„მოხდა, სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტი. ჩრდილოკავკასიელ სამოქალაქო აქტივისტს მიკაილ კადიევს, რომელიც 4 წლის განმავლობაში ითხოვდა თავშესაფარს საქართველოში, ოთხი წლის განმავლობაში ის იგებდა სასამართლოს (სამი ინსტანცია ჰქონდა მოგებული), უარი ეთქვა თავშესაფარზე და რეალურად ხდება ის, რომ რუსეთში მისი ექსტრადაციის საკითხი დგება“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
დაღესტნელი მიკაილ კადიევი საქართველოში 2011 წლის 7 იანვარს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა და მას შემდეგ თავს საქართველოს აფარებს. კადიევის განცხადებით, დაღესტანში ყოფნისას ის აქტიურად ახორციელებდა უფლებადაცვით საქმიანობას. კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, სწორედ მისი სამოქალაქო აქტივიზმისგამო (დაღესტნის ცენტრალური ხელისუფლების მამხილებელი საქმიანობა, ძალადობრივი რეჟიმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მისი და მისი ოჯახის მიმართ რეპრესიულ ზომებს იყენებდნენ, რამაც კადიევი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. მალხაზ პატარაია აღნიშნავს, რომ სამინისტროს არაერთი დოკუმენტაცია წარედგინა, რაც კადიევის უფლებადაცვის საქმიანობას ადასტურებს, მათ შორის მოწმეთა განცხადებები, დაღესტნის არასამთავრობო ორგანიზაციების წერილები, იმ გაზეთის რედაქტორის წერილი, რომელშიც კადიევის სტატიები იბეჭდებოდა და ა.შ.
ადვოკატის განცხადებით, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, კადიევმა შეიტყო რომ თურმე რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ყოფილა აღძრული, რისთვისაც ძებნაც კი იყო გამოცხადებული. მას 2009 წლის 27 სექტემბერს ხასავიურტის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალიმსულთან ალხამატოვის მკვლელობაედება ბრალად.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული საფუძვლით საქართველოს მთავრობას კადიევის ექსტრადირება უკვე ორჯერ მოსთხოვა. ქართული მხარე ამ დრომდე ექსტრადირებას ვერ ახორციელებდა, რადგან საქართველოს საერთო სასამართლოებში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით საქმის განხილვა მიმდინარეობდა. ამჟამად, აღნიშნული პროცედურა ოფიციალურად უკვე დასრულებულია. სააპელაციო სასამართლომ სხვადასხვა ინსტანციის მიერ 4 წლიანი განხილვების შემდეგ, საბოლოოდ მაინც კანონიერად ცნო თავშესაფრის მინიჭებაზე სამინისტროს უარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსტრადირების შესახებ საქმის განხილვის გაგრძელების და გადაწყვეტილების მიღების წინაღობა აღარ არსებობს.
ამ დრომდე უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო რუსეთისთვის კადიევის გადაცემასთან დაკავშირებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ და სააპელაციო სასამართლომ (პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ საქმის განხილვისას) ფაქტიურად აღიარეს, რომ კადიევის სამშობლოში წამების საფრთხე არ არსებობს, კადიევის ადვოკატი რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილების მომეტებულ საფრთხეს ხედავს.
საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით „კადიევის საქმის“ დეტალებს ქრონოლოგიურად გთავაზობთ.
2012 წლის 13 დეკემბერი - „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კადიევი შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, დაღესტნელ მაგამედ მაგამედოვთან ერთად (მას საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა ედებოდა ბრალად), ბათუმში დააკავეს,თუმცა თბილისში გადმოყვანისას, კადიევმა გაქცევა მოახერხა.
„სანამ თბილისში შემოვიდოდით, მანქანები გააჩერეს. რამდენიმე წუთი გაჩერებული ვიყავით. მერე უცებ ხელებზე ბორკილები დამადეს. როცა ვიკითხე რა მოხდა მეთქი, ქადოევი (იგივე კადიევი) გაიქცაო. როგორ გაიქცა, არ ვიცი. პოლიციელები შეიარაღებულები იყვნენ“ , – აღნიშნავსმაგამედ მაგამედოვი.
კადიევის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
„ქადოევი დაკავებული არ ყოფილა. მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. მას უკანონოდ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. ალბათ საქართველოში იქნება. მეორეს დაკავებას ვადასტურებთ“, - განუცხადაკახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგობიანმა.
მიკაილ კადიევი ადასტურებს მის დაკავებასა და შემდეგში გაქცევის ფაქტს და ვარაუდობს, რომ დაკავების მიზანი, მისი რუსეთისთვის გადაცემა იყო.
„ბათუმში იმიტომ გამიტაცეს, რომ რუსეთისთვის ჩემი ფარული გადაცემა უნდოდათ. ბათუმიდან თბილისში როცა გადმოვყავდი, იმ მიზეზით, რომ ტუალეტი მინდოდა, მანქანა გავაჩერებინე. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ. ტუალეტში გასვლისას გაქცევა მოვახერხე. მათ ფეხში დამჭრეს, მაგრამ მიმალვა შევძელი. იმის მიუხედავად, რომ რეალურად ბათუმში დამაკავეს, მერე აღმოჩნდა, რომ ოქმიც კი არ შეუდგენიათ ჩემი დაკავების შესახებ. ფარულად გადაცემა უნდოდათ და იტყოდნენ, რომ დავიკარგე“ - განაცხადაერთ-ერთ ინტერვიუში მიკაილ კადიევმა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 13 დეკემბერს დაკავებული მაგამედ მაგამედოვი 2013 წლის 14 იანვარს ამნისტიის საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა 2013 წლის 19 აპრილს მოულოდნელად მაგამედოვი გაუჩინარდა. გაუჩინარებიდან 10 თვის შემდეგ, ოჯახმა არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა,რომ მაგამედოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ჰყავდა დაკავებული. თუმცა როგორ მოხვდა მაგამედოვი რუსეთის ტერიტორიაზე უცნობია.
2013 წლის 13 ივნისი - თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კადიევი, მასთან ერთად მცხოვრებ რიზვან ომაროვთან ერთად, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.თუმცა, როგორც მოგვიანებით სასამართლო სხდომიდან გახდა ცნობილი, მათ ბრალად არა ტერორისტული აქტის მომზადება და მცდელობა (როგორც ამას შსს აცხადებდა), არამედ ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედებოდათ.
სახალხო დამცველის მოსაზრებით,შს სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებული განცხადებით, რომლის მიხედვითაც კადიევი ტერაქტის მცდელობისთვის დააკავეს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედებოდა ბრალად, დარღვეულ იქნა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
2013 წლის ივნისი -მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს ხელისუფლებას მიკაილ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.
აღნიშნულ ფაქტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, რომ რუსეთისთვის კადიევის გადაცემა არ დაეშვა.
„საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ არ უნდა მოახდინოს მიკაელ კადიევის ექსტრადიცია, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას და ის გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი“. 2013 წლის ივლისი -მიკაილ კადიევმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისთვის თავშესაფრის სტატუსის მინიჭების შესახებ თხოვნით მიმართა.
2014 წლის 9 იანვარი - რუსეთის პროკურატურამ მიკაილ კადიევის ექსტრადირება უკვე მეორედ მოითხოვა. 2014 წლის 16 იანვარი - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კადიევის მოთხოვნა თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სამინისტროს დასკვნისთანახმად, კადიევის მიერ ზეპირად მიწოდებული ინფორმაცია დაბალი სანდოობის მქონედ შეფასდა და სამინისტრომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მისი როგორც რელიგიური ნიშნით, ასევე საქმიანობის გამო დევნის საშიშორება ვერ დაინახა.
ამასთან, მართალია სამინისტრომ დაადასტურა დაღესტანში მიკერძოეული მართლმსაჯულებისა და ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის არსებობა, თუმცა მიიჩნია, რომ კადიევის შემთხვევაში მსგავსი მოპყრობის საშიშროება არ არსებობდა.
„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში არსებულ სასამართლო სისტემასა და ციხეებში არსებულ პირობებს, სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პრაქტიკაში მოსამართლეები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა უშიშროების სამსახურების გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება მაღალი პროფილის მქონე საქმეებს. რაც შეეხება ციხეებში არსებულ პირობებს, ადგილი აქვს წამებასა და ადამიანის ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ აღნიშნული არ იძლევა მტკიცების საფუძველს, რომ ეს მეთოდები გამოყენებული იქნება კონკრეტულად თქვენს წინააღმდეგ“, -ნათქვამის სამინისტროს დასკვნაში.
მეტი დამაჯერებლობისთვის სამინისტრომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ დადებულ წერილობით პირობაზე გაამახვილა ყურადღება. „ამას ამყარებს 2013 წლის 16 ივლისით დათარიღებული, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის გ.ბ. ლოპატინის დიპლომატიური გარანტია, რომლითაც რუსეთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ თქვენ გექნებათ დაცვის გამოყენების უფლება და არ დაექვემდებარებით წამებას, არაადამიანურ და ადამიანის ღირსების შემლახველ მოპყრობას“. 2014 წლის 27 იანვარი -კადიევმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც მას თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა.
2014 წლის 6 მარტი - ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის კადიევს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,რაც კადიევმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2014 წლის 06 ივნისი - სააპელაციო სასამართლომ მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის მიმართ განაჩენი უცვლელი დატოვა. 2014 წლის 19 ივნისი - თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილაკადიევის სარჩელი თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უარის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რაც კადიევმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2015 წლის 16 იანვარი -იუსტიციის მინისტრმა კადიევის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა და პირობა დადო, რომ კადიევს რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ გადასცემდა.
„საქართველოდან სხვა ქვეყანაში პირის ექსტრადიციაზე ხელს აწერს იუსტიციის მინისტრი. დღემდე მე პირადად დაახლოებით ასეთ 42 ბრძანებაზე მაქვს ხელი მოწერილი. მაგრამ კადიევის ბრძანებას ხელის მოწერას არ ვაპირებ. პროკურატურის პოზიცია იგივეა და ჩვენ ვთვლით რომ კადიევის რუსეთში ექსტრადიცია იქნებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს არ არის ახალი“ - განაცხადაწულიკიანმა.
2015 წლის 23 იანვარი - სააპელაციო სასამართლომ მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სამინისტროს გადაწყვეტილება კადიევისთვის უარის თქმის თაობაზე გააუქმა და სამინისტროს საკითხის ახლიდან განხილვა დაავალა. ლტოლვილთა სამინისტრომ კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2015 წლის 31 ივლისი - უზენაესმა სასამართლომ მიკაილ კადიევის წინააღმდეგ ლტოლვილთა სამინისტროს საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ლტოლვილთა სამინისტროს მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის ხელმორედ დაწყება დაევალა.
2015 წლის 28 დეკემბერი - ლტოლვილთა სამინისტრომ, ახლა უკვე სოზარ სუბარის მინისტრობის პერიოდში, მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსზე უარი მეორედ უთხრა.ლტოლვილთა სამინისტროსგან განსხავავებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია დაიკავა იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც კვლავ ღიად დაადასტურა, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ რუსეთში მოხვედრის შემთხვევაში კადიევი არ დაექვემებარება ღირსების შემლახველ მოპყრობას.
„ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ჩრდილოეთ კავკასიელს თუკი ის რუსეთში მოხვდება, არაფერი დაემართება, მისი ღირსება იქნება შენარჩუნებული და უფლებები დაცული. თუკი სასამართლო იტყვის, რომ კადიევის ექსტრადირება დაუშვებელია იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია, რომ არ მოახდინოს ექსტრადიცია. თუ სასამართლო იტყვის რომ კადიევის ექსტრადიცია დასაშვებია, იუსტიციის მინისტრს შეუძლია გადააბიჯოს ამ გადაწყვეტილებას და მაინც უარი თქვას. როდესაც ვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ ადამინის რუსეთში ექსტრადიცია იმიტომ რომ ჯერ კიდევ 2002 წელს სტრასბურგის სასამართლოს ფარგლებში ვიბრძოდი იმისთვის, რომ ის 8 ჩეჩენი გადაგვერჩინა, რომლებიც ჩუმად იქნენ ნაჩუქარი რუსეთისთვის, ეს რეალურად ის ლოგიკაა, რასაც მივყვები“, - განაცხადათეა წულუკიანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში.
2017 წლის 28 ივლისი - საქალაქო სასამართლომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტლოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსზე უარის შესახებ გააუქმა და სამინისტროს კვლავ საქმის ხელახლა განხილვა დაევალა.აღნიშნული გადაწყვეტილება ლტოლვილთა სამინისტრომ კვლავ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2017 წლის 30 ოქტომბერი -სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სამინისტროს გადაწყვეტილება უარის შესახებ და კადიევს ლტოლვილის სტატუსზე საბოლოოდ ეთქვა უარი. კერძოდ, 2015 წლის ივლისში „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში აღარ შეიძლება.
დასკვნარუსეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი, დაღესტნელი მიკაილ კადიევი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2013 წლიდან მოყოლებული სთხოვს თავშესაფარს, რადგან მისი განცხადებით რუსეთისთვის მისი გადაცემის შემთხვევაში მას წამება ან უარეს შემთხვევაში სიკვდილი ელოდება. ლტოლვილთა სამინისტრო ოთხი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ დაღესტანში კადიევის წამების საფრთხე არ არსებობს.
ამ პერიდოში, სულ 5 სასამართლო დავა გაიმართა (პირველ და მეორე ინსტანციაში ორ-ორჯერ და, ასევე, საქმე უზენაესმა სასამართლომაც განიხილა). აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომაც კი დაადგინა, რომ სამინისტროს მიერ არ იქნა გამოკვლეული ყველა არსებითი გარემოება და საჭირო იყო საქმის ხელახლა განხილვა და სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. მართალია სამინისტრომ სასამართლოს მითითებით თავიდან განიხილა კადიევის საქმე, თუმცა კადიევის მოთხოვნა არც ამ შემთხვევაში დააკმაყოფილა, რაც კვლავ სასამართლოს განხილვის საგანი გახდა. საქალაქო სასამართლომ კვლავ გააუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება, თუმცა საბოლოოდ 4 წლიან პროცესს, წერტილი სააპელაციო სასამართლომ დაუსვა, რომელმაც ძალაში დატოვა სამინისტროს გადაწყვეტილება კადიევისთვის უარის თქმის შესახებ.
ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით 4 წლიანი პროცესის პერიოდში, რუსეთმა კადიევის გადაცემა ორჯერ მოითხოვა. ექსტრადირების პროცედურების წარმართვას ხელს სწორედ ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული დავა უშლიდა, რომლის პირობებშიც საექსტრადიციო პროცედურები შეჩერებული იყო. შესაბამისად, მას შემდეგ რაც კადიევს სახელმწიფომ საბოლოოდ უთხრა უარი ლტოლვილის სტატუსზე, საექსტრადიციო პროცედურები უნდა განახლდეს.
აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანია იუსტიციის მინისტრის პოზიცია და მისი საჯარო დაპირებები რუსეთისვის კადიევის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ. ვინაიდან, გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის.
ფაქტ-მეტრი არ შედის იმის განხილვაში თუ რამდენად კანონიერი იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები, ამასთან ვერც იმას დავადასტურებთ ან უარვყოფთ მიკაილ კადიევი მართლაც იყო თუ არა სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი და შესაბამისად ამ მიზეზით დევნილი, რადგან ჩვენ მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ვეყრდნობით, რაც არ არის საკმარისი აღნიშნული დასკვნების გამოსატანად. შესაბამისად, დეპუტატის განცხადებასაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ვაფასებთ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის სიმართლე.