"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „საქმიანი დილა“ მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისში 2017 წლის 7 თვეში 20 ათასზე მეტ აბონენტს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. "ქუთაისში დენი ჩაეჭრა 20 214 ოჯახს, აქედან 150 ოჯახს განწილვადება გაუკეთდა, 7 თვის განმავლობაში", – განაცხადა წულაიამ (იხ. ვიდეო: 1:59:20 სთ-დან).
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს. კომპანია საქართველოში 2007 წლიდან ოპერირებს, ის ახდენს მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების გენერაციას (ფლობს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურს) და ამავე დროს არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი კომპანია. კომპანია ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტ აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამი სახის ტარიფი აქვს დაწესებული: ვინც თვეში 101 კვტ/სთ–მდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ერთ კვტ/სთ-ზე 12.95 თეთრის გადახდა უწევს, 101-დან 301 კვტ/სთ-მდე გახარჯული ენერგიისთვის აბონენტი 16.93 თეთრს იხდის, ხოლო ვინც 301 კვტ/სთ-სა და უფრო მეტს მოიხმარს – 21.45 თეთრს.
მილიონზე მეტი აბონენტიდან, რომელსაც „ენერგო-პრო ჯორჯია“ ემსახურება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 73 384 აბონენტია. ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო კომპანია ყოველთვიურად აბონენტების გარკვეულ რაოდენობას უზღუდავს მომსახურებას.
ქუთაისის ტერიტორიაზე, ფაქტ-მეტრის მიერ კომპანიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს საფასურის გადაუხდელობის გამო 22 437 აბონენენტს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც აბონენტთა 30%-ზე მეტია. თუ საშუალო თვიურ მაჩვენებელს გამოვთვლით, გამოდის, რომ 2016 წელს, თვეში საშუალოდ 1 870 აბონენტი ითიშებოდა ქსელიდან.
2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ქსელიდან 17 897 აბონენტი გამოირთო. ამ მონაცემს თუ შევადარებთ გასული წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელს, მივიღებთ, რომ მოცემულ პერიოდში კომპანიამ ელექტროენერგიის მიწოდება გადაუხდელობის გამო თვეში, საშუალოდ, 2 556 აბონენს შეუწყვიტა.
რაც შეეხება ე.წ. განაწილვადებას, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებული კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის ღირებულებისა გადახდის წესის თანახმად, დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგებას უწყვეტს. ამასთან, აბონენტებს, რომლებსაც აქვთ დავალიანება და ვერ ახერხებენ ერთდროულად მის გადახდას, კომპანია აძლევს დავალიანების ნაწილ-ნაწილ დაფარვის საშუალებას. ასეთ დროს კომპანიასა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ისინი თანხმდებიან დაგროვილი დავალიანების დაფარვის გრაფიკზე (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №20, მუხლი 9, პუნქტი 5, 7).
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მონაცემებით, 2016 წელსა და 2017 წლის 7 თვეში განაწილვადების ხელშეკრულება სულ 437 აბონენტთან გაფორმდა. ფაქტ-მეტრთან საუბარში კომპანიის რეპორტინგისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, ანზორ უნდილაშვილმა, დააზუსტა, რომ ამ ხელშეკრულებით გასულ წელს 327-მა აბონენტმა ისარგებლა, ხოლო 2017 წლის 7 თვეში 140-მა.
დასკვნა
მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქუთაისში 17 897 აბონენტს შუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, რის საფუძველიც მომხმარებლების მიერ საფასურის გადაუხდელობა იყო. ამასთან, აბონენტების რიცხვი, ვინც ვერ შეძლო დაგროვილი დავალიანების დროულად გადახდა და კომპანიას მიმართა მისი განაწილვადების (ეტაპობრივად გადახდის) ხელშეკრულების გასაფორმებლად, 140-ს შეადგენს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გოგი წულაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.