ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპის ასოციაციის ოთხ (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია), დსთ-ის რვა სახელმწიფოსთან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) და თურქეთთან აქვს გაფორმებული. აქედან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) 2014 წელს გაფორმდა. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყანამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (FTA) ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ მიმდინარე წლის მაისში მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების შედეგად, საქართველო გახდა მე-11 ქვეყანა,რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება.
ევროკავშირი და ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. საქსტატის მონაცემებით,მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირთან და ჩინეთთან განხორციელებულმა სავაჭრო ბრუნვამ (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი), შესაბამისად, 2.3 მლრდ და 728 მლნ დოლარი შეადგინა. ქვეყანათა ჯგუფში ევროკავშირი დსთ-ის შემდეგ სიდიდით მეორე, ხოლო ჩინეთი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ სიდიდით მესამე სავაჭრო მოკავშირეა.
ცხრილი 1:
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში (ათასი დოლარი)
ექსპორტი | იმპორტი | ბრუნვა | |
დსთ-ის ქვეყნები | 911,450.5 | 1,872,416.9 | 2,783,867.4 |
ევროკავშირის ქვეყნები | 531,057.0 | 1,793,171.4 | 2,324,228.4 |
თურქეთი | 182,690.5 | 1,097,416.6 | 1,280,107.2 |
რუსეთი | 314,047.1 | 615,599.5 | 929,646.6 |
ჩინეთი | 184,496.7 | 543,488.2 | 727,984.9 |
ევროკავშირი საქართველოს რეგიონში შემავალ ქვეყნებთან, თურქეთისა და საქართველოს გამოკლებით, სავაჭრო ურთიერთობებს 1999 წელს მიღებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით არეგულირებს. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირს 1995 წელს მიღებული ხელშეკრულებით აქვს განმტკიცებული, რომელიც ზემოხსენებულზე მეტად ღრმა პირობებს ითვალისწინებს, თუმცა არ ატარებს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხასიათს. რუსეთსა და ევროკავშირს შორის კი ყირიმის ანექსირების შემდეგ ორმხრივი სავაჭრო სანქციები მოქმედებს (ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა).
საქართველოს რეგიონში ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არც ერთ სხვა ქვეყანასთან არ აქვს გაფორმებული. მსგავსი ფორმატით მოსარგებლე დანარჩენი ქვეყნები კი ან დასავლეთ ევროპის განვითარებულ ნაწილში, ან შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობენ და საქართველოსთან რეგიონული თანაკვეთა არ გააჩნიათ.
დასკვნა
საქართველოს რეგიონის ნებისმიერი დეფინიციის პირობებში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთანაც აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები. საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არც ერთ დასახელებულ მხარესთან გაფორმებული არ აქვთ, ხოლო ცენტრალური აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნები ამგვარი ფორმატით ჩინეთთან არ აწარმოებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.[1] მნიშვნელოვანია მკაფიოდ განიმარტოს საქართველოს რეგიონის ცნება. ტერმინის ვიწრო გააზრებით, საქართველოს რეგიონში მხოლოდ მეზობელი ქვეყნები (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთიანდებიან. თუმცა, საქართველოს დასავლური მისწრაფებებიდან გამომდინარე, მეტად რელევანტურად უნდა ჩაითვალოს მსოფლიო ბანკის რეგიონული დაყოფა, რომელშიც საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყანათა ჯგუფში (სულ 24 სახელმწიფო) ერთიანდება.