რომ მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა, ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, შემოსავლებმა იკლო. მისივე თქმით, მიმდინარე წლის 20 მაისიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში ბაღში ვიზიტორებისაგან 20 ათასამდე ლარია შესული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 22 ათასი ლარი, რაც დირექტორმა მექორწილე ჯგუფების რაოდენობის კლებით ახსნა.
„თუ გასულ წელს ბოტანიკური ბაღის ვიზიტორების რაოდენობა, საშუალო, თვეში დაახლოებით 1 000-მდე იყო, წელს იმავე პერიოდში 2 500-ია. შიში იმის შესახებ, რომ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება მოქალაქეებისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნებოდა, არ გამართლდა. თუმცა, ამით არც ეკონომიკური ეფექტი მიგვიღია, მაგრამ ამაზე არც იყო გათვლილი“, – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის განცხადება 2016 წელს და 2017 წლის 20 მაისიდან 1 ნოემბრამდე პერიოდს ეხებოდა. ვინაიდან, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბაღში შესვლა ფასიანი სწორედ მიმდინარე წლის 20 მაისიდან გახდა.
როგორც გაირკვა, ბოტანიკური ბაღის მონახულება 2017 წლის 20 მაისამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იყო. ბაღის დათვალიერების საფასური, თავად ბაღის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის მაისში მიღებული ბრძანების თანახმად,მხოლოდ უცხოელებისთვის იყო დაწესებული და 5 ლარს შეადგენდა.
გარდა ამისა, ბაღი ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, მაგ.: ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის, გიდის მომსახურებისთვის, საქორწილო ცერემონიალის ორგანიზებისთვის, კონცერტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მომსახურებისთვის და სხვა. მსგავსი მომსახურების საფასური ჯგუფის წევრთა რაოდენობისა და ღონისძიების შინაარსის მიხედვით იანგარიშებოდა, ხოლო მათი აკრეფის კონტროლი ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილეებს ევალებოდათ.
ქუთაისის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისი ბრძანების შემდეგ კი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერებისა და მომსახურებისთვის შემდეგი ტარიფები დაწესდა:- ფოტო-ვიდეო გადაღებები 2 საათის ხანგრძლივობით – 50 ლარი;
- ფოტო-ვიდეო გადაღება და მომსახურება სხვადასხვა ცერემონიალის ჩატარებისათვის (ხელისმოწერა, ჯვრისწერა, დაბადების დღე) – 100 ლარი;
- ინდივიდუალურად ბაღში შემომსვლელთათვის – 1 ლარი.
ტარიფის ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ დაფიქსირებული ვიზიტორებისა და მათგან მიღებული თანხების მონაცემები შემდეგნაირია:
ცხრილი 1: 2016
და 2017 წლების 20 მაისიდან 1 ნოემბრამდე ბაღში დაფიქსირებული ვიზიტორებისა და მათგან მიღებული თანხები
თარიღი(20.10–30.10) | ქორწილი | ჯგუფი | უცხოელი ტურისტი | ვიზიტორთა საერთო რაოდნეობა | თანხა სულ (ლარი) |
2016 | 199 | 168 | 777 | - | 18 318 |
2017 | 87 | - | - | 23 970 | 28 320 |
მართალია, ბოტანიკური ბაღიდან ჯგუფების მონაცემები (რამდენმა ჯგუფმა რა თანხა გადაიხადა ბაღის დათვალიერებისას) ჩაშლილადაც მოგვაწოდეს, მაგრამ იმის დადგენა, ზუსტად რამდენი ინდივიდუალური ვიზიტორი სტუმრობდა გასულ წელს ბაღს, ამ რიცხვებითაც არ არის შესაძლებელი.
2017წელს კი, როგორც ცხრილიდან ჩანს, ბაღში 23 970 ვიზიტორი დაფიქსირდა, საერთო ჯამში, საქორწილო მომსახურებისა და ინდივიდუალური ვიზიტორებისგან 28 320 ლარის შემოსავალი მიიღეს. განსხვავებით გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან, როცა 18 318 ლარი შემოვიდა (10 ათასი ლარით ნაკლები). ასევე შესამჩნევია, რომ მითითებულ პერიოდში თითქმის განახევრდა ბაღში შესული საქორწილო ჯგუფების რაოდენობა.
დასკვნა
მიმდინარე წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში ა(ა)იპ ქ. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს თვეში, საშუალოდ, 4 294 ვიზიტორი სტუმრობდა. იმის გამო, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურების საფასურის გადახდის განსხვავებული წესი და ტარიფები მოქმედებდა, შეუძლებელია ინდივიდუალურ დამთვალიერებელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა და, შესაბამისად, ინდივიდუალურ ვიზიტორთა საშუალო თვიური რაოდენობის გამოთვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღში მექორწილეთა ჯგუფების რაოდენობა განახევრდა, შემოსავალმა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც მომსახურება ყველასთვის (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) ფასიანი გახდა, 10 ათასი ლარით მოიმატა.
ვინაიდან ბოტანიკური ბაღის დირექტორის განცხადება და მის მიერვე მოწოდებული ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის გასული და მიმდინარე წლების ანალოგიური პერიოდის შემოსავლებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია, ფაქტ-მეტრი სტატიას უვერდიქტოდ ტოვებს.