წელია საგარეჯოს ცენტრში, 20-მდე ადამიანი ყოველდღიურად სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს ქუჩაში ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი აგრარული ბაზრის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დაასრულა, გარემოვაჭრეები იქ შესვლაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, ახალ ბაზარში პროდუქტის შესანახი სათავსოები არ არის და არც მისი კარი იკეტება.
„5 წელია ქუჩაში ვართ, რაც ბაზარი კერძო პირმა შეისყიდა. თავიდან ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა შევეყვანეთ, მაგრამ იქ ბაზარს რომ არ გააკეთებდნენ ყველამ კარგად იცოდა. იმ პიროვნებამ შენობა ააშენა და ყიდდა, მაგრამ აღარ იყიდა მუნიციპალიტეტმა და ისევ სხვა კერძო პირმა იყიდა. ახლა ეს შენობა დაკეტილია“, - აცხადებენ გარემოვაჭრეები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ქურდოვანიძის განმარტებით, საგარეჯოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აგრარული ბაზარი 2011 წელს, აუქციონზე გაიყიდა.მისივე ინფორმაციით, პრეტენდენტისთვის პირობად ჩაიდო ახალი სავაჭრო ცენტრის აშენება და ყოფილი ბაზრის შენობაში მომუშავე მოვაჭრეების დასაქმება.
„ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდა, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, იქ არსებული ვაჭრობის გადასახადი მოვაჭრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც, ხელმძღვანელობასა და მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ქალაქის ქუჩებში ვაჭრობდნენ, რაც როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ისე მოქალაქეების ფეხით გადაადგილებას ხელს უშლიდა. ამიტომ გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრის ასაშენებლად თანხა საკუთარი ბიუჯეტიდან გამოეყო“, - უთხრა ფაქტ-მეტრს გიორგი ქურდოვანიძემ.
სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ საგარეჯოს ყოფილი აგრარული ბაზრის გასხვისების დოკუმენტები ვერ მოვიძიეთ. ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2012 წლის ზაფხულში, ბაზრის გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დაპირებულ სამუშაო ადგილებს ითხოვდნენ. აგრარული ბაზრის არარსებობის გამო, მოვაჭრეები ქუჩებში, ცენტრალური საავტომობილო გზის პირას, პროდუქტებს სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ყიდდნენ.ჩვენ ასევე გარემოვაჭრეებს გავესაუბრეთ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აგრარული ბაზრის გასხვისების შემდეგ მათი პრობლემა მოუგვარებელია. მათ ახალ შენობაში გადასვლის შეთავაზების მიღება უარყვეს და განაცხადეს, მეპატრონესთან ამ საკითხზე მოლაპაკება არასდროს ჰქონიათ.
„ამ შენობაში შესვლაზე უარს არ ვიტყოდით, მაგრამ ამ თემაზე შეთავაზება არ ყოფილა. პირიქით, ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ მანდ შევეყვანეთ. ეს შენობა 100 ათას ლარად გაიყიდა და იმ ბაზრის გაკეთება 200 ათსი დაუჯდათ როგორც ვიცით. ახალი უმაქნისი შენობის აშენების ნაცვლად, ეს შენობა უნდა გამოესყიდა მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნეს გარემოვაჭრეებმა, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე აშენებული შენობა დავათვალიერეთ, რომელიც გარემონტებულია და ამჟამად დაკეტილია. აღნიშნული შეუთანხმებლობიდან მეექვსე წელს, 2016 წლის 6 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახალი აგრარული ბაზრის ასაშენებლად 245 333 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ჰორიზონტმა“ სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის აგვისტოს ბოლოს დაასრულა.გარემოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ახალი აგრარული ბაზარი არ იკეტება და დახლები არასწორადაა განაწილებული, რის გამოც იქ შესვლაზე უარს აცხადებენ.
„ბაზრიდან ვაჭარი რომ გავა, კარი უნდა დაიკეტოს. ეს ბაზარი არ იკეტება. იქ შესვლას არ ვაპირებთ. თუ ძალით აგვყრიან, სახლში წავალთ“, - ამბობენ გარემოვაჭრეები.
გარემონტებულია და შესაბამისი დახლებით არის აღჭურვილი ახალი აგრარული ბაზარი, თუმცა, ბაზარს კარი მართლაც არ აქვს. საგარეჯოს გამგეობაში აცხადებენ, რომ ახალი აგრარული ბაზრში პროდუქტის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს. მათივე თქმით, ახალ სავაჭრო ობიექტს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გახსნიან.