9 ოქტომბერს, თოქ-შოუში „არჩევანი“, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა: „თქვენ იცით, რომ 2012 წლამდე ადამიანს თუ არ ქონდა ფინანსური შესაძლებლობა, შეუძლებელი იყო ესარგებლა ექიმის მომსახურებით, საავადმყოფოს მომსახურებით, ან ოპერაცია გაეკეთებინა და ა.შ. ... 2013 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა. დღეს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადამოწმა. 2012 წლისთვის, ხელისუფლების ცვლილებამდე, ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ჯანდაცვაზე. საქართველოს მთავრობის N218-ე დადგენილების ფარგლებში, ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარები იყვნენ: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, საჯარო სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სახალხო არტისტები და მხატვრები. მთავრობის N165-ე დადგენილების ფარგლებში კი დაზღვეულები იყვნენ: 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, სტუდენტები, შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. გარდა ამისა, 2012 წლისთვის სახელმწიფო ახორციელებდა ჯანდაცვის მიზნობრივ პროგრამებს: ფსიქიკური ჯანმრთელობა, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება, ინფექციური დაავადების მართვა, ტუბერკულიოზის მართვა, აივ ინფექცია/შიდსი, დიაბეტის მართვა, ნარკომანია, დიალეზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, იმუნიზაცია, სოფლის ექიმის პროგრამა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამა და სხვა. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობა მოსახლეობისთვის უფასო იყო. 2013 წელს სახელმწიფო მიზნობრივიდან საყოველთაოობის პრინციპზე გადავიდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. 2014 წელს N218-ე და N165-ე დადგენილების ბენეფიციარები, მანამდე არსებული სადაზღვეო პაკეტით, შეუერთდენენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. თუმცა, გაძვირებული მედიკამენტების ხარჯზე (რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2017 წლამდე არ აფინანსებდა), მოსახლეობას ჯანდაცვაზე დანახარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა. Unicef-ის კვლევის თანახმად, 2015 წელს 2013 წელთან შედარებით, ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დაფინანსების წესშიც. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებს 2013 წლამდე კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას განმახორციელებელი კი „სოციალური მომსახურების სააგენტოა“. კერძო სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებს გამოეთიშნენ. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსება (შუამავალი რგოლის გარეშე) დიდი რისკი იყო, რადგან ამით სახელმწიფომ დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები საკუთარ თავზე აიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფომ ჯანდაცვის ხარჯების შეკავება ვერ უზრუნველყო. გასული სამი წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა წლის ბოლოს მინიმუმ 100 მლნ აკლდებოდა და პროგრამის ხარჯების დასაფარად ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიების საჭიროება დგებოდა. მაღალი და მზარდი ხარჯების გამო, პროგრამაში მედიკამენტების დაფინანსების ჩართვაც ვერ მოხერხდა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის შეფასება იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიაში). 2017 წელს, საყოველთაო ჯანდცვის პროგრამის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. სახელმწიფომ საყოველთაოობის პრინციპი მიზნობრივი მიდგომით ჩაანაცვლა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები გაჩნდა, მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები (წელიწადში 40 000-ზე მეტი) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშნენ. მათ მხოლოდ მშობიარობასთან/საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული ხარჯები უფინანსდებათ. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს (წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000-ს) მნიშვნელოვნად შეუმცირდათ დაზღვევის პაკეტი. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები (თვეში 1 000 ლარზე ნაკლები) კი მცირედით შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ. საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება უცვლელად მხოლოდ მოწყვალად ჯგუფებს უნარჩუნდებათ (სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, შშმ პირები და სხვა). ამასთან, 2017 წლის ზაფხულიდან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი დაემატა, რომელიც მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეხო (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია). მაგალითისთვის განვიხილოთ დაბალი შემოსავლის (1 000 ლარზე ნაკლები) მქონე მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. მათ სრულად უფინანსდებათ მხოლოდ: ოჯახის ან უბნის ექმის მომსახურება, პროფილაქტიკური აცრები, ექიმის დანიშნულებით მინიმალური ლაბორატორიული გამოკვლევები (სისიხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა, კრეატინინი, ქოლესტერინი სისიხლში...), ასევე სტაციონარული მომსახურება (15 000 ლარის ფარგლებში). დანარჩენ შემთხვევაში მათ უფინანსდებათ 70%. აქვე განვმარტავთ, რომ დაფინანსების სისტემა გულისხმობს არა კლინიკაში არსებული ფასის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ტარიფის არეალის მიხედვით განსაზღვრული ფასის 70%-ის დაფინანსებას. შედეგად, ხშირ შემთხვევაში, პაციენტს არა 30%-ის, არამედ მეტის დამატება უწევს. დაზღვევის ბევრად უკეთესი პაკეტი აქვთ მიზნობრივ ჯგუფებს. მათ სამედიცინო სერვისები უმეტეს შემთხვევაში 100%-ით უფინანსდებათ (იხილეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიფერენცირებული პაკეტები).

დასკვნა 2012

წლისთვის, ხელისუფლების ცვლილებამდე, ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდნენ სწორედ ის მოქალაქეები, რომელთაც ფინანსურად ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ჯანდაცვაზე. ესენი იყვნენ: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, დევნილები, საჯარო სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სახალხო არტისტები და მხატვრები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, სტუდენტები, შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. გარდა ამისა, სახელმწიფო ახორციელებდა სხვადასხვა მიზნობრივ ჯანდაცვის პროგრამებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო უფასო.

2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. შედეგად, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდა. თუმცა, გაძვირებული მედიკამენტების გამო (რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებდა) მოსახლეობას ჯანდაცვაზე დანახარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა. სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების მართვა/შეკავება ვერ უზრუნველყო და 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები გაჩნდა. ანუ, საყოველთაოობის პრინციპი კვლავ მიზნობრივი მიდგომით ჩანაცვლდა. რა თქმა უნდა, დღეს უფრო მეტი მოქალაქეა დაზღვეული, ვიდრე 2013 წლამდე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე ამ კუთხით არაფერი კეთდებოდა. ასევე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2013 წლის შემდეგ ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვა მხოლოდ ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს აფინანსებს და ისიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებისთვის. იმ ფონზე, როდესაც, ჯანდაცვის დანახარჯების დაახლოებით 50% სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი