სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილია არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები პოლიციის მხრიდან, თუმცა, [მსგავსი დარღვევები] შემცირებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.
სახალხო დამცველის აპარატი, პენიტენციურ სისტემასა და დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით, ყოველწლიურად ატარებს მონიტორინგს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სტატისტიკას ცალკე აწარმოებს. სტატისტიკაში აღიწერება, თუ რამდენი მოქალაქე მოხვდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათგან რამდენი იყო დაზიანებით შესახლებული, ასევე პოლიციის მისამართით რამდენი პრეტენზია დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატს აწვდის.
ცხრილი 1:
დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა (2013-2016 წლები)
წლები | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | |
1 | შესახლებულ პირთა რაოდენობა | 16 553 | 17 087 | 16 416 | 13 081 |
2 | დაზიანებით შესახლებული პირები | 7 095 (57.13%) | 6 908 (40.4%) | 5 992 (36.5%) | 6 417 (49%) |
3 | პრეტენზია პოლიციის მიმართ | 111 (0.7%) | 198 (1.16%) | 168 (1%) | 193 (1.5)% |
აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით,
2014 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორში 17 087 პირი შეასახლეს, რაც 2013 წლის მონაცემებს 3.2%-ით აღემატება. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 3.9%-ით შემცირდა, 2016 წელს კი, წინა (2015) წელთან შედარებით, 20.3%-ით.
რაც შეეხება დაზიანებით შესახლებულთა რაოდენობას, 2014 წელს შესახლებულ პატიმართა 40.4%-ს აღენიშნებოდა დაზიანება. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 36.5% იყო, ხოლო 2016 წელს 49%. აღნიშნულის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, დაზიანებით შესახლებულ პირთა რაოდენობა, როგორც 2015, ისე 2014 წელთან შედარებით გაზრდილი, ხოლო 2013 წელთან შედარებით შემცირებულია.
რაც შეეხება პოლიციის მიმართ პრეტენზიის შემთხვევათა რაოდენობას, 2014 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულთა 1.16%-მა გამოხატა პრეტენზია პოლიციის მიმართ, 2015 წელს 1%-მა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი შესახლებულთა 1.5% იყო. 2016 წლის მონაცემებით პოლიციის მიმართ პრეტენზიათა წილი, შესახლებულთა შორის როგორც 2014 წლის, ისე 2015 წელთან შედარებით გაზრდილია.
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის 2015-2016 წლების სტატისტიკა კი შემდეგნაირია:
ცხრილი 2:პენიტენციურ სისტემაში შესახლებულ ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის სტატისტიკა
წელი | სულ შესახლდა | დაზიანება დაკავებამდე | დაზიანება დაკავებისას | დაზიანება დაკავების შემდგომ | არ მიუთითა | დაზიანებათა შემთხვევები |
2015 | 6 294 | 818 | 88 | 37 | 8 | 951 |
2016 | 5 287 | 764 | 91 | 103 | 5 | 963 |
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში შესახლებულ პირთა 2014, 2015 წლის უფლებრივი სტატისტიკა ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა. სახალხო დამცველის 2016 წლის ანაგრიშის მიხედით, 2015 წელს დაზიანება პენიტენციურ სისტემაში შესახლებულთა 15.1%-ს აღენიშნებოდა, 2016 წელს კი - 18.2%-ს. შესაბამისად 2016 წელს პენიტენციურ სისტემაში შესახლებულთა შორის დაზიანებათა შემთხვევების რაოდენობა 3.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
2016წელს პენიტენციურ სისტემაში დაფიქსირებულ დაზიანებებს შორის ყველაზე მეტად (დაახლოებით სამჯერ) დაკავების შემდეგომ განხორციელებული დაზიანებების ფაქტებია გაზრდილი.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად არცერთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ომბუდსმენის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურის არაეფექტური გამოძიებიდან გამომდინარე, 2016 წელს უცვლელი დარჩა, 2013-2015 წლებში სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები. რაც გულისმხობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების და პენიტენციურ სისტემაში, სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებდა.
დასკვნა
სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში 2015-2016 წლებში დაკავებულ პირთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით შემცირებულია. თუმცა, იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობაში გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა რაოდენობა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი დაკავებულთა 40.4% იყო, 2015 წელს 36.5%, ხოლო 2016 წლის მონაცემებით 49%. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს პოლიციის მიმართ პრეტენზია, იზოლატორში მოთავსებულთა 1.16%-მა გამოთქვა, 2015 წელს 1%-მა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებლი 1.5%-მდეა გაზრდილი.
რაც შეეხება პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას, 2014 წლის სტატისტიკური მონაცემები ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა. 2015 წლის მონაცემებით, დაზიანება პენიტენციურ სისტემაში შესახლებულთა 15.1%-ს აღენიშნებოდა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 3.1 პროცენტული პუნქტით გაიაზრდა და 18.2% შეადგინა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, უჩა ნანუაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.