„როდესაც ადამიანებს ეუბნებიან 1.5 ლარად თავი გაიატანეთო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი 94 000 ლარად შეფასებული ავტომანქანით, „აუდი A-6“-ით გადაადგილდება. მისი მოადგილე კი „კია სორენტოთი“.
ფაქტ-მეტრმა ლევან ხაბეიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,სააგენტოს ბალანსზე ნამდივლად ირციხება 2012 წელს გამოშვებული „აუდი A-6“ (სახემწიფო ნომერი MOH 008) და 2012 წელს გამოშვებული „კია სორენტო“ (სახელმწიფო ნომერი SSA 505).
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016წლის მდგომარეობით, „აუდი A-6“-ის ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ანუ, საბალანსო ღირებულებას მინუს აკუმულირებული ცვეთა) 50 294 ლარს შეადგენს. აღნიშნული მანქანა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ემსახურება. აქვე აღსანიშნავია, რომ მას ჰყავს პირადი მძღოლიც. „კია სორენტოს“ ნარჩენი საბალანსო ღირებულება 28 675 ლარს შეადგენს. აღნიშნული მაქნანით სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გადაადგილდება, მასაც ემსახურება პირადი მძღოლი.
2016 წლის აპრილის სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში (რომელიც ტრანსპორტთან დაკავშირებულ სადაზღვევო მომსახურებას შეეხებოდა), “აუდი A-6”-ის საბალანსო ღირებულებად 82 ათასი ლარია მითითებული. ეს მნიშვნელოვნად აღემატება იმ თანხას, რაც სოციალური მომსახურების სააგენტომ მოგვაწოდა. „კია სორენტოს“ საბალანსო ღირებულებად კი იგივე ფასია მითითებული, რომელიც სააგენტომ მოგვაწოდა. ასევე, სხვა განპიროვნებული მანქანების შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტში ზუსტად იგივე ფასია მითითებული, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანები შეძენილია წინა ხელისუფლების პერიოდში. „აუდი A-6“, რომელზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, 2012 წელს დასაქმების სამინისტროს მიერ იქნა შეძენილი და დასაქმების სახელმწიფო მინისტრს ემსახურებოდა (ამ ფაქტს ასევე ადასტურებს, IDFI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც).დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2012 წელს შეიქმნა და 2013 წლის დასაწყისში გაუქმდა. რის შემდეგაც მის ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის „აუდი A-6“ ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. 2015 წლის მარტში კი აღნიშნული ავტომანქანა ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადასცა. რაც შეეხება „კია სორენტოს“, ის ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელსაა შეძენილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღებული ძვირადღირებული მანქანების რეალიზება. თუმცა, ამაზე სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ: „გარდა იმისა, რომ აღნიშნული მანქანების საბალანსო ღირებულება, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და ის არ რჩება კონკრეტულ უწყებას. ჩვენ ბიუჯეტში მანქანის შესაძენი თანხა გათვალისწინებული არ გვქონდა და, შესაბამისად, სხვა უფრო ნაკლები ღირებულების მანქანას ვერ შევიძენდით“.
უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოში დამკვიდრებული და, ჩვენი შეფასებით, მანკიერი პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ თანამდებობის პირებს (მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები) პერსონალური მანქანები ემსახურებათ და პირადი მძღოლები ჰყავთ. საწვავის ხარჯები, ავტომობილების ტექნიკური მომსახურეობისთვის გაწეული ხარჯები და მძღოლების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი, რეალურად მოსახლეობის ჯიბიდან ფინანსდება.
მათ შორისაა სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომლის უფროსს, მის სამ მოადგილეს და სვხადასხვა დეპატრამენტების უფროსებს ემსახურებათ სამსახურეობრივი (განპიროვნებული) მანქანები და უმეტეს შემთხვევაში პირადი მძღოლებიც.
დასკვნასოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე ნამდივლად ირციხება „აუდი A-6“ (სახელმწიფო ნომერი MOH 008) და „კია სორენტო“ (სახელმწიფო ნომერი SSA 505). „აუდი A-6“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ემსახურება. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება 50 294 ლარს შეადგენს. თუმცა, სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნული მანქანის საბალანსო ღირებულებად 82 ათასი ლარია მითითებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს „კია სორენტო“ ემსახურება. მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება 28 675 ლარს შეადგენს.
თუმცა, „აუდი A-6“, რომელზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, 2012 წელს დასაქმების სამინისტროს მიერ იქნა შეძენილი და დასაქმების სახელმწიფო მინისტრს ემსახურებოდა. დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შემდეგ (2013 წელი), აღნიშნული მანქანა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. 2015 წლის მარტში კი ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ავტომანქანა სოციალური მომსახურების სააგენტოს გადასცა. რაც შეეხება „კია სორენტოს“, ის სოციალური მომსახურების სააგენტომ, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელს შეიძინა.
ფაქტ-მეტრი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.