„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თელავში მდებარე შენობების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. ბოტკოველის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ თელავში რეაბილიტაცია არცერთ შენობას არ ჩატარებია.
„2012 წლამდე თელავში მოხდა 165 ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნა. ამის შემდეგ ერთი შენობის რეაბილიტაცია არ მომხდარა თელავში“, - განაცხადა ბოტკოველმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 2012 წლის მარტში თელავის განვითარების პროექტის პრეზენტაცია წარადგინა. სააკაშვილმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქში 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა. თელავის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო. რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი 2012 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.განახლებული თელავი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა.
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თელავში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა და საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი დაუსრულებელი დარჩა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, 2012 წელს თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად რამდენი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ აქვთ. როგორც აღნიშნულ უწყებებში განაცხადეს, თელავის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალაქში მდებარე შენობების აღდგენა განხორციელდა, არ არსებობს. მათივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტი არც ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შეჩერებული რეაბილიტაციის გარდა, თელავის მცხოვრებლების უკმაყოფილება უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმაც გამოიწვია. გიორგი ბოტკოველის განცხადების გადამოწმების მიზნით, ჩვენ ქალაქ თელავის მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ და 2013-2017 წლებში ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე რეაბილიტირებული შენობების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებული პასუხისმიხედვით, 2014-2016 წლებში თელავის რიგ უბნებში სხვადასხვა შენობის რეაბილიტაცია მოხდა. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ცხრილი 1:
2014 -2016 წლებში თელავში რეაბილიტირებული შენობები
2015 წელი | თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია |
N2 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია | |
N6 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია | |
სახანძრო-სამაშველო შენობის რეაბილიტაცია | |
თელავის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაცია | |
2016 წელი | შპს "ბავშვთა ჯანმრთელბის ცენტრში" 110 კვ.მ ფართობის რეაბილიტაცია |
თამაზ ანთაძის სახელობის სკოლაში ბილიარდის სათამაშო დარბაზის რეაბილიტაცია | |
აშენდა მერიის ახალი შენობა | |
ბატონის ციხის რეაბილიტაცია |
დასკვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 2012 წლის გაზაფხულზე თელავში განაცხადა, რომ ქალაქში 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა. 2012 წელს ქალაქის განვითარების პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში თელავის ძველ უბნებში მდებარე დაწესებულებების და სახლების აღდგენა მართლაც მოხდა.
თუმცა, რამდენ შენობას ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია, ამის შესახებ ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია ვერც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ვერც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მოიპოვა.
ქალაქ თელავის მერიის ინფორმაციით, 2014-2016 წლებში თელავში რეაბილიტაცია მხოლოს რვა შენობას ჩაუტარდა. ასევე, აშენდა მერიის ახალი შენობა.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წელს რეაბილიტირებული შენობების შესახებ ინტერნეტ სივრცეში არსებული მონაცემები (რომელთა მიხედვითაც შესაძლოა მართლაც 165 შენობა განახლდა) არასრულყოფილია და დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა, გიორგი ბოტკოველის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.