სამოქალაქო საზოგადოების ლექსიკაში ხშირად ვხვდებით ტერმინს „რუსული პროპაგანდა“.  საზოგადოების ერთი ნაწილი მას სერიოზულ საფრთხედ აფასებს, ზოგისთვის კი ის გარკვეული ჯგუფების მიერ თავსმოხვეული არარსებული რეალობაა. მიუხედავად დაყოფილი აზრისა, ფაქტია, რომ რუსული პროპაგანდა მხოლოდ ქართული სამოქალაქო სექტორის „შიში“ არ არის და მისი დადასტურება არაერთი ქართული თუ მსოფლიო პრაქტიკით არის შესაძლებელი. მაგალითად, მის შესახებ 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის ასიგნებების აქტში პირდაპირ ჩაიწერა (გვ. 1 418). საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი ვლადიმერ პუტინის წინაშე განაცხადა, რომ რუსული პროპაგანდა ევროპის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. ევროპარლამენტის სტრატეგიულ დოკუმენტებშიც აისახა  პროპაგანდის და რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული ომის საფრთხეების შესახებ. ბრიტანეთის პრემიე-მინისტრმა, ტერეზა მეიმ პირდაპირ მიმართა რუსეთს და უთხრა, რომ მისი მოქმედებები ცვლის საერთაშორისო წესრიგს და რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა. ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაცია კარგად ახერხებს ხისტი და რბილი ძალის ურთიერთმონაცვლეობას

და ჰიბრიდული ომის წარმოებას.

ისევე, როგორც მთელ ევროპაში, საქართველოშიც აქტიურად მოქმედებენ რუსული გავლენის აგენტები. მათ ხელში საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი აქვთ - ყალბი

ახალი ამბავი, როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაცია/ტყუილი, რომელიც ინფორმაციის წყაროს პოპულარიზაციას და პრორუსული ჯგუფების მიერ რუსული პოლიტიკის გატარებას ისახავს მიზნად. ჩვეულებრივ, ყალბი ახალი ამბავი დასავლეთის დისკრედიტაციას ემსახურება და ცდილობს რუსეთს „გარყვნილი“ ევროპისგან „მხსნელის“ იმიჯი შეუქმნას.

ფაქტ-მეტრი აქტიურად ებრძვის

ყალბი ახალი ამბებით გადავსებულ საინფორმაციო ველს მათი აღმოჩენითა და სანდო წყაროების დაპირისპირების გზით.

ჩვენი დაკვირვებით, გაიზარდა იმ „საინფორმაციო“ სააგენტოების რიცხვი, რომელთა ძირითადი ინტერესის სფერო საქართველოს დასავლური ორიენტაციის შერყევა და რუსულ რელსებზე გადასვლის სურვილია. ისინი ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტსაც კი. მაგალითისთვის, საინფორმაციო სააგენტო „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში „ამერიკული დემოკრატია-მხუთავი აირი საქართველოსთვის“ პრორუსულად მოაზროვნე და „საბჭოთა კავშირის“ ნოსტალგიით მოცული ავტორი - იზა თამაზაშვილი წერს: „დღესაც ყურში ჩამესმის სიტყვები რუსი გენერლისა, რომელიც 1980-იან წლებში დამემგზავრა და მკითხა რომელი სამშობლო უფრო გიყვარს - დიდი თუ პატარა? რუსი გენერლის ეს შეკითხვა ქართველებისადმი კეთილგანწყობის გამომხატველიც იყო და სურვილისაც, რომ ქართველები რუსეთსაც სამშობლოდ თვლიდნენ.“  - ამ ჩანაწერში რუსი გენერლის არა, მაგრამ კარგად იკითხება ავტორის დიდი სურვილი საქართველოს საზოგადოებისთვის რუსეთი არა ოკუპანტად, არამედ სამშობლოდ აღიქმებოდეს. ვლადიმერ პუტინი კი მისთვის, როგორც სტალინის „ძლევამოსილი“ მემკვიდრე „დიდი სამშობლოს“ ინტერესების გამტარებელი და  დამცველია: „ამერიკა ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან ერთად ცდილობდა შავ ზღვასა და ჩრდილოეთ კავკასიაზე ნატოს ძალების კონტროლის დამყარებას, მაგრამ პუტინმა ყირიმის მიერთებით, გეგმები ჩაუშალა.“ იმ პირობებში, როდესაც ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ქართული სამოქალაქო სექტორი აქტიურად უპირისპირდება, პროპაგანდისტულმა სააგენტოებმა გავლენის გაძლიერების ახალი მეთოდები შეიმუშავა და სამიზნე აუდიტორიას ერთგვარი „ანალიტიკური“ სტატიები შესთავაზა. ზემოთ ხსენებული იზა თამაზაშვილის სტატია, სწორედ, ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება.  საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდა შემდეგი სახის სტატიები: „დილით მოლას კივილი რომ არ გაღვიძებს, სწორედ 1783 წელს გაფორმებული ტრაქტატის „ბრალია“; „არჩევანი კარგსა და ცუდს შორის: აშშ თუ რუსეთი“; „აშშ-ის მიერ გამოზრდილი გავლენის აგენტურისა და პროპაგანდისტების მთავარი სატყუარა - ყბადაღებული რუსული ოკუპაცია“; „რუსეთი ოკუპანტია?

“ და ა.შ.

ყოველი მათგანის აზრში იკითხება იდეა და სურვილი გაქრეს ტერმინი ოკუპაცია და რუსეთი გამოცხადდეს საქართველოს ინტერესების უპირველეს დამცველად. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და თურქეთი კი ქვეყნის ყოველი „უბედურების“ შემოქმედად და მოკარნახედ. მკითხველს პირდაპირ უსვამენ შეკითხვას: „არის რუსეთი ოკუპანტი?“ და თვითონვე პასუხობენ: „საერთაშორისო სამართლის არც ერთ ნორმას რუსეთი, როგორც ოკუპანტი, არ აკმაყოფილებს, ვინაიდან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები არ არის რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ“. აქვე აგრძელებენ, დასავლურმა დემოკრატიამ ტერიტორიები დაგვაკარგინა, ერთმანეთს წაკიდა მოძმე ერები - რუსი და უკრაინელი, ოსი და ქართველი, აფხაზი და ქართველი.“ მსგავს რიტორიკაში ერთხელ ვერ აღმოაჩენთ ირიბ ჩანაწერსაც კი რუსული ოკუპაციის შესახებ, იმ არსებული მოცემულობის სულ მცირე მხარდაჭერას, რომ რუსეთმა საქართველოს ტრიტორიის 20 % წაართვა და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძლდება. სამაგიეროდ, მრავლად შეხვდებით ფრაზას: „რუს ერს დიდ პატივს ვცემ, რადგან მან დაუსვა წერტილი უდიდეს ბოროტებას დედამიწაზე - ფაშიზმს.“

აღსანიშნავია, რომ თუ ადრე შეფარვით აწვდიდნენ საზოგადოებას ზემოთ აღნიშნულ რიტორიკას და ძირითადად, ანტიდასავლური პროპაგანდით შემოიფარგლებოდნენ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომელიც პირდაპირ რუსეთის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და აქცენტს აკეთებს მის არა ოკუპანტობაზე.  გავლენის აგენტები არ ერიდებიან აბსურდულ მოწოდებებს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ისტორიის გაყალბებას (იხ. ცხრილი).

ისტორიის გაყალბება „ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის როლი არის ძალიან მძიმე მეორე მსოფლიო ომის დაწყების საქმეში იმიტომ, რომ მათ წააქეზეს ჰიტლერი.“
აბსურდული მოწოდება „არ შეისუნთქოთ ამერიკული დემოკრატიის მყრალი სურნელი, არ დაინფიცირდეთ ლიბერასტული ვირუსით!“
ყალბი ამბავი „500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება 100 ათას ჩრდილოაფრიკელს ჩამოასახლებს”.
ისტორიის გაყალბება და ყალბი ამბავი „ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა დასავლეთის იმ სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთი უნდა დაეშალა.“
აბსურდული მოწოდება და ყალბი ამბავი „ევროპის ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან, როგორ გააოცონ მსოფლიო უზნეობის ინოვაციური მეთოდებით! ისინი ზოოფილებისთვის საროსკიპოებს ხსნიან.“„ესენი ჩვენ გვასწავლიან ცხოვრებას!“

ცხრილში მხოლოდ მცირე ნაწილი და გამოხატულებაა იმ სქემისა, რომლის საბოლოო მიზანიც საზოგადოების ევროპული ღირებულებისადმი ნეგატიური განწყობა და რუსეთის ფედერაციის ქოლგის ქვეშ მოქცევაა.

სამწუხაროდ, არ არის შესწავლილი რამდენად აისახება მსგავსი ნარატივი ქართული  საზოგადოების განწყობაზე. დადასტურებულად არც იმის თქმა შეგვიძლია რა წვლილი შეიტანეს მსგავსმა სააგენტოებმა მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის 41%-ში იმ აზრის ფორმირებაში, რომ ევროკავშირი ცვლის ქართულ ტრადიციებს (CAD 2017). არ არსებობს ხელისუფლების ერთიანი ხედვა/სტრატეგია როგორ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ გავლენებს. უმოქმედობის პირობებში კი ვიღებთ სამწუხარო რეალობას, მთელ საქართველოში ვრცელდება გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, რომლის „ანალიტიკოსი“ ავტორები  გამუდმებით ამტკიცებენ, რომ „დასავლურმა ღირებულებებმა მწვანე აუნთო ძალადობას, მკვლელობას, უზნეობას, მანიაკურ ფსიქოზს“  და ამავე დროს, „მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ ვართ რუსეთის იმპერიის ნაწილი და ამით არაფერი მოგვიგია.“

ამ იდეებს კი ჯანსაღი აზრი არ უპირისპირდება.

აუცილებელია, ხელისუფლების და სამოქალაქო სექტორის აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ საინფორმაციო ველი დაიცალოს მსგავსი ყალბი ახალი ამბების/პრორუსული ნარატივისგან და საზოგადოებას მიეწოდოს რეალურ ფაქტებზე დამყარებული, გადამოწმებული ინფორმაცია.