„2013 წლიდან 2016 წლამდე მიწისქვეშა სამუშაოების კუთხით, KFW-ის პროექტის ფარგლებში, შესრულდა 188 მლნ ლარის სამუშაო, ჩადებულია წყლისა და კანალიზაციის სისტემის 165 კმ მაგისტრალი, 72 ათასი აბონენტი ჩაერთო 24-საათიან წყალმომარაგებაში“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში 2007 წელს შევიდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით გათვალისწინებული I და II ფაზების სამუშაოებისა და დაფინანსების შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვწერდით.მესამე ფაზის სამუშაოების მთავარი მიზანი კი ქალაქის დანარჩენი საკანალიზაციო და წყლის სისტემის რეაბილიტაციაა.
KFW-სა და ქართულ მხარეს შორის, პროექტის - „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია, ფაზა III“ - დაფინანსების მიზნით, ხელშეკრულების დადების შესახებ სასესხო ხელშეკრულება 2011 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა. მას შემდეგ, რაც ქართული მხარე ყველა პირობას შეასრულებდა, ბანკი ეტაპობრივად დაიწყებდა თანხის ჩამორიცხვას. ჯამში საუბარია 20 მლნ ევროზე. იმავდროულად, აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა თანადაფინანსების წყაროები და რაოდენობა: 9 მლნ ევრომდე - KFW-ის მიერ დამოუკიდებელი დაფინანსების ხელშეკრულებით; 4 მლნ ევრომდე - ხელმისაწვდომი გახდა ევროკომისიის მიერ KFW-ის მეშვეობით დამოუკიდებელი დაფინანსების ხელშეკრულებით; 6 მლნ ევრომდე - ყოფილი კრედიტების საგარანტიო ფონდის თანხების ხელმეორედ გამოყენების შედეგად და 5 მლნ ევრომდე - ქართული მხარის ადგილობრივი კონტრიბუცია. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა კიდევ ერთი განკარგულება,რომლითაც გერმანულ მხარესთან პროექტის IV ფაზით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის 30 მლნ ევროს ოდენობის სესხის მიღებას დათანხმდა.
ბათუმის მერიიდან ფაქტ-მეტრისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2013-2014 წლებში საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და საერთაშორისო სატენდერო პროცედურები ჩატარდა, ხოლო წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები 2015 წელს დაიწყო.ცხრილი 1:
ბათუმის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცის პერიოდები და დაფინანსება
წ. |
წყალარინების სისტემები | წყლის სისტემები | ||||||
სიგრძე მ | ღირებულება, ევრო | სიგრძე მ | ღირებულება, ევრო | |||||
შესრუ ლებული |
დარჩენი ლი |
შესრულ ებული |
დარჩენი ლი |
შესრულებული | დარჩენილი | შესრუ ლებული |
დარჩენილი | |
2015 | 15 130 | 62 051 | 5 105 845 | 22 584 988 | 13 266 | 94 790 | 851 187 | 15 726 952 |
2016 | 27 060 | 34 991 | 9 131 802 | 13 453 185 | 40 826 | 53 964 | 6 498 562 | 7 928 389 |
2017 | 23 166 | 11 825 | 7 817 713 | 5 635 472 | 27 911 | 26 053 | 3 454 587 | 5 773 803 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013-2017 წლებში რეაბილიტირებულია 65 356 გრძ. მ წყალარინების სისტემის მაგისტრალი და დახარჯულია 22 055 360 ევრო, ხოლო დარჩენილია 11 825 გრძ. მ, რისთვსაც კიდევ 5 635 472 ევრო უნდა დაიხარჯოს. რაც შეეხება წყლის სისტემას, რეაბილიტაციის ფარგლებში ჩაიდო 82 003 გრძ. მ გაყვანილობა, რასაც 10 804 336 ევრო მოხმარდა, ხოლო 26 053 გრძ. მ მაგისტრალის რეაბილიტაცია, რაზეც 5 773 803 ევროს დახარჯვა იგეგმება, მომავალში უნდა განხორციელდეს.
გარდა ამისა, პროექტის თანადაფინანსების მიზნით, ბათუმის ადგილობრივ ბიუჯეტში 2013 წელს - 3 852 700 ლარი, 2014 წელს - 6 469 400 ლარი, 2015 წელს - 8 203 000 ლარი და 2016 წელს 9 157 600 ლარი იყო გათვალისწინებული.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 24-საათიანი წყალმომარაგების ქსელში ჩართულია 74 197, ხოლო აქედან გამრიცხველიანებულია 67 501 აბონენტი. დანარჩენი აბონენტების გამრიცხველიანების პროცესი 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. დასკვნაროგორც კვლევამ აჩვენა, KFW-ის დაფინანსებით, III-IV ფაზების ფარგლებში, 2015 წელს შესრულებულია ჯამში 5 957 032 ევროს, ანუ 17 394 533 ლარის (არსებული კურსით, 1 ევრო = 2.92 ლარს) მიწისქვეშა სამუშაოები. თუ ამას პროექტის თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას დავუმატებთ (2013, 2014, 2015 წლები) გამოდის, რომ მოცემულ საანგარიშო პერიოდში მიწისქვეშა სამუშაოებისთვის 35 919 633 ლარი გაიხარჯა. თუ მონაცემებს 2016 წლის ხარჯებსაც დავუმატებთ, 90 717 896 ლარი გამოვა, რაც ლაშა კომახიძის განცხადებაში მოყვანილ 188 მლნ ლარზე ბევრად ნაკლებია.
ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, მერიამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ლარის სამუშაოები შესრულდა 2013 წელს KFW-ის დაფინანსებით. იმ დოკუმენტიდან, რომელიც თვითმმართველობიდან მივიღეთ, ირკვევა, რომ 2013-2014 წლები მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და საერთაშორისო სატენდერო პროცედურების ჩატარებას დასჭირდა. შესაბამისად, რთული სათქმელია, რა თანხები დაჯდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. რაც შეეხება მაგისტრალის რეაბილიტაციას, 2015-2016 წლების მიხედვით, რეაბილიტირებული მაგისტრალის სიგრძე 96 282 გრძ. მეტრს შეადგენს. ხოლო, 24-საათიან წყალმომარაგებაში ჩართული აბონენტების რაოდენობამ უკვე 74 197-ს მიაღწია.
იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმის მერიიდან მიღებული მონაცემები არასრულყოფილია და ცალსახა დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა, ლაშა კომახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.