პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა: „თქვენ [მთავრობა] კვლავ არათანმიმდევრულად ხარჯავთ ბიუჯეტს. ორ თვეში თქვენ უნდა დახარჯოთ 2.3 მილიარდი ლარი, როცა საშუალო თვიური ხარჯვა იყო 800-900 მილიონი ლარი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, გადასახდელების (მთლიანი ხარჯების) გეგმიური მაჩვენებელი 11 415 მლნ ლარითაა განსაზღვრული. 9 თვის მონაცემებით, ფაქტიურმა გადახდებმა 8 168.4 ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 95.94%-ია.
20 ნოემბერს ხაზინამ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 10 თვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა,რომლის მიხედვითაც გაწეული გადასახდელების მაჩვენებელი 9 121 მლნ ლარია. ამდენად, გეგმის მიხედვით, ნოემბერ-დეკემბერში საშუალოდ 1 147 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს, რაც გასული თვეების საშუალო მაჩვენებელთან (907.6) შედარებით მაღალია.
ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის ხარჯვა პერიოდებზე აბსოლუტურად თანაბარი გადანაწილებით პრაქტიკულად შეუძლებელია და როგორც წესი ამ მხრივ შედარებით დატვირთულია საანგარიშო პერიოდის ბოლო თვეები.
ცხრილი 1:
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები, მლნ ლარი
პერიოდი | 9 თვე | 9 თვის მაჩვენებლის ფარდობა წლიურთან | ||
გეგმა | ფაქტი | შესრულება | გეგმა | |
2017 | 8,514 | 8,168 | 95.94% | 74.59% |
2016 | 7,630 | 7,341 | 96.21% | 74.09% |
2015 | 7,208 | 6,912 | 95.88% | 74.93% |
2014 | 6,748 | 6,183 | 91.63% | 74.31% |
2013 | 5,474 | 5,327 | 97.30% | 62.57% |
2012 | 6,330 | 5,674 | 89.64% | 78.23% |
2011 | 5,092 | 5,023 | 98.64% | 67.27% |
2010 | 4,975 | 4,832 | 97.12% | 70.21% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2010-2013 წლების მანძილზე 9 თვის გეგმიური მაჩვენებელი საშუალოდ წლიური გეგმის 69.6%-ის ნიშნულზეა. 2014 წლიდან მოყოლებული კი 9 თვის გეგმა მუდმივად 74%-იან ნიშნულზე მაღალია, რაც საბიუჯეტო სახსრების მეტად თანაბარი ხარჯვისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე მიუთითებს. გაუმჯობესების ტენდენცია აქვს ანალოგიურ მონაცემს ფაქტიური შესრულების შემთხვევაშიც. ცალკე აღებული 2017 წლის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი (74.6%) საკმარისად მაღალია, კვარტალური გეგმიდან ჩამორჩენის არ არსებობის პირობებში კი ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვაზე მითითება უსაფუძვლო მტკიცებაა. აღსანიშნავია, რომ საკმარისად მაღალია თავისთავად კვარტალური გეგმის შესრულების მაჩვენებელიც. ერთი შეხედვით აღნიშნული მონაცემი ნაკლებია ისტორიულად დაფიქსირებულ მაჩვენებლებზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2013 წლის ჩათვლით ფინანსთა სამინისტრო ახორციელებდა კვარტალური გეგმების კორექტირებას ფაქტობრივი შესრულების ტენდენციიდან გამომდინარე, რაც შესრულების მაჩვენებლის ხელოვნურად აწევის შესაძლებლობას იძლეოდა, 2014 წლიდან მოცემული პრაქტიკა არ შეიმჩნევა.
განახლებული ინფორმაცია (08.12.2017)რომან გოცირიძის განცხადების და ფაქტ-მეტრის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებამ 2017 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც გადასახდელების გეგმა 305 მლნ ლარით გაიზარდა. 5 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებული გადასახდელების ჯამი 10 067 მლნ ლარია, ანუ გეგმის შესასრულებლად წლის ბოლომდე 1 654 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. აღნიშნული თანხა 1.8-ჯერ მეტია, ვიდრე იანვარ-ოქტომბრის საშუალო თვიური ხარჯი.
აღნიშნულ ცვლილებაზე მთავრობის პოზიციაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლომდე მიეწოდება ეს თანხა მხარჯავ დაწესებულებებს, 2017 წელს ამ თანხის დახარჯვა არ მოხდება და რეალურად დაიხარჯება 2018 წელს.
თუმცა, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების გამოკლებითაც წლის ბოლომდე საკმაოდ მაღალი მოცულობის (1 348 მლნ) თანხაა დასახარჯი, რაც არასასურველი პრაქტიკაა და საფრთხეს უქმნის ფასების დონეს და ლარის გაცვლით კურსს.
დასკვნა
რომან გოცირიძე რიცხვებს ფაქტობრივად სწორად ასახელებს, ნოემბერ-დეკემბერში დასახარჯი თანხა 2.3 მილიარდი ლარია, ხოლო წინა თვეებში ხარჯვა საშუალოდ 912 მლნ ლარი იყო. თუმცა, ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების დროში აბსოლუტურად თანაბრად გადანაწილება პრაქტიკულად შეუძლებელია, გადახდების შედარებით მაღალი წილის კონცენტრირება პერიოდის ბოლოს კი ჩვეულებრივი მოვლენაა.
2017წლის 9 თვის გადასახდელების გეგმის წილი წლიურ მაჩვენებელთან მიმართებით 74.6%-ს შეადგენს, რაც ისტორიული ტენდენციის გათვალისწინებით მისაღები მაჩვენებელია. საკმარისად მაღალია მოცემული გეგმის შესრულების მაჩვენებელიც (96%), შესაბამისად, იმ დროისთვის როცა რომან გოცირიძემ განცხადება გააკეთა, ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვაზე აპელირება საფუძველს მოკლებული იყო, თუ დროის დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის გადასახდელები არ გაიზრდებოდა.
თუმცა, დეკემბრის დასაწყისში 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის გადასახდელები 305 მლნ ლარით გაიზარდა. ამ ცვლილების გათვალისწინებით 6-31 დეკემბრის პერიოდში 1 654 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს, რაც წინა თვეების საშუალო ხარჯს 1.8-ჯერ აღემატება, რაც ფასების დონის მატებისა და ლარის გაუფასურების ალბათობას ზრდის.
ამდენად, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი რომან გოცირიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშეტოვებს.
რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის პირველადი ვერსია მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა. იმ პერიოდის მონაცემებით, ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვის ტენდენცია ნაკლებად შესამჩნევი იყო. თუმცა, დეკემბრის დასაწყისში 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის გადასახდელები 305 მლნ ლარით გაიზარდა. ამ ცვლილების გათვალისწინებით 6-31 დეკემბრის პერიოდში 1 654 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს, რაც წინა თვეების საშუალო ხარჯს 1.8-ჯერ აღემატება, რაც ფასების დონის მატებისა და ლარის გაუფასურების ალბათობას ზრდის. შესაბამისად, სტატია განახლდა, შეიცვალა მისი ვერდიქტიც და რომან გოცირიძის განცხადება მეტწილად მცდარის ნაცვლად, ვერდიქტის გარეშე რჩება.