– ("ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი").
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე? მანუჩარ მერებაშვილი ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო")
მე ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც ხალხმა აირჩია ჯერ კიდევ 2012 წელს. ამ გუნდის პრიორიტეტია: “ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოს საწინდარია”, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონებისა და თითოეული ოჯახის გაძლიერებისათვის. რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ყველაზე მეტად ჩემი ქალაქი და ჩემი ამომრჩეველი მიცნობს. ვარ მიზანდასახული, შრომისმოყვარე, ვიცი პრობლემების მოგვარების გზები. მე ჩემს ხალხს რასაც დავპირდები ის დანაპირები სრულად იქნება შესრულებული. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება: ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე, შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მოსახლეობამ კარგად დაინახა რისი გაკეთებაც შემიძლია. მე ჩემი ამომრჩევლის წინაშე მაქვს სამი რამის განცდა: ეს არის მოვალეობა, მსახურება და ყველაზე მთავარი - პატივისცემა.
ალექსანდრე შაქარაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")უპირველეს ყოვლისა ვარ კასპის რაიონში დაბადებული და აღზრდილი. კარგად ვიცნობ ჩემი რაიონს და მის პრობლემებს. 2007 წლიდან 2011 წლამდე ვმუშაობდი კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ამ წლების განმავლობაში განვახორციელე ბევრი, ხალხისთვის სასიკეთო პროექტი და მაქვს სურვილი გავაგრძელო ჩემი რაიონის შენება ჩემს გამოცდილ, განათლებულ და მონდომებულ გუნდთან ერთად.
ნათია ბახტაძე ("რესპუბლიკური პარტია")ეს იქნება განსხვავებული არჩევანი. გახლავართ ხელოვნებათმცოდნე, ფილოსოფიის დოქტორი, დამთავრებული მაქვს გერმანიის ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტი, სადაც დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. საქართველოში დაბრუნებისთანავე ვაგრძელებ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. მე არ ვარ პარტიული და არასოდეს ვიქნები მოკავშირე პარტიის გავლენის ქვეშ, ჩემი მართველობა იქნება სახალხო მმართველობა, რამდენადაც ჩემს გამოწვევას არ წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები, არამედ ხალხი. ამიტომაც არის ჩემი მკაფიო გზავნილი: ხალხისთვის და ხალხთან ერთად.
მე ქალი ვარ! კასპს ჯერ არ ჰყოლია ქალი მმართველი. ეს არის ცვლილებებისა და ადამიანური ყოფიერების გაუმჯობესებისთვის ქმედების ეტაპის დასაწყისი ჩემთან ერთად ხალხისთვის.
დიმიტრი გორგაძე ("ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო")იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს რაიონს, ვიცი რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას და ჩემი არჩევის შემთხვევაში მე მინდა ვიზრუნო ამ პრობლემების მოგვარებაზე და რაიონის განვითარებაზე.
როგორ შეაფასებდით მოქმედი გამგებლის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები) მანუჩარ მერებაშვილი ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო")
მისი ხელმძღვანელობის პერიოდს შევაფასებ დადებითად. გამგებლის მოღვაწეობისას კასპის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ერთობლივი მუშაობით კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ისეთი პროექტები, რაც ბოლო ათწლეულის მანძილზე არ განხორციელებულა.
ალექსანდრე შაქარაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")რაც შეეხება მოქმედი გამგებლის საქმიანობას, ვერ ითვისებს ბიუჯეტის თანხებს და საჩუქრად უგზავნის სხვა მუნიციპალიტეტებს. გასული წლების მანძილზე უამრავი პრობლემის მიუხედავად, მილიონ ლარზე მეტი, ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნეს. აქედან გამომდინარე, გააკეთოს შეფასება მოსახლეობამ.
ნათია ბახტაძე ("რესპუბლიკური პარტია")ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოქმედი გამგებელი მხოლოდ სავაკანსიო ადგილს იკავებს. მაგრამ გამგებლის გარდა არსებობს მეორე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი გარემოება: როგორც მითხრეს, კასპის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი კასპის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარეა და ის "ქართული ოცნების" კანდიდატია. არ არის ეს საინტერესო გამოწვევა ჩემთვის იმიტომ, რომ არსად არ ჩანს მისი საკრებულოს თავმჯდომარედ მოღვაწეობის შედეგები; მაშინ როცა ქალაქში, სულ ელემენტარული რომ ითქვას, კაფე არ არის, ბავშვებისთვის საქანელა არ არის. შესაბამისად ძნელად წარმოსადგენია მის მომავალ მოღვაწეობას არსებითი შედეგი ჰქონდეს ქალაქისა და სოფლებისთვის. ამჟამინდელი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ქმედებების შედეგია, რომ დღეს ქალაქი კასპი დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, ეს ქალაქი პირდაპირი მნიშვნელობით არის შიდა ქართლის ნაგავსაყრელი, აქ მიწდება გორის, მცხეთის, დუშეთის, ქარელის, ხაშურის ნარჩენები. არ შეიძლება გიყვარდეს ქალაქი და მისი მცხოვრებლების „გენოციდს“ უშვებდე. კასპის ნაგავსაყრელად გადაქცევა არ წარმოადგენს უპასუხისმგებლობას, არამედ დანაშაულს მოქალაქეების წინაშე. ამ პრობლემას ემატება ცემენტის ქარხნის ნარჩენები, რომელიც ღიად იყრება გარეთ. კასპსა და მის მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელში ცალსახაა ინფრასტრუქტურის არარსებობა: არა წყალი, არა კანალიზაცია, გზები გასაკეთებელი, არა საძოვრები, არასრულფასოვანი განათების სისტემა... თვითმართველობის მნიშვნელობისა და შეგნების არარსებობაა.
დიმიტრი გორგაძე ("ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო")მოქმედი გამგებლის საქმიანობას შევაფასებ უარყოფითად, რადგან რაიონისთვის არაფერია გაკეთებული. ზოგიერთ სოფელში არ არის გზები დაგებული და თითქმის ყველა სოფელში არის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? მანუჩარ მერებაშვილი ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო")მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მთავრობამ გადაჭრა ძალიან ბევრი პრობლემა, დღეს სამწუხაროდ, არ მოვერიდები იმის თქმას და ვიტყვი, რომ მოსახლეობაში პრობლემები მაინც არსებობს. კასპის მუნიციპალიტეტში 72 სოფელია, აქედან სოფლების უმრავლესობაში მოგვარებულია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, თუმცა რამდენიმე სოფელში ეს პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას. ასევეა გზების პრობლემა, დარჩენილია რამდენიმე სოფელში გზის მოასფალტება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3-4 წელიწადში კასპის მუნიციპალიტეტში არაერთი სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდა, რამდენიმე სოფელში მაგ: კოდისწყაროს და წინარეხის ტერიტორიულ ერთეულებში და ასევე სხვა სოფლებში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და ჩემი მოღვაწეობის უახლოეს პერიოდში ეს პრობლემები მოგვარდება.
ალექსანდრე შაქარაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")რაც შეეხება ძირითად პრობლემებს:
ა. ჰაერის დაბინძურებაა კასპის უმთავრესი პრობლემა. მოგეხსენებათ, რომ აქ არსებობს ცემენტის ქარხნები, რომლებიც მუშაობენ ფილტრების გარეშე და მათგან წარმოქმნილი მტვერი პირდაპირ მოსახლეობის ჯანმრთელობას აზიანებს.
ბ. ტოტალური უმუშევრობა, რომლის მოგვარებაც შეიძლება ეტაპობრივად. კასპის მუნიციპალიტეტს აქვს პოტენციალი ტურიზმის განვითარების. უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემებია გადასაწყვეტი და ტურიზმიც განვითარდება. ინფრასტრუქტურული პროექტები ამუშავდება და შეიქმნება სამუშაო ადგილები.
გ. სოციალურად დაუცველი ოჯახების შშმ პირების უყურადღებობა, უსამართლოდ მოხსნილი შემწეობები, რის გამოც ისინი აღმოჩნდნენ სახელმწიფოსგან მიტოვებულნი და გარიყულნი. მე ჩემს გუნდთან ერთად გავხდები გარანტი იმისა, რომ არცერთი სოციალურად დაუცველი არ დაიჩაგრება პოლიტიკური ან სხვა გაურკვეველი მიზეზით და ასევე იმისა, რომ აუცილებლად აღუდგებათ უსამართლოდ მოხსნილი შემწეობები.
დ. უყურადღებოდ დარჩენილი ახალგაზრდობა. მათ მუნიციპალიტეტის თემებში არ გააჩნიათ საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა, რომლის მოგვარება შესაძლებელია გონივრულად დაგეგმილი ბიუჯეტისა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.
ნათია ბახტაძე ("რესპუბლიკური პარტია")ნაგავი, წყალი,გაზის მაღალი ტარიფი, გაუმართავი ინფრასტუქტურა, მუნიციპალური სერვისების არარსებობა.
დიმიტრი გორგაძე ("ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო")კასპში მოსახლეობას ძირითადად აწუხებს სოციალური პრობლემა, წყლის, გზებისა და გაზმომარაგების პრობლემა. ამ პრობლემების მოგვარებას სჭირდება ერთი მხრივ ცოდნა და გამოცდილება, მეორე მხრივ ამ ყველაფრისთვის საჭიროა თანხები. დღესდღეობით ეს თანხები იხარჯება პრემია-დანამატებზე, უსარგებლო პროექტებზე და ჩინოვნიკების ფუფუნებაზე.
რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? (გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი).მანუჩარ მერებაშვილი ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო")
წინაასარჩევნო კამპანიის დროს ვხვდები მოსახლეობას და ვიგებ, რომ სხვადასხვა სოფელს სხვადასხვა პრობლემები აქვს. მაგ. აღაიანში წარვადგინე სასმელი წყლის 2 მილიონიანი პროექტი, რომელიც მომავალ წელს დაიწყება, სოფელ კოდისწყაროს საბავშვო ბაგა-ბაღი, სოფელ სამთავის გზის პროექტი, ქვემო ჭალას, საკორინთლოს გზის მოასფალტება, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება. სოფელ თელიანის სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტი. მე ვაპირებ 72-ვე სოფელში ძირითად თითო მთავარი პრობლემის მოგვარებას, პირველ ეტაპზე.
ალექსანდრე შაქარაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")მე ჩემს გუნდთან ერთად შემიძლია, რომ კასპი იყოს ერთ–ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს სოციალური, ეკონომიკური, ტურიზმის, ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.
ნათია ბახტაძე ("რესპუბლიკური პარტია")ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კასპის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდეს საქართველოს მასშტაბით სამაგალითო თვითმართველ მუნიციპალიტეტად.
წლების მანძილზე გაისმოდა დაპირებები ქვეყანაზე ზრუნვისა და ადამიანისთვის ცხოვრების პირობების საგრძნობლად გაუმჯობესების შესახებ - არ ასრულდა არც ერთი. შეხედეთ კასპს, უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქსა და რაიონს. განა ასე უნდა გამოიყურებოდეს სამოცდათერთმეტი სოფლის ცენტრი? ასე დაბეჩავებული უნდა იყოს შიდა ქართლის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტის სოფლები? მე არ მოვდივარ დაპირებებით. მთელი მედიალური სივრცე და ყველა პარტია გაიძახის, რომ დაპირება კარგად მუშაობს ამომრჩეველზეო; არა, მე არ ვაპირებ მოსახლეობის მოტყუებას; მე არ მაინტერესებს ჰაერში გატყორცნილი დაპირებები, არამედ გვაქვს რეალური სიტყვა და მინდა რეალური ბრძოლა ადამიანისთვის ღირსეული სოციალური გარემოს შესაქმნელად. ეს პროცესი უამრავ საფეხურსა და სფეროს მოიცავს საბოლოო შედეგამდე, მაგრამ ჩვენ არ გვაშინებს ქმედება და ბრძოლა.
ჩემი მერად წარდგენისთანავე პირველ რიგში შეწყდება კასპში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ნაგავის შემოზიდვა; კასპი თვითმმართველი მუნიციპალიტეტია და არ არის პასუხისმგებელი სხვა მუნიციპალიტეტების ნაგავზე; დაიწყება ინფრასტურქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც სრულყოფილი უნდა იქნას მართვის წლების განმავლობაში. ინფრასტუქტურული პროექტების პარალელურად გაანალიზდება სოფლებში არსებული რესურსები, რომლის მიხედვითაც შემუშავდება სოფლების სიღარიბიდან გამოსვლის სამუშაო პროექტები. კასპის მუნიციპალიტეტს, როგორც თვითმმართველ ერთეულს, ექნება საკუთარი მუნიციპალური სერვისები.
დიდი ყურადღება დაეთმობა რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის აღწერას და ტურიზმის პოტენციალის გაძლიერებას. ტურიზმის განვითარება შექმნის დამატებით სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს ხალხის დასაქმებას. შეიქმნება არაფორმალური განათლების ცენტრები, სადაც ყველა ასაკის ადამიანს ნიჭისა და მიდრეკილების მიხედით შეეძლება ისწავლოს და მიიღოს განათლება მისთვის საინტერესო სფეროსა თუ ხელობაში.
დაარსდება დრამატული და თოჯინების თეატრები, რაც უფრო მეტ დინამიკას შეიტანს მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში კასპის მუნიციპალიტეტში არსებობს ობიექტები, რომლებიც შეიძლება გადაიქცნენ დიდ კულტურულ ცენტრებად.
დიმიტრი გორგაძე ("ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო")მოვაწესრიგებთ სამელიორაციო სისტემას, გავაუმჯობესებთ სასმელი წყლით მომარაგებას, მოვაწესრიგებთ შიდა გზებს და განვავითარებთ სხვა ინფრასტრუქტურებს, ყველა პენსიონერს რაიონის ბიუჯეტიდან დავუნიშნავთ ოცლარიან დანამატს და აღვადგენთ ყველა უსამართლოდ შეწყვეტილ სოციალურ დახმარებას. პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან შევამცირებთ ზედმეტ ხარჯებს, რის საფუძველზეც შევძლებთ დავნიშნოთ 20 ლარიანი დანამატი პენსიებზე. შემდეგ მოვაწესრიგებთ სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებს.
არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)
მანუჩარ მერებაშვილი ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო")
მე უკვე ორი წელია, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ვარ, ჩემი კაბინეტის კარი ყოველთვის ღია ნებისმიერი მოქალაქისთვის. ჩემი ტელეფონი 24 საათის განმავლობაში ჩართულია და ვცემ თითოეული მოქალაქის ზარს პასუხს, არ ვერიდები ქუჩებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. ასევე გაგრძელდება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაშიც. აქტიურად ვარ ჩართული კულტურულ საგანმანათლებო პროექტებში.
ალექსანდრე შაქარაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")მოგეხსენებათ წინასაარჩევნო კამპანია გვაქვს კარდაკარის პრინციპით და შევდივარ ყველა ოჯახში, ვეცნობი თითოეული მოსახლის პრობლემებს. გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება მოსახლეობასთან იგივე ურთიერთობები მათი პრობლემების მოსაგვარებლად.
ნათია ბახტაძე ("რესპუბლიკური პარტია")მე მაქვს პრეტენზია, რომ ვიყო მერი, და ჩემთვის ხმის მიცემა ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე აძლევს თავის თავს ხმას, რადგან ჩემი მოსვლით მათთან ერთად დაიწყება რაიონის მართვა. თითოეული მათგანი იქნება მონაწილე ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების, ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო პროცესისა. დიახ, კასპისა და მის რაიონში შემავალი ყველა სოფლის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. არ შეიძლება ველოდოთ გმირის მოსვლას, გმირი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავინახოთ საკუთარ თავში, საკუთარი პასუხისმგებლობით ერთად უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას და აღარ დავუშვათ, რომ სხვის კეთილდღეობას მივცეთ ხმა. ხმა მიეცით თქვენს თავს და თქვენს კეთილდღეობას, რომლის შექმნაზეც ჩემთან ერთად იმუშავებთ.
დიმიტრი გორგაძე ("ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო")ჩემი არჩევის შემთხვევაში ვგეგმავ რომ მივიდე სოფლებში და მოვისმინო ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები, გავმართო რეგულარულად თემატური შეხვედრები მოსახლეობასთან და ასევე ვგეგმავ რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული ადგილობრივ თვითმმართველობაში რათა ყველამ ერთად მივიღოთ სასურველი შედეგი.
თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა ქალაქსა და სოფლებში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რამდენ დასახლებას/სოფელს აწუხებს ეს საკითხი და თქვენ რას ჰპირდებით მათ?
მანუჩარ მერებაშვილი ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო")
რაიონში შემავალი სოფლების უმეტესობაში მოხდა გაზიფიცირება დაახლოებით 40 სოფელში. მიმდინარეობს დანარჩენი სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები, რისთვისაც თანხები უკვე გამოყოფილია.
ალექსანდრე შაქარაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")მოგახსენებთ, რომ გაზიფიცირების პროექტი დაიწყო 2012 წელს „სოკართან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების პირობებში მიმდინარეობს ეტაპობრივად გაზიფიცირება, ჩემი მერობის შემთხვევაში ხელშეწყობა და ყურადღება მიექცევა დარჩენილი სოფლების გაზიფიცირებას, რათა დროულად მოხდეს ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა მოსახლეზე. ამ დროისთვის გაზიფიცირების გარეშე დარჩენილია ოთხი სოფელი.
ნათია ბახტაძე ("რესპუბლიკური პარტია")ზოგადად მოსახლეობის გაზიფიცირება შეფერხებებით მიმდინარეობს; უსაფრთხოების ზომები თითქმის არ არის დაცული; სამწუხაროა, რომ ეს საკითხი ჯერ არ წყდება მუნიციპალურ დონეზე და არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში.
დიმიტრი გორგაძე ("ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო")სულ 12 სოფელია, რომელიც არ არის გაზიფიცირებული. ჩემი არჩევის შემთხვევაში ამ სოფლებს ვპირდები გაზიფიცირებას და მთელ რაიონს ტარიფის შემცირებას.
თქვენს მუნიციპალიტეტში სად არის ყველაზე დაზიანებული გზა ამ დროისათვის და მერობის შემთხვევაში, რა ვადებში ფიქრობთ მის აღდგენა-რეაბილიტაციას? მანუჩარ მერებაშვილი ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო")
ყველაზე დაზიანებული გზა აქვს სოფელ აღაიანს, ჩანგილარს, საკორინთლოს, ბარნაბიაანთკარს, ქვემო ხანდაკს, წინარეხს, თელადგორს და ქვემო გომს. ამ გზების რეაბილიტაციის პროექტები უკვე არსებობს და აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.
ალექსანდრე შაქარაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")ჩვენს მუნიციპალიტეტში გზების მდგომარეობა არასახარბიელოა, ფაქტიურად ბოლო ოთხი წლის მანძილზე არ მომხდარა მათი რეაბილიტაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფელი გუდალეთი, სადაც უამინდობის შემთხვევაში სოფლამდე მისვლა შეუძლებელია, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა თემებშიც. ჩემი მერობის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხდება ამ გზების რეაბილიტაცია, კერძოდ სოფელ გუდალეთში - პირველივე წელს.
ნათია ბახტაძე ("რესპუბლიკური პარტია")ყველაზე რთული მდგომარეობა ამ მხრივ სოფელ აღაიანშია; მე თუ მერად ამირჩიეს ამ პრობლემას უახლოეს 8 თვეში მოვაგვარებ.
დიმიტრი გორგაძე ("ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო") ამ დროისათვის ყველაზე დაზიანებული გზა არის მაღალმთიან რაიონებში. მერობის შემთხვევაში მათი აღდგენა-რეაბილიტაციისთვის მჭირდება დაახლოებით ორი წელი.