წლის 30 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გორში, კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც კორპუსების მშენებლობის დაწყებას დაესწროს და აღნიშნა, რომ 2017 წლის ზაფხულისთვის გორში, არცერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებდა მძიმე პირობებში.
„კომბინატის დასახლებაში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას ჩავუყარეთ საფუძველი. სამუშაოები 21 თვიან სახელშეკრულებო ვადაში დასრულდება, თუმცა სამშენებლო კომპანია პირობას დებს, რომ ორი თვით ადრე დაასრულებს პროცესს და 2017 წლის ზაფხულისთვის გორში მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ფართის პრობლემა აღარ ექნებათ. თუ ეს კომპანია ვადებში ვერ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, გააგრძელებს სხვა და ეს ხარვეზი მოსახლეობას არ დააზარალებს“, - განაცხადა (2:24-დან) სოზარ სუბარმა.
გორში, კომბინატის დასახლებაში დევნილების განსახლების მიზნით, სამუშაოები 2015 წლის შემოდგომით დაიწყო. საძირკველის ჩაყრის შემდეგ, მინისტრი სამუშაოების დასათვალიერებლად ადგილზე 2016 წლის მაისშიც ჩავიდა. სოზარ სუბარმა აქაც აღნიშნა,რომ სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და 2017 წლის 22 ივნისს, როდესაც მშენებლობა დასრულდებოდა, საცხოვრებელი სახლი 480 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემოდა.
აღნიშნული კორპუსების შესახებ სამინისტრომ ვიდეო რგოლიცგაავრცელა, რომლის მიხევდით, გორში, 480 ოჯახისთვის გათვალისწინებული კორპუსების მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდეობოდა.
რატომ არ შეასახლა უწყებამ დევნილები ახალ ობიექტში დათქმული ვადების მიხედვით და როდისთვის გადაიდო ეს თარიღი ამ კითხვებით ფაქტ-მეტრმა სამინისტროს მიმართა.
მიღებული პასუხის თანახმად, სამშენებლო კომპანიამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება, რის გამოც ის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან სამუშაოებს საჯარიმო სანქციებით ახორციელებს.
„ამ ეტაპზე დასრულებულია მითითებულ მისამართზე მდებარე ობიექტზე საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველ დევნილ ოჯახთა განაცხადების მიღება - შეფასება და მიმდინარეობს მონიტორინგი. მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა, სადაც განიხილება იმ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი, რომლებსაც განაცხადები შევსებული აქვთ ქ. გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ობიექტზე. სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე“,- ნათქვამია სამინისტრის წერილში. ვიდრე სანქციებდაკისრებული სამშენებლო კოპანია აღებულ ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებს, გორში, 3 ობიქეტზე (სასტუმრო „ქართლი“ - 76 ოჯახი, „ტურბაზის“ დასახლება - 91 ოჯახი, და ნარკოლოგიური ცენტრის შენობა - 52 ოჯახი) რჩებიან გადანაწილებულნი, სადაც წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას. მათი საცხოვრებელი პირობების გამოსწორების აუცილებლობაზე ორი წლის წინ თავად სოზარ სუბარიც საუბრობდა და ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლომდე აანონსებდა დევნილების განსახლების საკითხის დასრულებას, რაზეც გასულ წელს ფაქტ-მეტრიც წერდა. აღსანიშნავია, რომ 480 დევნილი ოჯახისთვის გორში კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს „ტრანსმშენი“ ახორციელებს, რომელიც დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, გამარჯვებულის სტატუსით ხშირად ფიგურირებს. ამიტომ ფაქტ-მეტრი მისი წარმომადგენლებითაც დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი (ნავთობის და გაზის კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი) ირაკლი შენგელია, 2016 წლის ივნისის თვეში პოლიტიკური პარტიების (ახალი საქართველო და წარმატებული საქართველო) შემომწირველია, სულ 8 000 ლარით. ხოლო კომპანიის თავმჯდომარის მოადგილეს, მიხეილ გვარამაძეს 2016 წლის 25 აგვისტოს, „ქართული ოცნებისთვის“ 10 ათასი ლარი აქვს შეწირული. დასკვნა 2015წლის სექტემბერში, დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორში, კომბინატის დევნილთა დასახლებაში მშენებლობა 21 თვეში უნდა დასრულებულიყო. მინისტრის გათვლებით, სამუშაოების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე პროცესი 2 თვით ადრე დასრულდებოდა. მოგვიანებით სოზარ სუბარმა ანონსი შეცვალა და განცხადებებში აღნიშნულ ობიექტზე დევილების შესახლების თარიღად 2017 წლის აგვისტო დაასახელა.
ამ ეტაპზე კი, როგორც დევნილთა სამინისტრომ ფაქტ-მეტრს განუმარტა, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და კომისიის სხდომა იგეგმება, რომელმაც ქულების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს ვის გადასცემს ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღებს. ამ პროცესის განხორციელებას კი გასულ წელს სამინისტრო 2017 წლის მარტისთვის აანონსებდა.
დევნილების საცხოვრებელი პირობების პრობლემის სრულად აღმოფხვრის პირობას მინისტრი სოზარ სუბარი მეორე წელია ვერ ასრულებს, გორში კი მინიმუმ 220 დევნილი ოჯახი ჯერ კიდევ დაზიანებული შენობის თითო-თითო ოთახში, საერთო საპირფარეშოების, მოუწესრგებელი საკანალიზაციო სისტემის, უწყლობის და მძიმე სოციალურ ფონზე აგრძელებენ ცხოვრებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელშეკრულებო ვადებში რვა კორპუსიდან მხოლოდ ოთხის მშენებლობა მოესწრო და როგორც აღვნიშნეთ ჯერჯერობით არც ისინი შესულან ექსპლუატაციაში.
შესაბამისად, სოზარ სუბარის დაპირება რვა კორპუსის მშენებლობის მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულების შესახებ, არ შესრულდა.