21

ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში კენჭს მერობის 7 კანდიდატი იყრის. თუმცა, ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად მხოლოდ 5 მათგანი აღმოჩნდა მზად. ბორჯომის მერობის ორ კანდიდატთან: არტაკ ოვსეპიანთან ("გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო") და ლევან ლიპარტიასთან ("ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო") ინტერვიუ ვერ შედგა.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ისინი აცხადებენ, რომ მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმის განვითარება, სოციალური ფონის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება.

მერობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ბაქარ შირაძე (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“), ვალერი გრიგალაშვილი  (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ზაზა ჩაჩანიძე  („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), გიორგი გიუაშვილი  („შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“), დავით როკეტიშვილი ("

სოციალისტური საქართველო – კომუნისტები").

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?   ბაქარ შირაძე  (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

უნდა აირჩიონ რაიონის კეთილდღეობა და პირადი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ვალერი გრიგალაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე რა პროგრამაც მაქვს და რისი გაკეთებაც მინდა, ასეთ რამეს სხვები ვერ გააკეთებენ. ჩემი პროგრამა ჩემი ძმის ნოდარ გრიგალაშვილის პროგრამას ეყრდნობა, რომელმაც საქართველოში პირველად, მაშინ როდესაც მთელ საქართველოში პენსიები და ხელფასები იყო გაყინული, შეძლო და 7 ლარიანი დანამატები გაუკეთა ყველას.

ზაზა ჩაჩანიძე  („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

განვლილი სამი წლის განმავლობაში, რა დროსაც ვმოღვაწეობდი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რაც შეიძლებოდა ვეხმარებოდი ყველას და რისი გაკეთებაც შეიძლებოდა მაქსიმუმს ვაკეთებდი.

გიორგი გიუაშვილი  („შალვა ნათელაშვილისაქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

იმიტომ უნდა ამირჩიოს, რომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში, უხელფასო საკრებულოს წევრმა, მივეცი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იყო ხალხის სამსახურში. თუ რამის გაპროტესტება ხდებოდა, საკითხზე რეაგირება ან გახმოვანება, ეს ვიყავი მე – გიორგი გიუაშვილი. როგორც შარშან, როცა ვამბობდი, რომ გაჩენილი ბევრი პარტია გაქრებოდა და მხოლოდ მე დავრჩებოდი ბორჯომის სადარაჯოზე, მართლაც ასე მოხდა, თვალით აღარავის უნახავს ის კანდიდატები და ასე იქნება ახლაც. მე ვიბრძვი ბორჯომისათვის და არა თანამდებობისათვის მათგან განსხვავებით. მთელი ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდი მე და ახლა რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც საქმით არ გამიკეთებია.

დავით როკეტიშვილი ("სოციალისტური საქართველო – კომუნისტები")

იმიტომ, რომ კარგი და წესიერი კაცი ვარ, არ მოვიპარავ ფულს და მივხედავ ჩემ ქალაქს, როგორც ჩემ საკუთარ სახლს, მარტო მაგიტომ.

ჩამოთვალეთ 3 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   ბაქარ შირაძე (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

უმთავრესი პრობლემა არის სოციალური პრობლემა, ბორჯომში ბევრ მოქალაქეს ჰქონდა სოციალური დახმარება და შეუჩერდა უსაფუძვლო მიზეზების გამო. სოციალური პრობლემების გარდა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ძალიან ბევრია და მოსაგვარებელია დროულად. მესამე პრობლემად დავასახელებ გაზიფიცირების პრობლემას, ბევრ სოფელში ჯერ კიდევ არ აქვთ ბუნებრივი აირი და ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლების ნაწილისთვის, მაღალმთიანი სტატუსის გარეშე დარჩენა.

ვალერი გრიგალაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ხალხს იმედი აქვს დაკარგული, როცა მიდიხარ და უხსნი, რომ არც ისე ცუდად არის საქმე და შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმაროს მათ, უკვირთ. რატომ აქვთ დაკარგული იმედი იცით? ამბობენ, რომ ვიყავით მისული ხელისუფლებასთან, წამლის ფული გვინდოდა, მაგრამ საერთოდ ყურადღება არ მიაქციეს. უმუშევრობასა და უყურადღებობასთან ერთად არის კიდევ წყლის პრობლემა. შეიძლება ბორჯომში წყლის პრობემა იდგეს? სხვადასხვა სოფელში განსხვავებული პრობლემები აქვთ. ზოგან გაზი არ არის, ზოგან შეშის ბილეთები არ არის დარიგებული, არადა ზამთარი კარს მოგვადგა უკვე.

ზაზა ჩაჩანიძე  („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ეს არის უმუშევრობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ნაკლები კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან.

გიორგი გიუაშვილი  („შალვა ნათელაშვილისაქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

პირველ რიგში უმუშევრობა, მერე კორუფცია და ბორჯომის დამწვარი ტყე.

დავით როკეტიშვილი ("სოციალისტური საქართველო – კომუნისტები")

უმუშევრობა, უფულობა... ახალგაზრდები არიან და კაპიკი არ აქვთ. მთელი დღე ბირჟაზე დგანან და მშობლების ან ბებია–ბაბუის პენსიის იმედზე არიან, სამსახური რომ არ აქვთ. მთავარი პრობლემა უმუშევრობა და უფულობაა, დანარჩენი მერე შეგიძლია მოაგვარო – წყალი გაიყვანო, კანალიზაცია გააკეთო, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგო, რომელიც თავიდან ბოლომდე გასაკეთებელია, რადგან დამპალია სულ.

  რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.   ბაქარ შირაძე  (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ჩვენი გუნდის მთავარი დაპირებაა ბორჯომში პენსიის 45 ლარით გაზრდა. იცით, რომ "ევროპული საქართველოს" ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა მთელი საქართველოს მასშტაბით. ბიუჯეტის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია პენსიის ზრდა პრემიებისა და დანამატების ხარჯზე, ეს იქნება პირველი, რასაც გავაკეთებთ ჩვენი მოსვლის შემთხვევაში. მეორე მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურული პროექტებია, მაგალითად ტაბაწყური–მოლითის ნაწილში, 4 სოფელია და მანდ გზები საერთოდ არ არსებობს, ასევე ციხიჯვარი–ანდეზიტის გზები არ არსებობს, ასევე საბავშვო ბაღები არ არსებობს სოფლების დიდ ნაწილში. პრობლემაა სოფელ დგვარში, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაშია და ყოველდღე საფრთხე ელოდება იქ მცხოვრებ მოსახლეობას.

ვალერი გრიგალაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე ვაპირებ 30 ლარიანი დანამატი დავაწესო პენსიონრებისთვის. ამ თანხას ავიღებ გამგებლებისა და სხვა საჯარო მოხელეების მიერ პრემიებისა და დანამატის სახით აღებული ასი ათასობით ლარიდან, მათ შეუწყდებათ და დანამატის სახით მიეცემათ პენსიონერებს. ქამრის შემოჭერა რასაც ჰქვია, ისე შემოვიჭერ ქამარს, გამოთავისუფლებულ თანხებს გამოვიყენებ სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, კულტურის მუშაკებისთვის და ყველა იმ ხალხისთვის, ვისაც ჭირდება ნამდვილად სახელმწიფოსგან დახმარება. ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტის ძალიან კორუფციული ხარჯვა აქვს ბორჯომში. შეგახსენებთ, რომ მე ვარდების რევოლუციის შემდეგ თბილისის პროკურორი ვიყავი და მინიმუმამდე დავიყვანე კორუფცია, ანალოგიურად მოხდება ბორჯომშიც, კორუფციას დავიყვან მინიმუმამდე.

ზაზა ჩაჩანიძე  („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ბორჯომში უნდა განვითარდეს ტურისტული მიმართულება და მიეხედოს სოფლის მეურნეობას, რომ დასახლდეს ხალხი და მიეხედოს ჩავარდნილ სფეროებს. თითქმის ყველა სოფელი მოვიარე უკვე და მოსახლეობის ყველა პრობლემას გავეცანი, შესაბამისად ყველა ის ძირითადი საკითხი მოხვდება პროგრამაში, რომლის მოგვარებაც აუცილებელია და სწორად წარმართული ბიუჯეტის ხარჯზე, ნაჭარბი თანხით მოხდება პრობლემური საკითხების გადაწყვეტა. მოსახლეობას მივმართავ, რომ ნუ შეშინდებიან, არის ურნები, მივიდნენ და გააკეთონ თავისი არჩევანი. მართალია ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ფეისბუქზეც კი, მოწონების შემთხვევაში, იბარებენ და ეუბნებიან, რატომ გააკეთე ასეო, ამ და სხვა მიზეზების გამო თუ ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი სწორად მართავს, მივიდნენ და მათ სასარგებლოდ მისცენ ხმა, მაგრამ მე ვთვლი, რომ სწორად ვერ მართავენ ამ ქალაქს.

გიორგი გიუაშვილი  („შალვა ნათელაშვილისაქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებ სანერგე მეურნეობის გაკეთებას, ძალიან სწრაფი ტემპებით, რომ დროულად მოხდეს ტყის აღდგენა, თუმცა ამაში რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლების როლიც არის გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალდატანებით მოხდება ეს ყველაფერი, რომ დროულად ჩატარდეს კვლევები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უნდა მოხდეს კიდევ, აღარ იქნება ისე, რომ ხელფასები იყო 2015 წელს 3 მილიონ 200 ათასი და ინფრასტრუქტურული პროექტები იყო 2 მილიონ 800 ათასი. 400 ათასით მეტი იყო გამგეობისა და საკრებულოს ხელფასები. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი მაქვს. ვერც ერთი გაქსუებული ჩინოვნიკი ვეღარ შეჭამს ხალხის ფულს. მაქსიმუმ ორი პრემია შეიძლება იყოს – სააღდგომო და საახალწლო. პირველ რიგში რასაც გავაკეთებ ის არის, რომ მოვხსნი პარკის დირექტორს და ყიფიანის ბიძას თემურ წეველიძეს, რომელიც იღებს პენსიასავით კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან ხელფასს და არაფერს აკეთებს. აუცილებლად ამ გაბერილ შტატებს შევამცირებდი.

დავით როკეტიშვილი ("სოციალისტური საქართველო – კომუნისტები")

მე არავის არაფერს არ ვპირდები, რადგან ყველამ იცის, რომ მე მინდა ჩემი ქალაქი იყოს დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქალაქი. მე არ ვფიქრობ მოგებას, რადგან იმხელა ძალები ჩხუბობენ. ახლა სტრუქტურას რომ ვერ მოუგებ და "ოცნებას", ეს ხომ ორჯერ ორია. უბრალოდ ყველას უნდა გავაგებინო, რომ მე ღირსეული ვარ. მე რომ ერთხელ მოვიგო, ალბათ გარდაცვალებამდე სულ მერი ვიქნები, რადგან ხალხი სხვას აღარ მოუსმენს.

  არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)   ბაქარ შირაძე  (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

მე ნამდვილად ვიქნები გახსნილი მერი, სანამ კანდიდატად დავრეგისტრირდებოდი, ვიყავი საჯარო მოხელე და სულ ვიყავი ხალხთან.

ვალერი გრიგალაშვილი  („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე როცა გავხდი თბილისის პროკურორი, როგორი გახსნილიც ვიყავი, ისეთივე ვიქნები ახლაც. ადამიანებს უკვირდათ, როცა მე ვიღებდი ქალაქის ტელეფონსაც, მობილურსაც და ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე მქონდა ურთიერთობა ხალხთან. ასეთივე ვიქნები ამ პოზიციაზეც, თუ ამირჩევენ.

ზაზა ჩაჩანიძე  („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

უნდა იყოს ნდობის ტელეფონი, კვირაში ერთი დღე მაინც, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხალხს შეეძლოს დარეკვა პირდაპირ ქალაქის ნომერზე.

გიორგი გიუაშვილი  („შალვა ნათელაშვილისაქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

ყოველთვის ღია და გახსნილი ვარ ადამიანებთან ურთიერთობაში და ასეთი ვიქნები არჩევის შემთხვევაშიც.

დავით როკეტიშვილი (,,სოციალისტური საქართველო – კომუნისტები“)

სულ ქუჩაში ვიქნები და გახსნილი არ გამოვალ? 300 მეტრია ჩემი სახლიდან სამსახურამდე და სირცხვილი არ იქნება, რომ ჩრდილში დავჯდე და ხალხმა ვერ მნახოს?

  როგორია თქვენი ხედვები იმისათვის, რომ თვითმმართველობა უფრო ეფექტური გახდეს თუნდაც ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაქალაქის განვითარება, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, გარევაჭრობა და ..   ბაქარ შირაძე  (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ქალაქის განვითარებას რაც შეეხება, პირველ რიგში განსაახლებელია ავტოპარკი, დასამატებელია ტრანსპორტი. მაგალითად, მოქალაქეს ცენტრიდან არდაგანში რომ უნდოდეს წასვლა, ერთ საათს მაინც უნდა ელოდოს ტრანსპორტს. ფაფის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გზის საფარიც არ არის დაგებული ნორმალურად, ისეა დავიწროვებული გზა. პრობლემატურია გარევაჭრობის საკითხიც, საკმაოდ დიდი ფართი აქვს ბაზარს დაკავებული არდაგანში და მიუხედავად ამისა, მაინც ცენტრში ხდება ლპობადი პროდუქტით ვაჭრობა, რაც ტურისტული ქალაქისთვის მიუღებელია. მაგრამ ეს საკითხი ძალიან ფაქიზი მოსაგვარებელია, მოვაჭრეები უნდა შევიყვანოთ არდაგანის აგრარულ ბაზარში და ხელი შევუწყოთ, ამისთვის საჭიროა ტრანსპორტი (ნორმალური) რომელიც ივლის რეგულარულად.

ზაზა ჩაჩანიძე  („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ჩვენს პროგრამაში ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური ხასიათის პროექტები შედის. თუნდაც ის სანიაღვრე არხები, რომლებიც გაკეთებულია და წვიმის დროს აუზებს ემსგავსება ქუჩები, რა თქმა უნდა ეს გასაკეთებელია და პროგრამაშიც გათვალისწინებულია.

გიორგი გიუაშვილი  („შალვა ნათელაშვილისაქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

გარევაჭრობის პრობლემა იქნება დასარეგულირებელი და ვაპირებ კარგი სავაჭრო ცენტრის გაკეთებას, სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს ყოფილი პოლიკლინიკის შენობა, რომელიც ამჟამად "ჯეო ჰოსპიტალს" ეკუთვნის. უფუნქციო შენობაა ქალაქის ცენტრში, გამგეობის გვერდით და ძალიან დიდი და კარგი სავაჭრო ცენტრი შეიძლება გაკეთდეს, ისეთი როგორიც კურორტ ბორჯომს შეეფერება.

დავით როკეტიშვილი ("სოციალისტური საქართველო – კომუნისტები")

ადრეც ვამბობდი, ბიუჯეტს აქვს იმის თანხა, რომ პატარა ქარხანა გააკეთოს, გვაქვს რესურსი და ტყუილად იღვრება წყალში. არ ვამბობ, რომ ხაზარაძესავით უზარმაზარი ქარხანა ააშენოს, მაგრამ მუნიციპალიტეტმა მინიქარხანა რომ ააშენოს და ხალხი დაასაქმოს, ეს შეუძლია.

  როგორ უნდა მოხდეს ტყის რესურსების მართვა, რა შეფასებას მისცემდით ბორჯომის ხეობაში ორჯერ გაჩენილ ხანძარს და როგორ ფიქრობთ, გარდა გადაწვისა, რა ზარალი მიიღო ბორჯომმა?   ბაქარ შირაძე  (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ხანძრების გამო თითქმის მთელი ერთი თვით ადრე დასრულდა ტურისტული სეზონი წელს წაღვერში, ცემში და ახლომახლო სოფლებში. ასევე ბაკურიანშიც, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი მოშორებით იყო კურორტიდან. იზარალა მოსახლეობამ და ბიუჯეტმა. გარდა ამისა, ხანძრებთან დაკავშირებით იყო ბევრი მითქმა–მოთქმა და ლაპარაკი. ბევრი იძახდა, რომ ცეცხლი დიმიტრი ყიფიანმა გააჩინა. მიუხედავად ჩემი ნეგატიური შეხედულებისა, დიმიტრი ყიფიანის, როგორც გამგებლის საქმიანობაზე, ამას ნამდვილად გამოვრიცხავ. ასევე არ შევეხები ისეთ საკითხებს, რომელიც გამოძიების პრეროგატივაა, მე თვითონ იურისტი ვარ და არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ხანძრებზე სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის მერობის კანდიდატმა გააკეთა პოპულისტური განცხადება, რა თქმა უნდა კარგია მსოფლიო ვარსკვლავი ფეხბურთელების ჩამოყვანა, მაგრამ ვითომდა ბორჯომის ხანძრის რეაბილიტაციაზე რომ ჩამოიყვანა და დაიხარჯა 4 მილიონი და შემოვიდა 400 ათასი, ათჯერ ნაკლები. თუ მართლა შესაძლებლობა ჰქონდათ და საქმის გაკეთება სურდათ, შეეძლოთ პირდაპირ ტყის აღსადგენად დაეხარჯათ ეგ 4 მილიონი.

ვალერი გრიგალაშვილი  („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ხანძრებთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რადგან შემთხვევით არაფერი არ ხდება. გახსოვთ ალბათ, ოკუპანტის მიერ გაჩენილი ხანძრის გამო რამხელა ფართობი დაიწვა. მაშინ ძალიან ოპერატიულად იმოქმედა მთელმა რაიონმა, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგით მოქალაქემდე ხანძარს აქრობდნენ და ჩააქრეს კიდეც ომის ვითარებაში და დღეს როგორი საოცარიც უნდა იყოს, პირველი დღეები დაიკარგა, დაბაში იდგნენ გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლება და უყურებდნენ, როგორ იწვოდა ტყე. ამან განაპირობა ზუსტად, რომ ისე გადაიწვა ხეები, როგორც ადრე იყო და უფრო მეტი ფართობიც მოიცვა. ნორმალური ხელისუფლების პირობებში მაშინვე მოხდებოდა ხალხის მოწოდება და ცოტა რომ ეაქტიურა ხელისუფლებას, იმ დღესვე შეიძლებოდა ცეცხლის ჩაქრობა. ხანძრის შედეგების ლიკვიდაციას ფეხბურთის თამაში არ უშველის, პრემიერი იქნება თუ ვიცე-პრემიერი, ამას სერიოზული მიხედვა უნდა. იმდენად განადგურებულია ბორჯომის ბუნება, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მის აღდგენაზე, ამას რაიონი ვერ გაწვდება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა სთხოვოს დახმარება, რომ ხელოვნურად აღდგეს ეს ტყე და თუ ვერ აღდგება, მართლა მძიმე შედეგები დადგება ბორჯომისთვის.

ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ბორჯომის ხანძრებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს, ეგ სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ. ბევრი მითქმა–მოთქმა კი არის ბორჯომში, მაგრამ მე ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ. ზარალს რაც შეეხება კატასტროფაა, ამ ზაფხულშივე იგრძნო მოსახლეობამ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი გავიდა.

გიორგი გიუაშვილი  („შალვა ნათელაშვილისაქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

კატასტროფული მდგომარეობაა გადამწვარ ტყეში. დამწვარია იმაზე მეტი, ვიდრე 2008 წელს. უფრო მეტი ფართობი მიემატა მას. იმ პატარა ცეცხლიდან, რომელიც მთელი საღამო და ღამე დატოვეს და მეორე დილიდან დაიწყეს ჩაქრობა, ეს აბსურდია, რადგან ცეცხლი უკვე გაქცეულია და ამიტომ ამას უნდა კარგი ხელი, ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ინვენტარის შესყიდვა. ბორჯომში, დღეს ასევე დიდი პრობლემაა შეშის გამოწერა დ შესყიდვა.  ნოემბერი რომ მოვა და თოვლი უნდა მოვიდეს, მაშინ ხდება კუბური მეტრების გამოწერა და ბანკში დგანან სატყეოდან გამოტანილი კოდებით, რომლებიც ასეულობით კუბურ მეტრს ითვისებენ სხვადასხვა ხერხებით და მოსახლეობა რჩება შეშის გარეშე. ძალიან სერიოზული ცვლილებებია გასატარებელი ცენტრალიზებულად.

დავით როკეტიშვილი ("სოციალისტური საქართველო – კომუნისტები")

შემთხვევით არაფერი ყოფილა. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ხეები იყო გაჩეხილი და ამ ხანძრით გაჩეხილი ხეები დამალეს, იმიტომ, რომ ანგარიში ჰქონდათ ჩასაბარებელი. გარდა მაგისა, თუ უნდა დაერგოთ მილიონი ხე, დარგეს 300 ათასი და ის თანხა რომ დაემალათ, იმიტომ გაჩნდა მეორედ ცეცხლი. ეს გამოძიების დასადგენი საკითხია, მაგრამ მთელი ბორჯომი ამაზე საუბრობს. ამ ხანძრით მარტო ბორჯომმა კი არ იზარალა, არამედ მთელმა სახელმწიფომ. ხანძრის შემდეგ ნახევარი ტურისტიც აღარ დარჩა ბორჯომში.

  როგორია თქვენი ხედვა ტურიზმის განვითარების ნაწილში და როგორ შეაფასებთ ამ მიმართულებით უკვე გადადგულ ნაბიჯებს?   ბაქარ შირაძე  (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ტურიზმი უნდა განვითარდეს, მაგალითად ავიღოთ ფეშენებელური სასტუმრო "რიქსოსი", რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის არ არის ხელმისწვდომი. ამიტომ, მოქალაქეს ურჩევნია დაისვენოს საირმეში ანალოგიური ტიპის კურორტზე, ან წყალტუბოში აბაზანების მისაღებად, უფრო დაბალ ფასად. ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება მარტო კარგი სასტუმროს აშენება არ არის, რომელსაც ცეცხლის ფასი აქვს. მცირე სასტუმროების განვითარებასაც უნდა შევუწყოთ ხელი, იმისათვის, რომ უფრო მეტი ხალხი ჩამოვიდეს, რომ მეტი თანხა დაიხარჯოს ბორჯომში და შესაბამისად მეტი შემოსავალი მიიღოს ბიუჯეტმა.

ვალერი გრიგალაშვილი  („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩემი პროგრამის პრიორიტეტი არის ტურიზმი. ამ სფეროს უნდა ხელშეწყობა. ეს არის საოჯახო ტურიზმის განვითარება, რაც არის დაკავშირებული მერიასთან, რომ დაჩქარებული წესით გაიცეს ნებართვები ტურიზმთან დაკავშირებით. ჩემი ძმის პროგრამაში იყო და ვერ მოესწრო მის გაკეთებას, მერად არჩევის შემთხვევაში აუცილებლად გავაკეთებ. იცით, რომ ყველა ქალაქს აქვს თავისი სიმბოლო. მაგალითად, ახალციხეში რაბათი გააკეთეს წინა ხელისუფლების დროს და არის ძალიან მშვენიერი. ბორჯომში არის გოგიას ციხე, მიგდებული, გზაც კი არ ადის იქამდე. უნდა გაკეთდეს გზა და ჩატარდეს ციხის რეკონსტრუქცია, რადგან გოგიას ციხე უნდა გადაიქცეს ბორჯომის სავიზიტო ბარათად. წინა ხელისუფლების დროს ამ ციხეს გაუკეთდა განათება, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ეს განათებაც მოშალა.

ზაზა ჩაჩანიძე  („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ტურისტული მიმართულება ერთ-ერთი წამყვანი სფეროა ჩემ პროგრამაში. აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ დარგს და მოხდეს თანხების სწორად წარმართვა.

გიორგი გიუაშვილი  („შალვა ნათელაშვილისაქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

ტურიზმის განვითარების ნაწილში ხელისუფლების შეფასება არის ნული. მინიმუმ ორი თვით მაინც უნდა გახანგრძლივდეს სეზონი გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამისთვის მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ტარდებოდეს ქვის ხეხვა და ინფრასტრუქტურის ვითომ კეთება, გადათხრილი რომ არის მთელი ქალაქი სეზონის დროს ხოლმე. სამუშაოები ან სეზონის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს, ან მისი დასრულების შემდგომ. ყოველშემთხვევაში პარკსა და ცენტრალურ ნაწილში მაინც ასე ქაოტურად არ უნდა ხდებოდეს  სეზონზე სამუშაოების ჩატარება. რას ვთავაზობთ დღეს ბორჯომში ტურისტებს?  – პარკში შესვლა გაიზარდა 2 ლარამდე, სერუვანები ხელში ჩაუგდეს მაფიოზ ხარებავებს, 25 წლით უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს ხარებავებს, მაშინ როცა არანაირი ხარჯი არ აქვს იმ ობიექტს და პირიქით სახელმწიფო გამოიყენებდა მას. არც 5 ლარი ეღირებოდა, ნომინალურად შეიძლებოდა 1 ლარის მიღება და სახელმწიფოს ბიუჯეტში შევიდოდა თანხა.

წელს პარკი იყო მოუვლელი, შეუღებავი და ჩამოფხავებული, ასეთი მოუვლელი არ ყოფილა პარკი არასდროს. ელიავას ბაზრობას მოგაგონებდათ ჩადგმული ჯიხურებით. არანაირი ტურიზმის განვითარება წელს არ ყოფილა.

დავით როკეტიშვილი ("სოციალისტური საქართველო – კომუნისტები") ბორჯომში, სულ არის მაქსიმუმ 5 სასტუმრო, რომელიც მუშაობს, აქედან დიდი ფული ბიუჯეტში არ შემოდის. თვითონ მეპატრონეები მდიდრდებიან ისევ, თორემ უბრალო მოქალაქეებს რა? ფულს შოულებენ რესტორნები და ბენზინგასამართი სადგურები. ამიტომ საჭიროა ტურიზმის განვითარებისთვის რესურსის სწორად განკარგვა და გამოყენება.