ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: იუნისეფის მონაცემებით, 2013 წელს 39% იყო იმ ოჯახების წილი, რომელსაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ჰქონდა, 2015 წელს, მაშინ როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამი წლის ამოქმედებული იყო, ეს მაჩვენებელი 44%-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ჯანდაცვის ხარჯები, ინფლაციის გათვალისწინებით, 31%-ით გაიზარდა. ასევე, იმ ოჯახების წილი, რომელსაც ფინანსურად კატასტროფული ხარჯები ქონდა 23%-დან 30%-მდე გაიზარდა“.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება გადაამოწმა.
იუნისეფი “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას” ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. ბოლო კვლევა 2016წელს გამოქვეყნდა, სადაც 2015 წლის მაჩვენებლები 2013 წლის მაჩვენებლებთანაა შედარებული. კვლევამ აჩვენა, რომ ამ პერიოდში ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები გაიზარდა.
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას შემდეგი მიმართულებებით აანალიზებს: ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები; ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული ხარჯები; ჯანმრთელობის დაზღვევის გავრცელება; ჯანდაცვის მომსახურების მიღების ბარიერები და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების გამაღარიბებელი ეფექტი.
კვლევის თანახმად, 2015 წელს, 2013 წელთან შედარებით, 39.7%-დან 44.1%-მდე გაიზარდა იმ ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდებოდა.
2015წელს, 2013 წელთან შედარებით, ჯანდაცვის საშუალო ხარჯები, ინფლაციის გათვალისწინებით, 31%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ოჯახების მთლიან დანახარჯებში ჯანდაცვის ხარჯების წილი 7%-დან 8.1%-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის ხარჯების ზრდა ძირითადად მედიკამენტების ფასების ზრდას უკავშირდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტი 2017 წელს გაჩნდა და მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს (ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს) შეეხო.
2015წელს, 2013 წელთან შედარებით, იმ ოჯახების რიცხვი, რომლებისთვისაც უმთავრეს პრობლემას სამედიცინო სერვისების საფასურის გადახდა წარმოადგენდა, ორჯერ შემცირდა (11.6%-და 5.7%-მდე). ამავე პერიოდში, 18.4%-დან 26.4%-მდე გაიზარდა იმ შინამეურნეობების რიცხვი, ვისაც მედიკამენტების შეძენა უჭირს.
ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი იმ შემთხვევაში ითვლება კატასტროფულად, თუ ის ოჯახის მთლიანი მოხმარების 10%-ს ან მეტს წარმოადგენს. 2013 წელს ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯი ჰქონდა შინამეურნეობების 23%-ს. ეს მაჩვენბელი 2015 წელს 29.8%-მდე გაიზარდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ქვეყნის ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვისაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ ჰქონდა. თუმცა, იუნისეფის 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 7%-მა არ იცოდა, რომ ჩართული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურების უმთავრესი ბარიერი მისი საფასურია. 2013 წელს ოჯახების 38.4%-ში, მინიმუმ ერთ წევრს მაინც დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მაგრამ ოჯახს არ შეეძლო მომსახურების საფასურის გადახდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 43.1%-მდე გაიზარდა.
იუნისეფის კვლევაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს აქვს გამაღარიბებელი ეფექტი. ამის საილუსტრაციოდ, ნაჩვენებია ჯანდაცვის ხარჯების გამოკლების შემდეგ, თუ როგორ შეიცვლებოდა უკიდურესი, ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელები. „2015 წელს ფარდობით და ზოგად ზღვრებთან მიმართებაში ეფექტი კიდევ უფრო დიდია, ვიდრე 2013 წელს, რაც მიგვანიშნებს, რომ ჯანდაცვის ხარჯების გამო კიდევ უფრო მეტი შინამეურნეობა (ოჯახი) აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა“, - ნათქვამია კვლევაში.
დასკვნა
ზურაბ ჭიაბერაშვილი იუნისეფის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ეყრდნობა. აღნიშნული კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო კვლევაში, 2015 წლის მაჩვენებლები 2013 წლის მაჩვენებლებთანაა შედარებული. მასში ნაწილობრივ ასახულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტი. 2017 წლის კვლევა მომავალი წლის დასაწყისში გამოქვეყნდება, სადაც უფრო სრულად იქნება ასახული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შედეგები და ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.
კვლევის თანახმად, 2015 წელს 2013 წელთან შედარებით, ჯანდაცვის საშუალო ხარჯები, ინფლაციის გათვალისწინებით, 31%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
2015წელს 2013 წელთან შედარებით, 39.7%-დან 44.1%-მდე გაიზარდა იმ ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ჰქონდა. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უმთავრესი ბარიერი ფინანსებია.
2015წელს იმ ოჯახების რაოდენობა, ვისაც ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯები ჰქონდა, 23%-დან 29.8%-დე გაიზარდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიმართლე.