შრომის გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს მოიცავს. ერთჯერადად გასაცემი პრემია თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს. საჯარო დაწესებულებაში პრემია კვარტალში ერთხელ, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით შეიძლება გაიცეს. რაც შეეხება დანამატს, დანამატი საჯარო მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით ენიშნება.
თანამდებობის პირების მიერ აღებული პრემიები და დანამატები მუდმივად იყო საზოგადოების განხილვის თემა. ამჯერად, ფაქტ-მეტრი თბილისის მოქმედი და ყოფილი მერის შრომის ანაზღაურებით და პრემია-დანამატით დაინტერესდა.
თბილისის მერის თანამდებობა 1991 წლიდან არსებობს. თავდაპირველად თბილისის მერს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა. 2006 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მერი საკრებულომ აირჩია. 2010 წლის 30 მაისიდან კი დედაქალაქის მერი პირდაპირი არჩევის წესით ირჩევა.
გიორგი (გიგი) უგულავა თბილისის მერის თანამდებობას 2005 წლის 12 ივლისიდან 2013 წლის 22 დეკემბრამდე იკავებდა. ფაქტ-მეტრმა გიგი უგულავას მიერ, მერად ყოფნის პერიოდში აღებული თანამდებობრივი სარგო და პრემია-დანამატი შეისწავლა.
გიგი უგულავას მერად დანიშვნის პერიოდში (2005 წელს) მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 300 ლარი იყო. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერის ანაზღაურება 2 800 ლარი გახდა. 2008 წლის 1 იანვრიდან კი - 3 540 ლარი. 2011 წლის ნოემბრიდანდღემდე მერის ხელფასი 3 180 ლარითაა განსაზღვრული.
ცხრილი 1:
თბილისის მერის, გიგი უგულავას შრომის ანაზღაურება 2006-2013 წლებში
წელი | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 |
თანამდებობ. სარგო | 13 800 | 28 823 | 39 720 | 42 480 | 42 480 | 42 480 | 42 480 | 38 160 | 37 148 |
პრემია | 8 036 | 13 400 | 10 680 | 21 240 | 50 976 | 49 882 | 52 920 | 57 240 | 39 546 |
სულ | 21 836 | 42 223 | 50 400 | 63 720 | 93 456 | 92 362 | 95 400 | 95 400 | 76 694 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, გიგი უგულავას საპრემიო თანხა განსაკუთრებით 2009 წლიდან იზრდება. 2009 წლის განმავლობაში გიგი უგულავა პრემიას ყოველთვიურად იღებდა და მისი თვიური ოდენობა 3 186 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, 2009 წლის დეკემბერში, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მერის განკარგულებით მერიაში 435 020 ლარის პრემია გაიცა (მერზე, მერის მოადგილებზე, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, გამგებლებსა და მათ მოადგილეებზე). თავად თბილისის მერმა პრემიის სახით 10 620 ლარი აიღო.
გიგი უგულავამ თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნისას სულ ხელფასის სახით 327 571 ლარი (საშუალოდ, 3 211 ლარი თვეში) მიიღო, პრემიის სახით - 303 920 ლარი (საშუალოდ, 2 980 ლარი თვეში). სულ, 2005-2013 წლებში, გიგი უგულავას შემოსავალი 631 491 ლარი (საშუალოდ, 6 191 ლარი თვეში) იყო.
2014 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე სევდია უგრეხელიძე ასრულებდა. სევდია უგრეხელიძემ მერის მოვალეობის შესრულებისას (7 თვის განმავლობაში) თანამდებობრივი სარგოს სახით - 15 904 ლარი, პრემიის სახით - 13 050 ლარი, დანამატის სახით კი - 23 456 ლარი აიღო. სულ, მისმა შემოსავალმა აღნიშნული დროის მონაკვეთში 52 410 ლარი (საშუალოდ, 7 487 ლარი თვეში) შეადგინა.
2014წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, დავით ნარმანია გახდა.
ცხრილი 2:
თბილისის მერის, დავით ნარმანიას შრომის ანაზღაურება 2014-2017 წლებში
წელი | 2014 (5 თვე) | 2015 | 2016 | 2017 (9 თვე) | ჯამი |
თანამდებობ. სარგო | 15 741 | 38 160 | 38 160 | 28 620 | 120 681 |
პრემია | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0. | 0.0. |
დანამატი | 0.0 | 0.0 | 0.0. | 0.0. | 0.0 |
სულ | 15 741 | 38 160 | 38 160 | 28 620 | 120 681 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, თბილისის ამჟამინდელ მერს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში პრემია-დანამატი არ აუღია. მისი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება კი 3 175 ლარია.
ამდენად, გიგი უგულავას საშუალო თვიური შემოსავალი მოქმედი მერისას 1.9-ჯერ აღემატება. ასევე, მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, სევდია უგრეხელიძის საშუალო თვიური შემოსავალი (7 487 ლარი) მოქმედი მერის საშუალო თვიურ შემოსავალს 2.3-ჯერ აღემატება.
ასევე საინტერესოა, რა რაოდენობით თანამდებობრივ სარგოს და პრემია-დანამატს იღებდნენ ვიცე-მერი და მერის მოადგილეები.
ცხრილი 3: 2012-2017წლებში თბილისის ვიცე-მერის და მერის მოადგილეების შრომის ანაზღაურება
წელი | 2012 | 2013 | 2014 (7 თვე) | 2014 (5 თვე) | 2015 | 2016 | 2017 (9 თვე) |
თანამდებ. სარგო | 110 015 | 163 845 | 78 354 | 68 915 | 167 822 | 178 158 | 127 350 |
პრემია | 126 322 | 119 387 | 57 850 | - | 21 495 | 7200 | - |
დანამატი | - | 207 384 | 113 416 | 83 082 | 193 466 | 171 310 | 150 750 |
სულ | 284 038 | 490 616 | 249 620 | 151 997 | 382 783 | 356 668 | 278 100 |
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2012-2013 წლებში მერს 6 მოადგილე ჰყავდა, 2014 წელს - 4, 2015 წელს 3 ვიცე-მერი და 5 მოადგილე, 2016 წელს - 7 მოადგილე, 2017 წელს კი 4 მოადგილე ჰყავს. 2012-2014 (7 თვე) ვიცე-მერის და მერის მოადგილეების ხელფასებზე და პრემია-დანამატებზე 1 021 274 ლარი დაიხარჯა, 2014 (5 თვე) – 2017 (9 თვე) წლებში კი 1 169 548 ლარი.