პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, გიორგი კანდელაკმა, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არ ყოფნის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა:

„რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტს პრემიერი? საქართველოს კანონების თანახმად, ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრმა. რა არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რის გამოც დღეს იგი პარლამენტს არ წარუდგენს დოკუმენტს, რომელიც აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით (მუხლი 92) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კანონით - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

“. აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს. არეგულირებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს (მუხლი 1).

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე წლიურ საბიუჯეტო კანონპროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. როგორც წესი, საბიუჯეტო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტები განთავსებულია საქართველოს მთავრობის ვებვერდზე პრემიერის ბრძანებულებების განყოფილებაში, თუმცა დიმიტრი ქუმსიშვილისადმი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის უფლებამოსილების მინიჭების აქტი ადმინისტრაციის ვებგვერდზე არ დევს. ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრის პიარის სამსახურს, მათი განცხადებით, საიტზე ტექნიკური შეფერხებაა ამიტომ არ ჩანს პრემიერის უკანასკნელი რამდენიმე თვის ბრძანებულებები, ამის შემდგომ, მათ გადმოგვიგზავნეს შესაბამისი აქტი.

 2017 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისათვის, საბიუჯეტო კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მინიჭებული აქვს უფლებამოსილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარედგინა 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი.

გასული წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ როგორც წესი, პრემიერ-მინისტრები სარგებლობენ უფლებამოსილების მინიჭების შესაძლებლობით და შემდეგი წლის ბიუჯეტის წარდგენას ძირითადად ფინანსთა მინისტრები ახდენენ. მაგალითად, 2016 წელს  2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. ფაქტ-მეტრმა გადახედა წინა ხელისუფლების დროს  საბიუჯეტო კანონპროექტის წარდგენის სტატისტიკას, აღმოჩნდა, რომ იმ დროსაც ამ ფუნქციას ფინანსთა მინისტრი ითავსებდა. მაგალითად, 2006 წელს ბიუჯეტის პროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა; 2007

წელს, ასევე, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და ა.შ.

  დასკვნა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყოველი შემდეგი წლის საბიუჯეტო კანონპროექტის შემუშავებისა და წარდგენის პროცედურებს არეგულირებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

“. კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიურ საბიუჯეტო კანონპროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. 2017 წლის 29 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს დაევალა და მიენიჭა უფლებამოსილება წარედგინა 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი. გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტებს წარადგენდა არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ფინანსთა მინისტრი. გიორგი კანდელაკის განცხადება, რომ საქართველოს კანონების თანახმად ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს პრემიერმა სიმართლეა, თუმცა მან არ აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა აქვთ მთავრობის სხვა წევრებსაც და ეს ქმედება არ მოდის წინააღმდეგობაში ქართულ კანონმდებლობასთან.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია