• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იტალიაში ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონების და თბილისის ზღვაზე „ჩინური ქალაქის“ მშენებლობის შესახებ, ყალბია

„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იტალიაში ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონების და თბილისის ზღვაზე „ჩინური ქალაქის“ მშენებლობის შესახებ, ყალბია

08/11/2017
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი.   რეზიუმე: ვებგვერდ „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია - „ქართველი ერის სუიციდი დემოკრატიის სახელით“ - მიზანმიმართულად ავრცელებს ყალბ ცნობებს ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან და საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ავტორის მტკიცება, რომ იტალიაში ერთსქესიანთა ქორწინება და ანგლიკანურ ეკლესიაში ქალების მღვდლად კურთხევა დააკანონეს, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ უკანასკნელში აღნიშნული ტენდენცია ყველა ეპარქიაზე არ ვრცელდება, ხოლო იტალიაში არა ერთსქესიანთა ქორწინება, არამედ სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონი იქნა მიღებული. ასევე, არაზუსტია სტატიაში მოყვანილი მონაცემები საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ბოლო 2-3 წლის მანძილზე საქართველოდან მილიონ-ნახევარი ქართველია გასული. აღნიშნული სტატიით გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს და დასავლური ღირებულებებისა და საქართველოში მყოფი იმიგრანტების დემონიზაციას ისახავს მიზნად.   ანალიზი: 2017 წლის 18 ოქტომბერს ინტერნეტგამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ქართველი ერის სუიციდი დემოკრატიის სახელით“. როგორც ავტორი აღნიშნავს, „დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რაც კი რამ უბედურება მომხდარა ბოლო 25-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში, როგორც წესი, ყველაფერი დასავლური დემოკრატიის სახელითაა და აშშ-ის შესრულებით“. ამის „დასტურად“ მოჰყავს „დემოგრაფიული კატასტროფის“ წინაშე მდგარი საქართველო და სხვადასხვა მაგალითები დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ავტორი, დავით მხეიძე, აღნიშნავს, რომ „იტალიაშიც კი (სადაც ვატიკანი, მსოფლიო კათოლიციზმის ცენტრია) ამას წინათ საზეიმოდ დააკანონეს ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინება“. აღნიშნული მტკიცება არ შეესაბამება სიმართლეს. იტალიაში 2016 წლის ივნისში მიღებულ იქნა კანონი ჰომოსექსუალ წყვილებს შორის სამოქალაქო კავშირის და არა ქორწინების შესახებ. ქორწინებისგან განსხვავებით, სამოქალაქო კავშირის ცერემონიალი არ შეიძლება შედგეს რელიგიური დანიშნულების ადგილებში, მიუხედავად ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის მთავრის ხედვისა, და შეიცავდეს რელიგიურ შინაარსს. გარდა ამისა, იტალიის კანონმდებლობის თანახმად, თუ ქორწინებისას დაბადებული ბავშვი ორივე მშობელს ეკუთვნის, სამოქალაქო კავშირისას დაბადებული ბავშვის მეურვე მხოლოდ მისი ბიოლოგიური მშობელი შეიძლება იყოს. ასევე, სამოქალაქო კავშირში მყოფი ჰომოსექსუალი წყვილი არ სარგებლობს ბავშვის შვილად აყვანის უფლებით. გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ანგლიკანურმა ეკლესიამ დაუშვა „დიაცთა მღვდლობა.“ მიუხედავად იმისა, რომ ანგლიკანური ეკლესიის გარკვეულ პროვინციებში ქალების მღვდლად კურთხევის ტენდენცია 1970-იანი წლებიდან იღებს სათავეს, საყოველთაო ხასიათის არ არის და ყველა ეპარქიაზე არ ვრცელდება. სწორედ ქალთა საეკლესიო საქმიანობასთან დაკავშირებით ანგლიკანურ ეკლესიაში მიმდინარე კამათმა დაუდო სათავე კონსერვატიული მოძრაობების წარმოშობას. ასევე, ავტორი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში მიგრანტთა გაზრდილი რიცხვის შესახებ, რის მაგალითადაც თბილისის ზღვაზე "ჩინური ქალაქის" მშენებლობა მოჰყავს. თუმცა, პროექტი წარმოადგენს ჩინური კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფის“ ინვესტიციას, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის ზღვის „ახალი ქალაქის“ და არა „ჩინური ქალაქის“ მშენებლობას. ეს უკანასკნელი ორიენტირებულია თბილისის ამ ნაწილის ურბანულ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. მის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარედ განთავსდება 2 მილიონი კვ.მ. საცხოვრებელი კომპლექსი, სავაჭრო ცენტრი, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, 500 ათასი კვ.მ. სარეკრეაციო ზონა, საავადმყოფო, საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ცენტრები. "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის და მიზნად არ ისახავს ადამიანთა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ჩასახლებასა თუ მომსახურებას. „ჰუალინგ ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში საქართველოში 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლების გეგმის შესახებ 2014 წელს პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამაც გაავრცელა ინფორმაცია, რაც ტყუილი აღმოჩნდა. „თბილისის ზღვის ახალი ქალაქის“ გეგმის პირვანდელ ვარიანტში მართლაც იყო საუბარი 126 ათას ადამიანზე, თუმცა ეს რიცხვი გულისხმობდა გათვლას პროექტში დასაქმებულთა, მაცხოვრებელთა და ერთი კვირის მანძილზე სავაჭრო ცენტრის ვიზიტორთა საშუალო რაოდენობის შესახებ. როგორც „ჰუალინგის“, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადსხვა დროს გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ კორპორაციასთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩინელების ჩამოსახლების შესახებ არაფერია ნახსენები. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ავტორის მტკიცებით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. ამის დასტურად მოჰყავს დემოგრაფ ანზორ თოთაძის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოდან მილიონ-ნახევარი ქართველია გასული“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, 2014 წელს ემიგრანტების რიცხოვნომაბ 88 704, 2015 წელს - 95 941, ხოლო 2016 წელს - 98 300 ადამიანი შეადგინა. თუმცა, აღნიშნულ თემაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ანგარიშებში ასახულია ოფიციალური სტატისტიკა და არ ითვალისწინებს ქვეყნიდან გასულ არალეგალ ემიგრანტებს. მათი რიცხვის დადგენა არათუ დამოუკიდებელი დემოგრაფის, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტისთვისაც დიდ სირთულეს წარმოადგენს და უამრავ უზუსტობასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტორის მტკიცებით, იუსტიციის სახლი უკონტროლოდ გასცემს ბინადრობის უფლებებსა და პირადობის დამადასტურებელ საბუთებს იმიგრანტებისათვის. არგუმენტის გასამტკიცებლად კი მოჰყავს კახა კუკავასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის საარჩევნო კლიპი, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გაცემული საბუთების რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. სტატიაში არ არის მითითებული დროის რა მონაკვეთის მიხედვით არის გაკეთებული აღნიშნული დასკვნა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარია ოფიციალურ დოკუმენტაციაზე, რელევანტური იქნება სტატიაში მოყვანილი რიცხვის საქართველოში მყოფ იმიგრანტთა რიცხვთან შედარება. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში შემოსული იმიგრანტები ძირითადად საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის მოქალაქეებს წარმოადგენენ.   graf წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური   ავტორი დასავლურ, ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოში შემომავალ მიგრანტებს წარმოაჩენს საფრთხედ ქართული კულტურისათვის. აღნიშნული პროპაგანდის ტექნიკის გამოყენებით, სტატიის მიზანია „მტრის ხატის“ შექმნა და მისი „უწმინდური“ და „ანომალიური“ სახის წარმოჩენა. ამისათვის, ავტორს მცდარ ფაქტებთან ერთად ნამდვილი ამბებიც (მაგ. საფრანგეთში ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონების მიმართ პროტესტის გამოხატულების ნიშნად ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტისა და პოლიტიკური ბლოგერის, დომინიკ ვენერის თვითმკვლელობა საფრანგეთში) მოჰყავს მაგალითებად. თუმცა, მთლიანობაში, სტატია ყალბ რიტორიკაზეა აგებული. ამრიგად, ნათელია, რომ სტატია მიზნად ისახავს დასავლური ღირებულებებისა და საქართველოში შემომავალი მიგრანტების დემონიზაციის გზით მათ მიმართ მკითხველის ნეგატიურად განწყობას.
თეგები:
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
მოგების გადასახადი
გზების მოწყობა
შეღავათიანი აგროკრედიტი
რუსთავის მერის დაპირებები
წინასაარჩევნო დაპირებები
ვანო მერაბიშვილი
სახელმწიფო ბიუჯეტი
რუსთავის სპორტული კომპლექსი
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა