„მანქანებზე გეტყვით, და ისევ აუდიტის დასკვნას მოვიყვან მტკიცებულებად. მანქანების ზღვრული რაოდენობა, რომელიც რუსთავს შეიძლება ჰყავდეს, არის 8, მაგრამ 15 ჰყავს, ფასის ზედა ზღვარი არის 21 ათასი დოლარი და შეძენილი აქვთ 25 ათას დოლარად“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მონაცემები, რომელსაც ნინო იმედაშვილი ეყრდნობა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერაა მომზადებული. აღნიშნული დოკუმენტი რუსთავის ბიუჯეტის (2013-2014 და 2015 წლის ექვსი თვის პერიოდი) ხარჯვას აანალიზებს. სახელმწიფო აუდიტი რუსთავის მუნიციპალიტეტს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებისუგულვებელყოფაში ადანაშაულებს.
„2013-2014 წლებში და 2015 წლის 6 თვეში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საშტატო რიცხოვნობა მერყეობდა 250-დან 327 ერთეულამდე. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, 2013 წელს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტს თანამშრომლების სამსახურებრივი მიმოსვლისათვის უნდა გამოეყენებინა 6 ავტომანქანა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2014 წელს რეკომენდირებული იყო - 9 ერთეული, ხოლო 2015 წელს - 8 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი თანამშრომელთა სამსახურებრივი მიმოსვლისათვის სარგებლობდა 15 ერთეული ავტომანქანით, რაც აღემატება კანონმდებლობით რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობებს“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში (გვ. 23).
რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კონტექსტში აუდიტი სხვა საკითხთან მიმართებაშიც წერს. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს „ჩანაცვლების გზით“ შეისყიდა ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 25 ათას დოლარზე (58.9 ათასი ლარი) მეტია.
„აუდიტორული დასკვნით, აღნიშნული ავტომანქანა (რომელიც ჩანაცვლდა) შეფასებული იყო 11.5 ათას ლარად. შესაბამისად, ჩანაცვლების შედეგად წარმოქმნილმა ფასთა სხვაობამ 47.4 ათასი ლარი შეადგინა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მე-2 კლასის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ღირებულება შეადგენს 21.0 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული (ჩანაცვლებული) ავტომანქანის ღირებულება აღნიშნული დროისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 25.0 ათას დოლარზე მეტს, რაც აღემატება კანონმდებლობით რეკომენდირებულ ნორმას“, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში (გვ. 23).
რუსთავის მუნიციპალიტეტს 2015 წლის შემდეგ ავტოპარკი არ განუახლებია.ბოლო ახალი ავტომობილი, რომელიც "ჩანაცვლების წესით" მერიამ შეიძინა, 58 941 ლარის ღირებულების „ფოლკსვაგენია“. ამ დროისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, ისევე როგორც 2015 წელს, ემსახურება 10 ავტომობილი, ხოლო საკრებულოს 4.
დასკვნა აუდიტის დასკვნით, რუსთავის მუნიციპალიტეტს (2013-2014 და 2015 წლის ექვსი თვის განმავლობაში) ემსახურებოდა 15 ავტომობილი, რაც წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებისდარღვევას, რომლის მიხედვითაც, საჯარო უწყებაში, სადაც წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საშტატო რიცხოვნობა მერყეობდა 250-დან 327 ერთეულამდე, უნდა გამოიყენონ 6 ავტომობილი. ავტომობილების რიცხოვნობა გასულ წელსაც 14 შეადგენდა. შესაბამისად, ამ კუთხით ვითარება არ შეცვლილა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011-2012 წლებში მუნიციპალიტეტში ავტომობილების რაოდენობა 19 ერთეულს შეადგენდა.
ასევე, აუდიტის დასკვნის თანახმად, 2015 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტმა უგულვებელყო მთავრობის რეკომენდაცია,რომლის მიხედვითაც თვითმმართველობებში შეძენილი ავტომობილის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 21.0 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში. თუმცა, გასულ და მიმდინარე წელს ეს რეკომენდაცია აღარ დარღვეულა, რადგან მუნიციპალიტეტს ახალი ავტომობილი არ შეუძენია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო იმედაშვილის განცხადება არის სიმართლე.