მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2018 წელს მთავრობის ზომა 1.2% პუნქტით უნდა შემცირდეს და დაახლოებით 2012 წლის დონეს უნდა დაუბრუნდეს.
დასკვნამიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით მთავრობის მიმდინარე დანახარჯები 9 157 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საპროგნოზო მშპ-ს 24.4%-ია. გასული წლის მონაცემებით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში სახელმწიფო ხარჯების წილი 25.8%-ს შეადგენდა. ასევე, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯების წილი მშპ-სა და ბიუჯეტის მთლიან დანახარჯებშიც.
სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მშპ-თან ფარდობის მთავრობის ზომად მიჩნევა ბოლომდე გამართლებული არ არის. უფრო ფართოდ მიღებული პრაქტიკაა ნაერთი ბიუჯეტის ყველა სახის ხარჯის განხილვა მთავრობის ზომად. გასულ წელთან შედარებით, მთავრობის ზომა, ანუ ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების წილი მშპ-თან მიმართებაში 32.6%-დან 32.9%-მდე გაიზარდა. 2018 წელს კი, 31.7%-მდე შემცირებაა დაგეგმილი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბახტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.