„თუ ჩვენ შევადარებთ 2017 და 2018 წლის მონაცემებს, დავინახავთ, რომ ვალის აღების მოცულობა მცირედით გაზრდილია, თუმცა ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვალების დაფარვის მაჩვენებელიც. 760 მილიონი ლარის ოდენობით ვალის დაფარვა 2018 წელს მოხდება და ეს არის უპრეცედენტო... ვალს რაც შეეხება, ვალის აღება ხდება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული, ასევე სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისშესაბამისად, 2018 წელს მთავრობა 2.04 მლრდ ლარის ვალს აიღებს, რაც 245 მლნ-ით აღემატება 2017 წლისთვის დაგეგმილ მაჩვენებელს.
ცხრილი 1:ვალის ცვლილების ტენდენცია, 2012-2018 წლები
2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 გეგმა | 2018 პროექტი | |
ახალი ვალის აღება | 748.2 | 737.9 | 1,569.7 | 1,361.4 | 1,459.0 | 1,792.7 | 2,038.0 |
საგარეო | 689.9 | 588.4 | 996.9 | 1,046.7 | 1,080.6 | 1,392.7 | 1,638.0 |
გრძელვადიანი საინვესტიციო, კრედიტები | 591.2 | 471.7 | 481.7 | 576.1 | 822.5 | 922.7 | 1,288.0 |
ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და სხვ. | 98.7 | 116.6 | 515.1 | 470.6 | 258.2 | 470.0 | 350.0 |
საშინაო | 58.3 | 149.5 | 572.8 | 314.7 | 378.4 | 400.0 | 400.0 |
ვალის დაფარვა | 139.4 | 513.9 | 559.7 | 420.2 | 392.4 | 526.2 | 790.1 |
საგარეო | 96.1 | 454.2 | 503.4 | 370.4 | 332.5 | 431.0 | 725.0 |
საშინაო | 43.3 | 59.6 | 56.3 | 49.8 | 59.9 | 95.2 | 65.1 |
ვალის ზრდა | 608.8 | 224.0 | 1,009.9 | 941.2 | 1,066.6 | 1,266.5 | 1,247.9 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, საშინაო ვალის აღების მაჩვენებელი მიმდინარე წლის გეგმიური მონაცემის ნიშნულზე ნარჩუნდება და 400 მლნ ლარს შეადგენს. მთლიანი ვალის ზრდა კი, საგარეო ვალის ზრდითაა გამოწვეული. თავის მხრივ, საგარეო ვალდებულებების კომპონენტებიდან 120 მლნ-ით მცირდება ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მოცულობა და ზრდადია გრძელვადიანი, საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტების მუხლი.
ვალდებულებების ზრდის პარალელურად იზრდება ვალის დაფარვის მაჩვენებელი. 2018 წელს 790 მლნ-ის ოდენობით ვალის გადახდაა გათვალისწინებული, რაც 264 მლნ-ით აღემატება მიმდინარე წლის გეგმას და ბოლო წლების მანძილზე ვალის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ვალის ცვლილება (ვალის ზრდისა და კლების სხვაობა) 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით 1 248 მლნ ლარს შეადგენს და 18.6 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ მონაცემზე.
იღებს თუ არა სახელმწიფო ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ამის პასუხი ბიუჯეტის პროექტის მე-6თავშია, საიდანაც ირკვევა, რომ ახალი ვალის 86%-ს (მილიარდ ლარზე მეტი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს და სრულად დახარჯავს ინფრასტუქტურულ პროექტებზე. კრედიტიდან 22 მლნ ლარს თავდაცვის სამინისტრო მიიღებს იარაღის შესყიდვისთვის; 30.3 მლნ ლარს განათლების სამინისტრო მიიღებს საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის და ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიის შექმნისთვის; 62.8 მლნ ლარს ენერგეტიკის სამინისტრო მიიღებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის; 55 მლნ ლარის კრედიტს კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიიღებს. აქედან, 20 მლნ აგროკრედიტის პროგრამაზე დაიხარჯება (რაც არ არის ინფრასტრუქტურული ხარჯი), ხოლო 35 მლნ სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციაზე. ჯამში გამოდის, რომ აღებული ვალის დაახლოებით 95% ინფრასტრუქტურული მიმართულების ხარჯებზე მიემართება.
ბიუჯეტის კლასიფიკაციის მიხედვით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მიმდინარე შემოსავალი მიმდინარე ხარჯებზე 615.5 მლნ ლარით მეტია (საოპერაციო სალდო). ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ხარჯებში სახელმწიფო ფულს დაზოგავს და ამ თანხას არაფინანსური და ფინანსური აქტივების შექმნაზე მიმართავს. ჯამში აქტივების შექმნაზე (წმინდა ზრდაზე) 1 863 მლნ ლარს დახარჯავს. ეს 1 863 მლნ ლარი შემდეგნაირად დაფინანსდება: 615.5 მლნ ლარი ბიუჯეტის საოპერაციო სალდოდან, ხოლო 1 248 მლნ - ვალის აღებით. შესაბამისად, თუ მთავრობა მიმდინარე ხარჯების შემცირებას შეძლებს, ბიუჯეტის საოპერაციო სალდო გაიზრდება და იმავე მოცულობის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად უფრო ნაკლები ვალის აღება იქნება საჭირო.
დასკვნა 2018წლის ბიუჯეტის პროეტის თანახმად, ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 245 მლნ-ით იზრდება და 2.04 მლრდ ლარს შეადგენს. ვალდებულებების ზრდა განპირობებულია საინვესტიციო კრედიტების ზრდით. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მოცულობა შემცირებულია, საშინაო ვალის ოდენობა კი მიმდინარე წლის გეგმიური მონაცემის ნიშნულზე ნარჩუნდება. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 264 მლნ ლარითაა გაზრდილი ვალის დაფარვის მაჩვენებელი და 790 მლნ ლარს უტოლდება, რაც ბოლო წლების მანძილზე ვალის მომსახურებაზე ბიუჯეტიდან მიმართული სახსრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ასიგნებების (ხარჯების) და ბიუჯეტის კლასიფიკაცია უჩვენებს, რომ სახელმწიფო ვალს მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად თითქმის არ იღებს. თუმცა, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების უფრო ეკონომიკურად დაგეგმვის შემთხვევაში, მთავრობის დანაზოგი გაიზრდებოდა და ქვეყანას ნაკლები სახელმწიფო ვალის აღება დასჭირდებოდა იგივე მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის კლასიფიკაცია მაინც პირობითი დაყოფაა და არ ნიშნავს, რომ თუ დონორები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფულს არ გვასესხებდნენ, მთავრობა საკუთარი თანხებიდან მაინც იმდენს დახარჯავდა, რამდენსაც ახლა გეგმავს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად აქტუალური გახდებოდა მიმდინარე ხარჯების შემცირება. ბიუჯეტი ტექნიკურად არის ისე მოწყობილი, რომ თითქოს ვალის აღებას მიმდინარე ხარჯების მოცულობაზე გავლენა არ აქვს, რაც არსებითად არასწორია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.