„ბოლო სამი წლის განმავლობაში გურიაში გაიხსნა 26 სასტუმრო და ორ წელიწადში მათ კიდევ 35 ახალი სასტუმრო შეემატება“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
განცხადების გადასამოწმებლად სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას დავუკავშირდით. საქსტატის ინფორმაციით,2015-2016 წლებში გურიის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში 12 სასტუმრო შევიდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოებულ სტატისტიკას ეყრდნობოდა, რაც საქსტატის მონაცემებისგან განსხვავებულ სურათს გვაძლევს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,2015-2017 წლებში გურიის ტერიტორიაზე 30 ახალი სასტუმრო გაიხსნა. აღნიშნული სტატისტიკა მთლიანად მოიცავს ურეკში, დაბა ურეკსა და შეკვეთილში გახსნილ სასტუმროებს. აქედან 21 საოჯახო ტიპის სასტუმროა და სახელი შერჩეული არ აქვს. საოჯახო ტიპის სასტუმროებიდან ყველაზე დიდი, 68 ოთახისგან შედგება და 136 სტუმარზეა გათვლილი.
გურიის ტერიტორიაზე 2015-2017 წლებში გახსნილი სასტუმროების უმრავლესობა მცირე ზომისაა. გახსნილი 30 სასტუმროდან ოცში მაქსიმუმ 50 სტუმრის განთავსების შესაძლებლობაა. გურიის მასშტაბით გახსნილი კომპლექსებიდან ყველაზე მასშტაბური 2017 წლის ივნისშია გახსნილი. ურეკში მდებარე სასტუმრო „ინტერში“ 50 ოთახია და იგი 170 ადამიანს ერთდროულად ათავსებს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკაში აღრიცხულია ისეთი სასტუმროც, რომელშიც 3 ოთახია 6 ადამიანისთვის.
რაც შეეხება მომდევნო წლებს, მოწოდებულ სტატისტიკაზედაყრდნობით, 2017 წლის დასასრულამდე და 2018-2019 წლებში გურიაში ჯამში 35 ახალი სასტუმრო უნდა გაიხსნას. ჩამოთვლილ სასტუმროებს შორისაა „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შეკვეთილში აშენებული „პარაგრაფი“, რომელმაც პირველი სტუმრების მიღება ზაფხულში დაიწყო. მოცულობით მეორე სასტუმრო ურეკში 2018 წლის ივნისში უნდა გაიხსნას „ელ&ერ კომპანის“ მიერ.
გასახსნელი სასტუმროებიდან 2017 წელს 11, 2018 წელს 21, ხოლო 2019 წელს 3 სასტუმრო უნდა ამოქმედდეს. გასახსნელი სასტუმროებიდან ცამეტ ერთეულში ათი ან ნაკლები ოთახია და მათი უმეტესობა საოჯახო ტიპის სასტუმროს წარმოადგენს.
დასკვნაეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2015-2017 წლებში გურიის ტერიტორიაზე 30 სასტმრო გაიხსნა. გახსნილი სასტუმროების უმეტესობა მცირე საოჯახო ტიპისაა, ხოლო მათგან ყველაზე დიდი 170 ადამიანს იტევს. 2017-2019 წლებში გურიაში დამატებით 35 ახალი სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი. გახსნილი და გასახსნელი სასტუმროების უმრავლესობა ურეკში, დაბა ურეკსა და შეკვეთილში მდებარეობს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე. ავტორის შენიშვნა: ფაქტ-მეტრმა განცხადებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოსათხოვად შესაბამისი წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 15 სექტემბერს გააგზავნა. მთავრობის კანცელარიაში წერილი 18 სექტემბერს დარეგისტრირდა. მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გონივრული ვადისა და სატელეფონო კომუნიკაციისა, ფაქტ-მეტრს აღნიშნულ საჯარო წერილზე პასუხი არ მიუღია. ანალიზი ეყრდნობა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციას.