„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა: „მოგეხსენებათ, მთავრობამ შარშან გამოაცხადა ლარიზაციის პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს აუკრძალა გარკვეული სესხების დოლარში აღება და მოუწოდა, მეტად ენდონ ეროვნულ ვალუტას. ამასთან, ლარში ანაბარზე უფრო მეტი საპროცენტო სარგებელია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. საინტერესოა, რომ ამ დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირადი დეპოზიტებიდან დოლარის წილი სამჯერ აღემატება ლარს. ანუ თვითონ არ გაალარა დოლარის ანაბრები, როგორც ჩანს, დოლარს ლარზე მეტად ენდობა“.
ფაქტ-მეტრმა ოთარ კახიძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2016 წელს საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, სესხების ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც ძალაში 2017 წლის იანვრიდან შევიდა. ლარიზაციის გეგმა მიზნად ისახავდა მოსახლეობის და საფინანსო სექტორის დოლარზე და სხვა უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას. ცვლილებები გულისხმობდა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გალარებას. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 100 ათას ლარამდე და 2018 წლის იანვრიდან 200 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემოდა. ასევე, ნებისმიერი საქონლის (მათ შორის უძრავი ქონების) ან მომსახურების ფასის განსაზღვრა/გამოცხადება უცხოურ ვალუტაში აიკრძალა (სხვა ღონისძიებები იხილეთ ლარიზაციის 10 პუნქტიან გეგმაში).
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2016 წელს აცხადებდა, რომ „საჭიროა, ეროვნული ვალუტის მიმართ გაღრმავდეს ნდობა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. ეს არის დედოლარიზაციის – ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა“.
კობა გვენეტაძის დეკლარაციიდან, რომელიც 2017 წლის მაისში აქვს შევსებული, ირკვევა, რომ მისი დეპოზიტების უმეტესი წილი დოლარშია. ჯამში ლარის საბანკო ანაგარშებზე 184 372 ლარი, ხოლო დოლარის ანაგარიშებზე 716 162 დოლარი აქვს. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კრედიტიც (საკრედიტო ბარათი) დოლარში აქვს აღებული. ასევე, ის ნაღდ ფულსაც უცხოურ ვალუტაში ინახავს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კობა გვენეტაძემ დაახლოებით 21 000 ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები შეიძინა, რაც გარკვეულწილად ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობაზე მიუთითებს. თუმცა, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების გათვალისწინებითაც, მას დეპოზიტების უდიდესი წილი დოლარში აქვს.
გრაფიკი 1: კობა გვენეტაძის ფულადი ქონება 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით
ეროვნულ ვალუტაში | უცხოურ ვალუტაში | |
დეპოზიტი | 184 372 GEL | 716 162 USD |
საკრედიტო ანგარიში | 47 918 USD | |
ნაღდი ფული | 3 600 USD 660 EUR |
დასკვნა მთავრობის წევრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გასულ წელს აქტიურად საუბრობდნენ ერონული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდის აუცილებლობაზე. რასაც მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ლარიზაციის გეგმით/ღონისძიებებით აპირებდა. 2017 წლის მაისში შევსებული დეკლარაციიდან ჩანს, რომ თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ფულადი ქონება უმეტესად დოლარში აქვს. კობა გვენეტაძის ლარის ანაგარიშებზე ჯამში 184 372 ლარი ირიცხება, მის საკუთრებაშია 21 000 ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციებიც, დოლარის ანგარიშებზე კი 716 162 დოლარი ირიცხება. მისი საკრედიტო ანგარიშებიც დოლარშია გახსნილი და დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც უცხოურ ვალუტაში ჰქონდა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.