„დოლარში გაცემული საბანკო სესხების მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან თითქმის 8 პროცენტით არის შემცირებული. ბოლო შვიდ თვეში მთლიან სესხებში კომერციული ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხების წილი 65-დან 58%-მდე შემცირდა. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, დიდი წარმატებით გაართვა თავი ამ ძალიან რთულ, ამავდროულად საჭირო რეფორმას“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სასესხო ვალდებულებების მომსახურების გაძვირების საკითხი აქტუალური გახდა. ლარის გაუფასურებამ გააძვირა სასესხო ვალდებულებების მომსახურება იმ პირთათვის, ვისი შემოსავალიც ლარში, ვალდებულებები კი უცხოურ ვალუტაშია.
გრაფიკი 1:სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლის ცვლილების ტენდენცია
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
სავალუტო რისკის მაღალი დონე საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ცალკე აღებული მსესხებლისთვის, არამედ, მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მთლიანად ფინანსური სექტორის პრობლემად იქცეს. შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესია, ფიზიკურმა პირებმა (რადგან მათ ნაკლებად შეუძლიათ სავალუტო რისკების დაზღვევა), სესხი აიღონ იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ.
მიმდინარე წლის იანვრიდან, ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მცირე მოცულობის სესხების (100 000 ლარამდე) გაცემა აკრძალა. ხელისუფლებამ ლარის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ნაწილობრივ აღმოფხვრის საფუძვლით კი ე.წ „გალარების“ ერთჯერადი პროგრამა დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა სესხის ლარში კონვერტაცია მოეხდინათ ფაქტიურ გაცვლით კურსზე 20 თეთრით დაბალ ფასად, ხოლო აღნიშნული სხვაობის დაფარვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხდებოდა სუბსიდიის სახით. პროგრამა შეეხო მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის 1 იანვრამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით ჰქონდათ აღებული. პრემიერ-მინისტრი საკუთარ განცხადებაში სწორედ აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე მიუთითებს.
ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისათვის (2017 წლის იანვარი) კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე სესხის სახით 17.5 მლრდ ლარი იყო გაცემული, საიდანაც 6 მლრდ ეროვნულ ვალუტაში 11.5 მლრდ ლარი კი უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში სესხები ეკონომიკის მთლიანი დაკრედიტების 66%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ეკონომიკაზე გაცემული საკრედიტო რესურსი 18 მლრდ ლარამდე, მათ შორის ეროვნული ვალუტით გაცემული კრედიტების ოდენობა კი 7.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა. შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა და 10.4 მლრდ ლარი შეადგინა. თავის მხრივ, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების წილი მთლიან პორთფელში 57.7%-მდე შემცირდა.
თუმცა, სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლის ცვლილების ანალიზისას გასათვალისწინებელი ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსიც. რადგან სესხების ჯამური მოცულობა ლარშია გამოსახული, ლარის გამყარება დოლარში გაცემული სესხების ლარში გამოსახულ მოცულობას ამცირებს.
2017წლის 1 იანვრის მდგომარეობით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.65-ის ნიშნულზე იყო, 1 სექტემბრისათვის კი 8.2%-ით გამყარდა და 2.43-ს გაუტოლდა. ლარის გამყარებამ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ლარში გამოხატული მნიშვნელობის და შესაბამისად მთლიან პორთფელში მისი წილის შემცირება გამოიწვია. იანვრიდან (4.36 მლრდ დოლარი) სექტემბრამდე (4.27 მლრდ დოლარი) უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების დოლარში დენომინირებული მოცულობა 2%-ითაა შემცირებული, მაშინ, როცა იგივე სიდიდის ლარში გამოსახული მაჩვენებლის შემთხვევაში კლება 10%-ია. ეს სხვაობა ლარის გამყარების ეფექტითაა გამოწვეული. კურსის უცვლელობის პირობებში, სექტემბრის მდგომარეობით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი მთლიან მოცულობაში 59.75%-ის ნიშნულზე იქნებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ ე.წ „გალარების“ ერთჯერადი პროგრამის ეფექტს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა 17 იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით იყო შესაძლებელი და „გალარებული“ სესხების მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 80 მლნ დოლარი შეადგინა. პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომელთა სასესხო ვალდებულება უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი. 1-ლი იანვრის მდგომარეობით რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე ჯამში 5.39 მლრდ ლარის ოდენობით უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი იყო გაცემული, რომლის 83.2%-ს (4.48 მლრდ ლარი) უცხოური ვალუტით გაცემული სესხები შეადგენდა. 31 მარტის მდგომარეობით სესხების ჯამური ოდენობა 5.24 მლრდ ლარამდე, მასში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების წილი კი 75.7%-მდე (3.97 მლრდ) შემცირდა. ვალუტის კურსის ცვლილების ეფექტის გამორიცხვით აღნიშნული მაჩვენებელი 77.2%-ის ნიშნულზე იქნებოდა. ცვლილება სრულად აღნიშნული პროგრამით გამოწვეული პროცესებით არ აიხსნება, თუმცა ხელოვნურმა ჩარევამ კონკრეტულად მოცემული პერიოდის მაჩვენებლების ცვლილებაზე გარკვეული გავლენა იქონია.
ამავდროულად, გალარების პროგრამის წარმატებულობაზე მითითების მართებულობას ეჭვქვეშ აყენებს ფაქტობრივად მიღწეული შედეგის გეგმიურისაგან არსებითი ჩამორჩენა. კერძოდ, სესხების კონვერსიის პროცესის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების (65 მლნ) მხოლოდ 24.2%(15.7 მლნ) იქნა ათვისებული. პროგრამით ისარგებლა 5 614-მა ბენეფიციარმა, მაშინ როცა ცვლილებები შესაძლებელია შეხებოდა (ფინანსთა მინისტრის განცხადებით) 33, ხოლო ეროვნული ბანკის პოზიციით 27ათას მსესხებელს. მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ სესხის ლარში კონვერსია მისაღებად დებიტორთა მხოლოდ 17-20%-მა მიიჩნია. მსესხებელთა უმრავლესობისათვის კი პროგრამის პირობები სარგებლიანი არ აღმოჩნდა, ან მიზნობრივ აუდიტორიამდე სრულყოფილი ინფორმაციის სათანადო ფორმით მიტანა ვერ მოხერხდა. შედეგად, ხელისუფლებამ ერთი მხრივ შეიმუშავა საკამათო გეგმა, რომლის მიზანშეწონილობა გარკვეულ კითხვებს ბადებს, მეორე მხრივ კი ვერც მისი სრულყოფილად განხრციელება უზრუნველყო.
დასკვნამიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში ეკონომიკაზე გაცემული სესხების ჯამურ მოცულობაში უცხოური ვალუტით გაცემული საკრედიტო რესურსის წილი 66-დან 57.7%-მდე შემცირდა. თუმცა, კლების 8.3% პუნქტიანი მაჩვენებელი გადაჭარბებით აფასებს ცვლილებას, ვინაიდან მოიცავს ეროვნული ვალუტის გამყარებით გამოწვეულ გავლენასაც. კურსის ცვლილების ეფექტის გამორიცხვით, სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი სექტემბრის მდგომარეობით 59.8%-ის ნიშნულზე იქნებოდა.
ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ლარიზაციის მაჩვენებლის საკანონმდებლო ცვლილებების გზით გაუმჯობესების მცდელობა საკამათო მიდგომაა. ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის ამაღლება (რაც ბუნებრივად აისახება ლარიზაციის გაზრდილ მაჩვენებელში), გრძელვადიან პერიოდში, მხოლოდ სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშია მიღწევადი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.