საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე, რომელიც 2013 წლის აპრილიდან მიმდინარე წლის 14 ნოემბრამდე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, რკინიგზის შემოსავლების უარყოფითი ტენდენციის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "საქართველოს რკინიგზის" ყველაზე წარმატებული საქმიანობა, ფინანსურად, სწორედ მის პერიოდში, 2014-2015 წლებში იყო.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ორგანიზაციის ფინანსური მონაცემები ცალკეული პერიოდისათვის სრულყოფილად წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება. „საქართველოს რკინიგზა“ ვალდებულია გამოაქვეყნოს აუდირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებები. შესაბამისად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია.

კომერციული ორგანიზაციის ფინანსური წარმატება მისი შემოსავლიანობისა და მომგებიანობის ზრდით ფასდება. "საქართველოს რკინიგზის" შესაბამისი მაჩვენებლების ცვლილების ტენდენციას გრაფიკი 1 ასახავს.

გრაფიკი 1: "საქართველოს რკინიგზის" ფინანსური მაჩვენებლები (მლნ ლარი)

წყარო: "საქართველოს რკინიგზა"

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2007-2015 წლებში, პოსტკრიზისული 2009 წლის გარდა, "საქართველოს რკინიგზის" მთლიანი შემოსავალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და კლება 2016 წელს ფიქსირდება. ერთი შეხედვით, ეს ალოგიკური სურათია ვინაიდან 2012 წლიდან მოყოლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებელი პერმანენტულად მცირდება (იხ. გრაფიკი 2). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სატვირთო გადაზიდვის ტარიფები ძირითადად უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ცხადია, რომ ლარში გამოსახული შემოსავლის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის გაცვლითი კურსის შემცირებაა (გაუფასურება) და არა რაიმე რეალური პოზიტიური ცვლილება. აღნიშნულ შეფასებას ამყარებს მომგებიანობის კლების გამოკვეთილი ტენდენციაც.

გრაფიკი 2: "საქართველოს რკინიგზის" ტვირთბრუნვა

წყარო: "საქართველოს რკინიგზა"

ორგანიზაციის წმინდა მოგებას შემცირების ტენდენცია აქვს 2012 წლიდან მოყოლებული, 2015 წელს კი "საქართველოს რკინიგზის" წმინდა მოგება, 2007 წლიდან დღემდე პირველად, უარყოფითი გახდა (ზარალი). აბსოლუტური მაჩვენებლების თვალსაზრისით, 2014-2015 წლების ჯამური შედეგი, 26 მილიონიანი ზარალის სახით, ყველაზე უარესი მაჩვენებელია ნებისმიერ სხვა ორწლიან პერიოდთან შედარებით. ამავდროულად, შესამჩნევია, რომ 2013-2016 წლებში 1.5-ჯერაა გაზრდილი საოპერაციო მოგება, თუმცა როგორც აღინიშნა, ტარიფის უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებიდან გამომდინარე აღნიშნულ ზრდას დიდწილად ლარის გაუფასურება განაპირობებს. კურსის ცვლილებითვე გამოწვეული ფინანსური ხარჯების არსებითი (2013 წელს 58 მლნ, 2015 წელს 315 მლნ) ზრდა კი საოპერაციო მოგებაზე არ აისახება და მხოლოდ დაბეგვრამდე მოგებისა და წმინდა მოგების ოდენობაზე ახდენს გავლენას.

2017 წლის 8 თვეში "საქართველოს რკინიგზამ" 7 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მლნ ტონით ნაკლებია. ტვირთბრუნვის შემცირებაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე "საქართველოს რკინიგზის" აქციებით ვაჭრობას, რასაც ბახტაძემ თავის განცხადებაში ასევე ხაზი გაუსვა, ლონდონის ბირჟაზე ორგანიზაციის აქციების პირველადი განთავსება 2012 წლის ივლისში განხორციელდა. ლონდონის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების შესაბამისად, 2015 წელს "საქართველოს რკინიგზის" ფასი ჩამოუვარდებოდა როგორც 2013 წლის მაჩვენებელს, ასევე მომდევნო პერიოდის მონაცემებს. კერძოდ, 2013 წლის 1 თებერვალს ფასი 117.75 დოლარი, 2015 წლის მაქსიმალური ნიშნული კი 110.5 დოლარია, რომელიც 5 მაისს დაფიქსირდა. აღნიშნული თარიღის შემდგომ ტენდენცია კლებადია. 2016 წლის იანვარში ერთეულზე ფასი 100.125 დოლარის ნიშნულამდე ეცემა და უბრუნდება ზრდის ტენდენციას. 2017 წლის ბოლო ტრანზაქცია 9 ნოემბერს 111.9 დოლარად განხორციელდა. რაც შეეხება 2014 წელს, აღნიშნული მონაცემი ლონდონის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის. ამავდროულად, გაუგებარია რა იგულისხმება ამ კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესოობაში. ნაკლებად სავარაუდოა მამუკა ბახტაძე ეკონომიკის ყველა სექტორს გულისხმობდეს, ცალკე აღებული რკინიგზის შემთხვევაში კი შესადარისი მონაცემი არ არსებობს, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ფლობს, აქციები კი თავისუფალ მიმოქცევაში არ იმყოფება. მესაკუთრის თვალსაზრისით გამონაკლისია დახურული სააქციო საზოგადოება სომხეთის რკინიგზა, რომელიც რუსული რკინიგზის მფლობელობაშია. თავის მხრივ რუსული რკინიგზის აქციების 100% სახელმწიფო საკუთრებაშია.

დასკვნა

"საქართველოს რკინიგზის" ლარში გამოხატული შემოსავალი 2014-2015 წლებისათვის, არსებითად შემცირებული ტვირთბრუნვის ფონზეც, მზარდია, რაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ტარიფის პირობებში ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული. კურსის მერყეობითვე გამოწვეული ფინანსური ხარჯის ზრდის შედეგად კი, მოგების მაჩვენებლები წინა პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2015 წელს, საანალიზო პერიოდის განმავლობაში პირველად, "საქართველოს რკინიგზის" წმინდა მოგება უარყოფითია (ზარალი), 2014-2015 წლების ჯამური შედეგი 26 მლნ ლარამდე ზარალის სახით კი ყველაზე უარესი მაჩვენებელია ნებისმიერ ცალკე აღებულ ორწლიან პერიოდთან მიმართებით.

რაც შეეხება "საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღალდების ფასს, ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის 1 თებერვალს ფასი 117.75 დოლარი, 2015 წლის მაქსიმალური ნიშნული კი 110.5 დოლარია. 2016 წლის იანვარში ერთეულზე ფასი 100.125 დოლარის ნიშნულამდე ეცემა. 2017 წლის ბოლო ტრანზაქცია 9 ნოემბერს 111.9 დოლარად განხორციელდა. რას გულისხმობს მამუკა ბახტაძე აღნიშნული მაჩვენებლით საუკეთესოობაში, შესადარისი მონაცემების არ არსებობის პირობებში გაუგებარი რჩება, ვინაიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რკინიგზების აქციები პრაქტიკულად არცერთი ქვეყნის შემთხვევაში თავისუფალ მიმოქცევაში არ იმყოფება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სახელმწიფო ორგანიზაციის სახით არსებობს (ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, ბელორუსი) ან აქციათა სრულ პაკეტს სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ფლობს (რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა).

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბახტაძის განცხადება არის ტყუილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი