„ამ ხუთი წლის განმავლობაში გურიაში 130 კმ გზის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ქალაქების ქუჩებისა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების დიდი ნაწილი. აღდგა და აშენდა ხიდები, მათ შორის, მერია-ლაითურის 150 მეტრი სიგრძის ხიდი. ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში განხორციელდა წყალმომარაგების ქსელისა და სათავე ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
გურიის რეგიონში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013-2017 წლებში გურიაში 42 კმ გზის და 6 ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეგიონული განვითარების ფონდმა გურიაში განხორციელებული პროექტების ნუსხა მოგვაწოდა, მათ შორის, ინფორმაცია რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და ხიდების შესახებ. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2013-2017 წლებში გურიაში აგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისთვის 38 057 631 ლარიდაიხარჯა (სამწუხაროდ, მიღებულ ინფორმაციაში რეაბილიტირებული გზების სიგრძე მითითებული არ არის).
თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს 12.5 კმ გზის დაგება 4 772 700 ლარი დაჯდა, მაშინ, ამ მონაცემზე დაყრდნობით, 1 კმ გზის რეაბილიტაცია საშუალოდ 381 816 ლარია. ამდენად, 38 057 631 ლარის ფარგლებში დაახლოებით 100 კმ გზის რეაბილიტაცია იქნებოდა შესაძლებელი. თუ აღნიშნულ გამოთვლას დავეყრდნობით, 2013-2017 წლებში გურიაში დაახლოებით 142 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელებულა.
ასევე აღსანიშნავია, რომ მერია-ლაითურის 150 მეტრი სიგრძის ხიდის რეაბილიტაცია 2015 წლის დეკემბერში დასრულდადა მისი რეაბილიტაცია 2 704 100 ლარი დაჯდა.
რაც შეეხება წყალმომარაგების ქსელის და სათაო ნაგებობების რეაბილიტაციას, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით,2013-2017 წლებში გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვის ღელის წყალმიმღებ ნაგებობას; ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ძველ კალაპოტში დაბრუნების მიზნით წყალსადენის დრენაჟებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა; ასევე, განხორციელდა ურეკის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის მშენებლობა და გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. შედეგად, ქალაქ ოზურგეთს წყალი დღეში 19 საათით, ხოლო ქალაქ ლანჩხუთსა და დაბა ჩოხატაურს 24 საათიანი ინტენსივობით მიეწოდება.
დასკვნასაავტომობილო გზების დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გურიის რეგიონში 2013-2017 წლებში დაახლოებით 142 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ურეკში განხორციელდა, რის შედეგადაც ოზურგეთს 19 საათიანი გრაფიკი აქვს, ლანჩხუთსა და ჩოხატაურს კი წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.