22 ნოემბრის სპეცოპერაციიდან, რომელმაც ქვეყანას ტერორიზმის რეალურობის შეგრძნება გაუღვივა, კვირაზე მეტი გავიდა, მის ირგვლივ არსებული ძირითადი კითხვები კი კვლავ პასუხგაუცემელია. სპეცოპერაციას, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი - ივანე გოლაშვილი ემსხვერპლა, ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი, ხოლო სამი მათგანი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მედიასაშუალებებმა ინფორმაცია 22 ნოემბერს, შუაღამისას გაავრცელეს. რამდენიმე საათში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა,

რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. ამ მომენტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, საზოგადოებას სპეცოპერაციის ახალი დეტალების შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ჰქონდა. სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებმა სპეცოპერაციის დასრულებამდე, ფაქტობრივად, დუმილი ამჯობინეს. შედეგად, გაჩნდა შიში, რამდენად აკონტროლებდა ხელისუფლება მიმდინარე პროცესებს. გარდა ამისა, შესაბამისი კომუნიკაციის ნაკლებობამ გააჩინა მეტი სივრცე სპეკულაციებისთვის, რისი გამოყენებაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს სათავისოდ და ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ შეეძლო.

რამდენად სწორი იყო ხელისუფლების დუმილი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას? ამ კითხვაზე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს შემდეგი პასუხები ჰქონდათ:

სოზარ სუბარი:

„მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდეს დეტალების ლაპარაკი, როგორ მიმდინარეობს სპეცოპერაცია. მოსახლეობას არ ემუქრება საფრთხე და ამ მიზნით კეთდება ყველაფერი. არც ერთ მეტ კითხვაზე არ იქნება პასუხი გაცემული იმ ზომაზე მეტად, რასაც შესაბამისი სამსახურები ჩათვლიან საჭიროდ“.

არჩილ თალაკვაძე:

„სად ნახეთ, რომ ყოველ 15 წუთში ტერორისტების სახელებს, გვარებს, ვისთან აქვთ კავშირები, ოპერაციის მიმდინარეობისას ვინმეს აწვდიდა უსაფრთხოების სამსახური? ... ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს და თითქოს ეს ყველაფერი ცარიელ ადგილას მოხდა, რა საფრთხე იყო, რატომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მიაწოდეს და ა.შ. მეტი რა ინფორმაცია უნდა ჰქონოდა დღეს საზოგადოებას, პირდაპირ ეთერში გადასცემდით სპეცოპერაციას. ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც უნდა გქონოდათ მედიას და საზოგადოებას ჰქონდა“.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა

კი განაცხადა: „დღეს, ვისაც არ ეზარება, ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე, მე მგონია, ასეთ სიტუაციებში ცოტა მეტად ღირსეულად უნდ მოვიქცეთ ხოლმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დავასრულოთ ეს სპეკულაციები და მადლობა გადავუხადოთ ამ ბიჭებს“.

თუმცა, იქნებ პრემიერის მიერ აღნიშნული „სპეკულაციები“ ზუსტად სახელმწიფო უწყებების დუმილის ბრალი იყო? და როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „პირდაპირ ეთერში სპეცოპერაციის გადაცემა“ მხოლოდ ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების თვითრეგულირების იმედად, არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა.

იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ამ პროცესების გაშუქებისას სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან გარკვეული შეცდომები მართლაც იქნა დაშვებული. ამის შესახებ არაერთი მოსაზრება გამოითქვა და აღინიშნა,

რომ ბევრმა მათგანმა ვერ დაიცვა ბალანსი თემის გაშუქებისას. მაგრამ, ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ამა თუ იმ მედიასაშუალებას, თუ როგორ გააშუქოს ახალი ამბავი. აქ უფრო მნიშვნელოვანია, სად იყვნენ ამ დროს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ადგილზე სიტუაცია (მათ შორის მედიის წვდომა გარკვეულ ადგილებთან) უნდა ემართათ და დუმილის ნაცვლად ისეთი სტრატეგიული მესიჯები უნდა გაევრცელებინათ, რაც დაძაბულ სიტუაციას მეტ-ნაკლებად განმუხტავდა. შესაბამისი უწყებების და თანამდებობის პირების მხრიდან თითქმის საერთოდ არ იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ამ დროს კი, საზოგადოებას მიეწოდებოდა სხვადასხვა არაოფიციალური ვერსია.

მსგავს კრიზისულ სიტუაციებში განვითარებული ქვეყნების შესაბამისი უწყებები განსხვავებულად იქცევიან. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ მიმდინარე წლის აგვისტოში ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტი და ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომლის მიმდინარეობისას პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებდნენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ტერორისტების ვინაობის, მათი რაოდენობის, ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების, ოპერაციის შედეგად დაკავებულთა და ლიკვიდირებულთა პერსონალური მონაცემების შესახებ. ასევე, სპეცოპერაციის დროს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო, თუ რომელ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ჰქონდა პოლიციას საქმე (იხ. ბმული 1; ბმული 2). იგივე შეიძლება ითქვას 2015 წლის პარიზის ტერაქტისა და ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებაც (იხ. ბმული 1; ბმული 2).

ამდენად, ქართული სამართალდამცავი უწყებების და ოფიციალური პირების დუმილი სწორ მიდგომად ვერ შეფასდება.

სწორედ ზემოაღნიშნული იყო საკითხი, რის გამოც ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკეს. მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით (

სადაც მან ხელისუფლებას მიმართა), „მოსახლეობა იმსახურებს, უთხრათ, რა ალაგმეთ, სახელმწიფომ რა არ დაუშვა, ტერაქტი ალაგმეთ? შეიარაღებული დაჯგუფება ალაგმეთ?... ეს რაიმე პროცესის პირველი სერიაა თუ ამით დამთავრდა ყველაფერი. მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი გაქვთ გასაცემი, ეს არის. თუ დღეს დამთავრდა ყველაფერი, ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ცხოვრება განვაგრძოთ, თუ ეს არის რაღაცის პირველი სერია, თქვენ მოსახლეობას უნდა მოუყვეთ უსაფრთხოების ზომებზე, ხვალ როგორ უნდა მოიქცნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში როგორ უნდა იყვნენ. მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენ დღეს გააჩინეთ, არის ამ კითხვაზე პასუხის არარსებობა. თქვენ გააჩინეთ უზარმაზარი სივრცე სპეკულაციებისთვის და ისეთმა ადამიანებმა, რომელთაც პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ, დღეს ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ“.

საქართველოს მოქალაქეებს ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით 22 ნოემბერსაც ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ და ეს ტენდენცია არც შემდგომ შეცვლილა - ოფიციალური ინფორმაციის ნაცვლად, ამ საქმის შესახებ სიახლეები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან ვრცელდება, რომლებსაც, შეიძლება ითქვას, მოგვიანებით ხელისუფლება ადასტურებს. ამდენად, ხელისუფლება ისევ მიყვება საკუთარი მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის დამალვის მცდარ გზას.

ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი შემდეგი საკითხები: ვინ იყვნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები (ვიცით მხოლოდ ერთი პირი - საედი დუდაევი)? რა მიზნით იმყოფებოდნენ საქართველოში? რომელი დაჯგუფების წევრები იყვნენ? აპირებდნენ თუ არა საქართველოში ტერორისტული აქტის მოწყობას? რა გზით შემოვიდნენ ქვეყანაში? როდის შემოვიდნენ? საიდან ჰქონდათ შეიარაღება? რამდენად დაცულია მოქალაქეების უსაფრთხოება ამჟამად? არის თუ არა ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი ახმედ ჩატაევი (

რომელიც 2012 წელს ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის დააკავეს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, 2013 წლის 13 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა. 2016 წელს ჩატაევი ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში სავარაუდო ბრალდებულად დასახელდა).

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას პოლიციას დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი გაექცა, თუმცა, ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ უარყვიათ. ჯერჯერობით, ერთადერთი, ვინც ეს ინფორმაცია უარყო, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია. სუს-ში კი ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. ბუნებრივია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კითხვას პასუხი ერთ ან ორ დღეში ვერ გაეცემა, თუმცა, შედარებით მარტივ კითხვებზე ოფიციალური ინფორმაციის არ არსებობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და რჩება განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერც გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ისარგებლებენ უფლებით - იცოდნენ სიმართლე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე (ბუნებრივია, არ იგულისხმება სახელმწიფო საიდუმლოება), რომელიც მათ უსაფრთხოებას ეხება, და თუ აღნიშნული არ გვეცოდინება, მომავალი საფრთხეების მიმართ არც ხელისუფლება იქნება მზად და არც საზოგადოება.