ფაქტ-მეტრი გთავაზობთ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებთან ინტერვიუს. ჩვენს შეკითხვებს პასუხობს გოჩა კურდღელია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", მაკა ჯინჯოლია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ვახტანგ დარცმელიძე -

 "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო".

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

გოჩა კურდღელია (“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”)

ფოთი ჩემი მშობლიური ქალაქია, სადაც დავიბადე და გავატარე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება. აქ უნდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმა და მათმა შვილებმა. ამდენად, ქალაქის ყველა პრობლემა მეტ-ნაკლებად ეხება ჩემს ოჯახსა და ახლობლებს. ჩემი პირველი სამსახური ფოთის ნავსადგურის კომერციული განყოფილება იყო, დავიწყე სპეციალისტის პოზიციიდან და წლების განმავლობაში მივაღწიე იმას, რომ ჩემს გუნდთან ერთად, ერთ-ერთმა პირველებმა მოვახდინეთ ნავმისადგომების  მოდერნიზება, შევიძინეთ უახლესი ტექნიკა, გავზარდეთ ტვირთბრუნვა. ამის შემდეგ, ჩემს მიერ მოზიდული ევროპული ინვესტიციით ფოთში საწარმოო ტერმინალი გაიხსნა. დასაქმდა ორასზე მეტი ადამიანი. ეს არის 10 მილიონიანი პროექტი, რომლის განხორციელება ჯერაც გრძელდება. თუკი რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი. არ დავიზარებ მთელი ჩემი ცოდნა, გამოცდილება და კავშირები ფოთის საკეთილდღეოდ მივმართო და გავაკეთო საქმე, რომელიც სარგებლობას მოუტანს ფოთელებს.

მაკა ჯინჯოლია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ჩემი უპირატესობა არის ჩემი სუფთა წარსული, ხოლო ჩემი გუნდის სიძლიერე წარსულის ხარვეზების აღიარება და შეცდომებზე სწავლა. პოლიტიკაში მოვდივარ განახლებულ გუნდთან ერთად, იმ გუნდთან რომლისთვისაც დასავლური ღირებულებები და ერონული იდენტობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენს გუნდში არიან, როგორც ძველი, ისე ახლი წევრები, ძველი წევრები რომლებსაც მდიდარი გამოცდილება აქვთ ქვეყნის შენების საქმეში, მათი გამოცდილება და ახალი წევრების პროგრესული აზროვნების სინთეზი, მოგვცემს საშუალებას გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქლაქის და არა მარტო ჩვენი ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.

ვახტანგ დარცმელიძე (“ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”)

მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ჩემს თავზე არ ვისაუბრებ. უპირველეს ყოვლისა ჩემს გვერდით დგას გუნდი რომელსაც გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ფოთთან და ფოთელებთან მიმართებაში. ამასთანავე ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გააჩნია საკმაოდ მაღალი ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც აუცილებელია ფოთის განვითარებისთვის და ევროპულ ქალაქად ქცევისთვის. ჩვენს გუნდში არიან როგორც გამოცდილი პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები ამასთანავე ახალი სახეები რომლებსაც აქვთ სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ ქალაქის განვითარებაში. ამასთანავე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის მიუღებელია კორუფცია, ნეპოტიზმი და კლანური მმართველობის სტილი რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა, გამონაკლისი არც ფოთია. სწორედ იმ ცოდნის და გამოცდილების, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ფოთის განვითარებისთვის და ასევე ქალაქისადმი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც გააჩნია ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ამომრჩეველმა სწორედ რომ ჩემზე და ჩემს გუნდზე უნდა შეაჩეროს არჩევანი. რადგან ჩვენ გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული გეგმა, როგორ ვაქციოთ ფოთი ევროპულ ქალაქად.

  როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)   გოჩა კურდღელია (“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”)       

ირაკლი კაკულიას მერობის პერიოდში, ჩვენი მთავრობის მიერ, ბევრი საინტერესო და სასიკეთო პროექტი განხორციელდა. აღებული კურსი უნდა გაგრძელდეს. გასაკეთებელი ბევრია არა მარტო ფოთში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხალხის პრობლემები კარგად არის დანახული მმართველი გუნდის მიერ, მაგრამ ყველა ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება  დრო. დემოკრატიული განვითარება შეუქცევადი პროცესია. არჩევნებს მოაქვს ახალი ენერგია, ახალი ხედვა. ამის გარეშე ქვეყანაში წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.

მაკა ჯინჯოლია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

მოქმედი მერის საქმიანობის არც პოზიტიური შედეგით მისარგებლია და არც ნეგატიურით.

ვახტანგ დარცმელიძე (“ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”)

მოქმედი მერის საქმიანობის შეფასებისას ყველაზე რელევანტური ფრაზებია: კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა, კანონგარეშე საქმიანობა, პოლიტიკური დევნა და უუნარობა. სამწუხაროდ ბატონი კაკულიას საქმიანობას არ ახასიათებდა პოზიტიური შედეგები. მაგრამ მრავლად იყო ნეგატივი, რომელიც პასუხის პირველ ნაწილში მოგახსენეთ. ბატონმა კაკულიამ თავისი საქმიანობის პირველივე დღიდან დაიწყო პოლიტიკური ნიშნით დევნა საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების და მათ ადგილებზე ნეპოტიზმის შედეგად პარტაქტივის დასაქმებით იყო დასაქმებული, მისი მსგავსი ქმედებები ბიუჯეტს კომპენსაციებში გადახდილი ასობით ათასი ლარი დაუჯდა. ამასთანავე აღსანიშნავია ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვა, რომელსაც კორუფციის შედეგად გაფლანგული თანხები ემატება, შედეგი კი სახეზეა: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გაბერილი ბიუროკრატია, მძიმე სოციალური მდგომარეობა. კონფრონტაციული მდგომარეობა უმსხვილეს დამსაქმებელთან, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორ კომპანიასთან, რომლის შედეგადაც ფოთის „კოლხეთს“ მოეხსნა ძალიან სერიოზული დაფინანსება.

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   გოჩა კურდღელია (“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”)

სწორედ ახლა ვატარებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ეს არის კარგი საშუალება ადგილზე გაეცნო ხალხის პრობლემებს. ეს არის: სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა; დასაქმების პრობლემა; ფოთში, სამწუხაროდ, სტადიონის პრობლემა აქტუალურია. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა და  ფოთელი ახალგაზრდები მალე მიიღებენ  თანამედროვე ტიპის სტადიონს.

მაკა ჯინჯოლია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

დასაქმების პერსპექტივის არ არსებობა, მძიმე სოციალური ფონი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მიგრაციული პროცესები, რატომ უნდა მიდიოდეს შრომისუნარიანი ადამიანი სამუშაოს საძიებლად უცხო ქვეყანაში? ეს პრობლემები მოგვარებადია, თუ  იქნება მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და მისი განთავისუფლება ზეწოლისგან,  სამართლებრივ ჩარჩოს არ აცდება ტენდერები, შეიქმნება ეფექტური სამუშაო გარემო,  განვითარდება ინფრასტრუქტურა  და  შეიქმნება კარგი საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველფერი, ნაბიჯ–ნაბიჯ გააუმჯობესებს ჩემი თანაქალაქელების ყოველდღიური  ცხოვრების ხარისხს.

ვახტანგ დარცმელიძე (“ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”)

უმუშევრობა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, საჯარო დასასვენებელი ადგილები, გარემოს პრობლემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმცირე (საჭიროა ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობუსების შეძენა ქალაქისთვის). უმუშევრობის და ინფრასტრუქტურის მოგვარება შეიძლება კომპლექსურად განვიხილოთ, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოები მოითხოვს მუშახელს, ამასთანავე, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგაც აღნიშნული ობიექტები თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურა მოითხოვს მოვლას, დამატებით მუშახელს. ,,ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო“-ს გამარჯვების შემდეგ ქალაქში გაგრძელდება კანალიზაციის მშენებლობა და შიდა გზების მოწესრიგება. ამასთანავე დასრულდება კინოთეატრის მშენებლობა, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება გახდება შესაძლებელი, მოწესრიგდება ცენტრალური პარკი, განხორციელდება მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია და შიდა ეზოების კეთილმოწყობა, დასრულდება ცენტრალური (ფოთის კოლხეთის) სტადიონის მშენებლობა, აშენდება ახალი სატუმბი სადგურები რაც ქალაქის შიდა გზებს და ეზოებს დაიცავს დატბორვისგან, განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, ყოველივე ზემოაღნიშნული არის დამატებითი სამუშაო ადგილები. აღსანიშნავია ის, რომ გამართული ინფრასტრუქტურით და მოწესრიგებული კომუნიკაციებით ჩვენ შევძლებთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. იქედან გამომდინარე, რომ ფოთში არის საზღვაო პორტი, ასევე სხვადასხვა ქარხანა და ძირითადი ტვირთბრუნვა მიმდინარეობს ფოთში, გარემოს მდგომარეობა არასახარბიელოა. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, რომელიც ბიზნესთან მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი და პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას. ყველასათვის ცნობილი ფაქტია ის, რომ ფოთში საღამოს 6 საათის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს, რაც ადგილობრივებს დიდ პრობლემას და დისკომფორტს უქმნის, ჩვენი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მოგვარდება.

რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

გოჩა კურდღელია (“ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო”)

ჩემთვის უცხოა პოპულიზმი. ამას ყოველთვის ვარიდებდი თავს. არც იმ ასაკში ვარ დაუფიქრებელი დაპირებები გავცე. გავაგრძელებ ყველა დაწყებული პროექტის განხორციელებას. ყველა ახალ წამოწყებას ჩავუდგები სათავეში. მაქვს დამატებით იდეები. საბიუჯეტო სახსრების თითოეული თეთრი  მოხმარდება ფოთს. ეს დაპირებათა მინიმუმია. რაც შეეხება მაქსიმუმს, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფოთში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტები, ფოთი გახდეს ევროპული დონის ქალაქი.

მაკა ჯინჯოლია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ბიუროკრატიისა და პრემია დანამატების შემცირების ხარჯზე გაიზრდება სოციალურად დაუცველების დაფინანსება, გაუმჯობესდება ჯანდაცვის და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ხელს შევუწყობთ წარმატებული სტუდენტების ევროპულ განათლებას, ფოთელ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ მერიაში, სკოლის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გამოიყოფა დამატებითი თანხები,  უფრო მეტიც, წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება  და წახალისდება, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი თანხები გაიზრდება, დასრულდება მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა ჰიპერმარკეტით და ორი კინოდარბაზით, გაგრძელდება ქალაქის კანალიზაციის შიდა ქსელების რეაბილიტაციის პროექტი და  ქუჩების ასფალტირება,  განვითარდება ინფრასტრუქტურა, ქალაქის ტერიტორიაზე შეიქმნება  ახლი ტიპის რეკრეაციული ზონები, აშენდება ახალი სტადიონი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები,  გაიზრდება პენსიები, მოხდება მცირე საწარმოს და ბიზნესის ხელშეწყობა და თავშესაფარში მყოფი უსახლკაროებისთვის აშენდება  სოციალური სახლები.

ვახტანგ დარცმელიძე (“ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”)

საპენსიო დანამატი 30 ლარი. ფოთში სულ ცხოვრობს 7 700 პენსიონერი, რომელთათვისაც 30 ლარიან საპენსიო დანამატის გაცემას ჭირდება 2 772 000 ლარი. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება ბიუროკრატიის შენახვაზე და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების   გაუაზრებელი საზღვარგარეთ ვოიაჟებზე ხარჯავს 3.7 მილიონ ლარს. ამასთანავე სხვა მეორადი დარგების დაფინანსებაზე იხარჯება 6 მილიონ ლარამდე, საიდანაც ნაწილ თანხებს მივმართავთ საპენსიო დანამატის დასაფინანსებლად. აღნიშნული დაპირების შესრულება, შესაძლებელი გახდება დეკემბერში. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე თანხები ჩაიდება 2018 წლის ბიუჯეტში და აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაიწყება მყისიერად. იქედან გამომდინარე, რომ კანალიზაციის პროექტი არის მსხვილბიუჯეტიანი და მისი განხორციელებისთვის აუცილებელია თანხების ჩადება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჩვენ გამარჯვების შემდეგ მოვთხვოვთ ცენტრალურ ხელისუფლებას აღნიშნული პროექტისთვის თანხების გამოყოფას, ჩვენი გათვლებით აღნიშნული პროექტის დასრულება, ეფექტური მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია 2019 წლისთვის. ცენტრალური სტადიონის მშენებლობა (1.4 მილიონი დაიხარჯა ორ ტენდერში) შეიძლება მივიჩნიოთ ხელისუფლების კორუფციის და უუნარობის კლასიკურ მაგალითად. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში 2017 წლის ზაფხულში ფოთს ექნება ახალი ცენტრალური სტადიონი.

არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით) გოჩა კურდღელია (ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო)

ბუნებით გახსნილი ადამიანი ვარ. მიყვარს გუნდური მუშაობა. ჩემი ხელმისაწვდომობა დამოკიდებული იქნება სამუშაო გრაფიკზე. არ მგონია ფოთელებს მოეწონოთ მერი, რომელიც დროს მხოლოდ ლაპარაკში გაატარებს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მოსახლეობამ არ იგრძნოს გულგრილი დამოკიდებულება მათი პრობლემებისადმი.

მაკა ჯინჯოლია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

არსებობს მოქალაქეებთან ურთიერთობის რეკომენდირებული ფორმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მთავრობის საქმიანობა განსაჯოს, მოხდეს იდეების ორმხრივი გაცვლა და კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, მე არ ვიქნები კარჩაკეტილი, ინდეფერენტული მერი, რომელიც პასუხისმგებლობის აღებას უკანა კარებიდან გასვლას არჩევს. მე ყოველთვის ვიქნები ხალხთან.

ვახტანგ დარცმელიძე (“ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”)

საერთოდ ფოთელობა უკვე ძალიან დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ერთმანეთის წინაშე. პირადად მე და ჩემი გუნდის თითოეული წევრი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ხალხთან. მათთან ურთიერთობა და მათგან ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვნად გვეხმარება წინასაარჩევნო კამპანიის და პროგრამის დაგეგმვაში. ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი არის კარდაკარ სიარული და მოქალაქეებთან უშუალოდ საუბარი. შესაბამისად ჩემი მერად არჩევის შემდეგაც მათ არ გაუჭირდებათ ჩემამდე მოსვლა და მათი პრობლემების გაზიარება. მათ შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნებისმიერ დროს კონტროლი გაუწიონ მის ხარჯვით ნაწილს. ამასთანავე ტრადიციული მიღების საათებთან ერთად, მე უშუალოდ ვივლი მოსახლეობასთან და მათგან მივიღებ ინფორმაციას თუ რა აწუხებთ და რა პრობლემის მოგვარებას მიიჩნევენ უპირატესად. ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, საკრებულოში იქნება ეს თუ აღმასრულებელ რგოლში, უშუალო და ყოველდღიური კონტაქტი ექნებათ მოსახლეობასთან.

როგორ წარმოგიდგენიათ ფოთის სივრცითი-ტერიტორიული განვითარება? ამ კუთხით როგორ უნდა განვითარდეს ფოთი და რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

გოჩა კურდღელია (“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”)

“ქართული ოცნება” მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს ამ კუთხით. ფოთში იგეგმება შემოსასვლელი ხიდისა და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა, რაზეც 50 მილიონი უნდა დაიხარჯოს. გაგრძელდება სანაპიროს კეთილმოწყობა და ამისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამის პარალელურად უნდა მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. მთავრობის მიერ გადაწყვეტილია  სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რაგბის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გადმოსცა ქალაქს 2,2 ჰა. ტერიტორია. პროექტის ღირებულება 16 მილიონს შეადგენს. გაგრძელდება ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა. ზოგადად ფოთში საკმაოდ ბევრი წარმატებული სპორტსმენია, არის გამართული სპორტული სკოლები. ჩემი უპირველესი მოვალეობა ფოთელი ახალგაზრდების მიმართ იქნება სწორედ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების ხელშეწყობა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის უდიდესი პროექტები ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგაც მოწესრიგდება ქუჩები, დაიგება ასფალტის საფარი. არის სხვა გეგმები, რაზეც მერად გახდომის შემდეგ ვისაუბროთ.

მაკა ჯინჯოლია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ისტორიული შენობების დ ძველი საწარმოების ტერიტორიის რეაბილიტაცია,  ახალი ზონების  კეთილმოწყობა და განვითარება, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის აშენება, ქალაქში არსებული გარეგანათების სისტემის ჩანაცვლება ენერგოეფექტური სისტემით,  ველოსიპედის ბილიკების და მისთვის  გამოყოფილი პარკინგის ზონების მოწყობა, ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკინგის ზონების კეთილმოწყობა,  შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოსა და ჯანსაღი პირობების  შექმნა  არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც  მიღწევადი და განხორციელებადია,  თუ ქალაქს ეყოლება კარგი მმართველი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მისი ქალაქის ნათელი მომავალი.

ვახტანგ დარცმელიძე (“ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”)

ფოთის სივრცითი-ტერიტორიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გააზრებულ  იქნას ის მდგომარეობა რაც დღეს არსებობს ქალაქში. სამწუხაროდ ფოთი არ არის განებრივებული მშენებლობებით, ქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის სატვირთო ავტომობილების (ტრაილერების) ქალაქის ცენტრში და მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მოძრაობა. ამასთანავე მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის აუთვისებელი ტერიტორიები, რომელთა ნაწილიც კერძო საკუთრებაშია და მეპატრონეებისგან უყურადღებოდ არის მიტოვებული. აუცილებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზება შესაბამისი ბიზნეს ინიციატივების განსახორციელებლად, რაც ქალაქს განავითარებს და შექმნის დასაქმების ადგილებს. სატვირთო ავტომობილებისგან განტვირთვისთვის აუცილებელია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გადატანა სხვა მიმართულებებზე. სამწუხაროდ დღეს ქალაქში არ არსებობს აღნიშნული ინფრასტრუქტურა. ადგილობრივი ბიუჯეტით შეუძლებელია მსგავსი ტიპის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თანხები მოვიზიდოთ ცენტრალური ბიუჯეტიდან. აღნიშნული კომპონენტის განხორციელების შედეგად ჩვენ, შევძლებთ ქალაქის ტერიტორიის განტვირთვას ტრაილერებისგან. ამასთანავე მნიშვნელოვანია მოხდეს ქალაქის დაყოფა სამრეწველო და ტურისტულ ზონებად, რაც გაამარტივებს ქალაქის შემდგომ განვითარებას. ქალაქის სივრცითი-ტერიტორიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ფართო კონსესუსი და თითოეული ინტერეს ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება, რაც ჩვენი საქმიანობის მთავარი კომპონენტი იქნება აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის შემთხვევაში.

რას ფიქრობთ  ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების შესახებ რეგულაციებზეროგორ ფიქრობთ, რამდენად  აქვს ფოთს შესაძლებლობა იმისა, რომ ახალი კანონით განსაზღვრული სტანდარტები დააკმაყოფილოს? ასევე გეტყვით, რომ ფოთში ბაღების რაოდენობა საკმარისი არ არის.

გოჩა კურდღელია (“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”)

ვიცი, არსებობს ბევრი პრობლემა, როგორც ტექნიკურ-მატერიალური, ისე მეთოდიკის კუთხით. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც შემუშავდა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად. რაც ითვალისწინებს ბაღების მოდერნიზებას, ახალ სტანდარტებზე გადასვლას. 21-ე საუკუნეში არ შეიძლება გამოვიყენოთ მოძველებული მეთოდები. მიუღებელია ბავშვის დასჯა და შეურაცყოფა.უნდა შევქმნათ პირობები, ხალისიანი და მრავალფეროვანი გარემო, რომ ლაღი და თავისუფალი თაობა გაიზარდოს. მნიშვნელოვანია მათი კვებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები.  მე პირადად ვგეგმავ ვეწვიო სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებას. პირადად გავეცნო იქ არსებულ სიტუაციას.

მაკა ჯინჯოლია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება უნდა იყოს მოწესრიგებული, პატარები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ კომფორტული და უსაფრხო გარემოთი. რაც შეეხება რეგულაციებს, პირველ რიგში აღმზრდელ-პედაგოგებმა კარგად უნდა გაითავისონ მათი პროფესიული სტანდარტი, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სტანდარტები, დაწესებულებაში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის უვნებლობის წესები და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა დასაქმებული პირი და დაწესებულების საქმიანობაზე მუნიციპალური კონტროლი უნდა იყოს  ხარისხიანი და ობიექტური. და ბოლოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე  არ უნდა ხდებოდეს ძალით წაყვანა აღმზრდელ-პედაგოგები, არ უნდა ჩანდნენ ეკრანებზე, ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ, მათზე დაკისრებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებისთვის.

ვახტანგ დარცმელიძე (“ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”)

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო. ჩვენი ბავშვები საქართველოს მომავალია, მომავალმა თაობამ უნდა გააგრძელოს ფოთის და ჩვენი ქვეყნის განვითარება  და მათ ჩვენ უნდა შევუქმნათ საუკეთესო გარემო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში: საჭიროა ბაღებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალის შექმნა, კვების რაციონის გაუმჯობესება, წიგნების, სათამაშოების და ა.შ. შეძენა. რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ მოქმედი ბაღების რეაბილიტაციას და ახალი ბაღების მშენებლობას, მაგალითად ახალ რაიონში. რაც შეეხება ბაღების დაფინანსებას ჩვენ გუნდს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება დონორებთან მუშაობის და დამატებითი სახსრების მოზიდვის, აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის. იქედან გამომდინარე, რომ საქმე გვაქვს ბავშვებთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები.

თქვენი დაპირებები უკავშირდება ბიუჯეტს. მუნიციპალიეტის ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში რამდენად შეძლებთ ამის განხორციელაბს? ასევე, რა გზები არსებობს იმისა, რომ საკუთარი შემოსავლები გაიზარდოს?   გოჩა კურდღელია (“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”)

როცა ზემოთჩამოთვლილ პროექტებზე ვსაუბრობ, აქ ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერასაც ვგულისხმობ. აგრეთვე ინვესტიციებს. კონკრეტულ ციფრებზე მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრებ, როცა თავად ვიქნები ჩართული ბიუჯეტი ფორმირების პროცესში. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს იქნება ისევ სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. რაც შეეხება საკუთარ შემოსავლებს, ალბათ დამატებით შემოსავლებს გულისხმობთ, ამის საშუალებას მოგვცემს თავისუფალი სამრეწველო-ეკონომიკური ზონის, ნავსადგურის, ტურიზმის განვითარება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. არსებობს სხვა მაგალითებიც რისი გადმოღება შეიძლება.

მაკა ჯინჯოლია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ბიუჯეტის სწორი განკარგვით და რისკების გათვლით ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ გეგმის განხორციელებას.

ვახტანგ დარცმელიძე (“ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”)

რა თქმა უნდა, ყველა დაპირება პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ბიუჯეტთან. ასევე უნდა ითქვას ის, რომ ფოთში არსებული პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტი არ ეყოფა, მაგრამ ჩვენი დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება შესაძლებელია სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტის ეფექტური და რაციონალური ხარჯვით. მაგრამ არის პროექტები რომელთა განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტი არ ეყოფა, ამისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლებიდან ტრანსფერების მოზიდვა, რომლითაც უნდა დაფინანსდეს მსხვილბიუჯეტიანი პროექტები, მაგალითად ისეთი როგორიც არის კანალიზაციის სისტემის მოწყობა. მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის რესურსის გამოყენება და მისი სრული მასშტაბებით ამუშავება, რაც დამატებით შემოსავალს მოიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში. ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ქალაქში არსებული ბიზნეს სექტორის გავნითარება ხელს შეუწყობს დამატებითი თანხების აკუმულირებას ადგილობრივ ბიუჯეტში, შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემთხვევაში შესაძლებელია ბიუჯეტის გაზრდა.

მუნიციპალიტეტში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით რას გეგმავთ და თქვენი შეფასებით რამდენად გააჩნია მუნიციპალიტეტს ამის ბერკეტები?   გოჩა კურდღელია (“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”)              ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიღწევა ბიზნესის დამოუკიდებლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა. ყველაფერი, რაც მუნიციპალური ხელისუფლების მხრიდან იქნება საჭირო, ძირითადად ეს ტექნიკური ხასიათის საკითხებია, იქნება დროულად მოგვარებული. დრო იცით ყველაზე ძვირფასია ბიზნესში. ფოთი კიდევ მეტად უნდა განვითარდეს, როგორც საპორტო ქალაქი, ეს არი