კახეთის და თელავის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, მეფე ერეკლე მეორის მუზეუმი მეხუთე წელია დაკეტილია. 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლება მუზეუმის გახსნის დაპირებას იძლევა, თუმცა სარეკონსტრუქციო სამუშოები სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე შეჩერდა. ამ დროის განმავლობაში ტურისტები მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გარე ფასადს ათვალიერებენ.

„მოხიბლული ვარ ამ ქალაქით და მისი მდიდარი ისტორიით, მაგრამ გიდმა გვითხრა, რომ ჩვენ მხლოდ გარედან შეგვიძლია კედლების დათვალიერება. სამწუხაროა, რომ არ შეგვიძლია ვნახოთ, როგორია კულტურული ძეგლი შიგნით“, - უთხრა ფაქტ-მეტრს ბეტა ლავეცკამ, რომელიც თელავის დასათვალიერებლად გერმანიიდან, მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა.

თელავში ბატონის სასახლე მე-17 საუკუნის 70-იან წლებში დაფუძნდა

და 1801 წლამდე სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა. ბატონის ციხე ერეკლე მეორის სასახლე-მემორიალს, ისტორიულ მუზეუმს, გალერეას, კარის ეკლესიას, ციხის გალავანს, აბანოს და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილ გვირაბს აერთიანებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,

ქალაქ თელავში ბატონის ციხის ქვეპროექტის განხორციელება რეგიონალური განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში 2012 წელს დაიწყო. იმავე წლის ბოლოს პროექტი შეჩერდა და სამუშაოები „ბატონის ციხის“ კომპლექსის როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე დაკონსერვდა.

„ბატონის ციხის“ კომპლექსის კონსერვაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 2013 წელს შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა  (ი.ხ. ბრძანება - #05/78, 11 თებერვალი, 2014)  დაამტკიცა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  "ბატონის ციხის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა 2015 წლის 5 მაისს გამართეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და მისი დასრულება 2016 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა. თუმცა, 2016 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ სექტემბრამდე გადაიწია. 25 მარტს, თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ პირობა დადო,

რომ 2016 წლის 7 ნოემბერს, ერეკლე მეორის დაბადების დღეს, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა რეაბილიტირებულ კომპლექსში აღინიშნებოდა.

2016 წლის 29 ოქტომბერს, განახლებული ბატონის ციხე საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ერეკლე მეორის მუზეუმის შენობის სარეაბილიტაცო სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ერეკლე მეორის მუზეუმი, რომლის მიზანიც კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობაა, ტურისტებისთვის დღემდე დაკეტილია.

მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის განმარტებით, სამუშაოები, რომელიც შენობაში მიმდინარეობს დამთვალიერებლის მიღების საშუალებას არ იძლევა.

„ჩვენ, ამ წლების განმავლობაში მატერიალურად და მორალურად ვზარალდებით. ხალხი მოდის და უკან ვაბრუნებთ. ჩემი ინფორმაციით, ობიექტის რეაბილიტაცია წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ალბათ ჩაბარებაც ამ პერიოდში მოხდება. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - აღნიშნა გურამ ურჩუხიშვილმა.

როგორც ფაქტ-მეტრს მუნიციპალური განვითარების ფონდის მშენებლობის ზედამხედველობის უფროსმა, ლევან სუხიტაშვილმა განუცხადა, სამუშაოს დასრულების ვადის გადაწევა იმ სირთულეებს უკავშირდებოდა, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში გამოვლინდა.

„პროექტის გახანგრძლივების მიზეზი კონდიცირება-გაგრილება-ვენტილაციის ხელახალმა დაპროექტებამ გამოიწვია. თავდაპირველი პროექტი ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც არის ზოგადად მუზეუმებისთვის. ამიტომ საჭირო გახდა ხელახალი პროექტირება გაგვეკეთებინა და მოგვერგო საერთაშორისო სტანდარტებთან. ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კეთდება და ეს პროცესი დროში ცოტა იწელება“, - აღნიშნა ლევან სუხიტაშვილმა.

მისივე თქმით, ერეკლე მეორის მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების ზუსტი თარიღი უცნობია.