იტვირთება

2017

წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარი გეგმები და დაპირებები ფაქტ-მეტრს გურჯაანის მერობის ხუთმა კანდიდატმა გააცნო. მერობის კანდიდატების განცხადებით, მათი პროგრამები მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავს და სოციალური, დასაქმების, სასმელი წყლის, გზებისა და ავარიული ნაგებობების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

გიორგი (გოგა) პეტრუზაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“) 2006-2012

წლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი. ვიყავი სამსახურის უფროსი, გამგებლის პირველი მოადგილე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. შესაბამისად, მგონია, რომ ის რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებდით შემდგომ წლებში და რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ჩვენს მიერ, ფაქტობრივად მთავრობის შეცვლის შემდეგ შევწყვიტეთ ჩვენ და ბევრი სამუშაო, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და დასასრულებელი დარჩა. მინდა ჩემი თვითრეალიზაცია ბოლომდე მოვახდინო და ეს საქმეები ბოლომდე გავუკეთო ჩემს ქალაქს და რაიონს.

არჩილ ხანდამაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

მე გურჯაანს კარგად ვიცნობ. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ არის ჩემი ოჯახი და აქ არიან ჩემი მეგობრები. ჩემი პროფესიული საქმიანობა და კარიერული წინსვლაც გურჯაანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ვიცი, რომ თითოეული საკითხის გადაჭრას განსაკუთრებული და კონკრეტული მიდგომა ჭირდება. ჩემმა საბანკო კარიერამ სწორედ ასეთი სტრუქტურირებული მუშაობის გამოცდილება მომცა და შესაბამისად კარგად ვაანალიზებ, როგორც დროის ფასს, ასევე საკითხისადმი რაციონალურად მიდგომისა და ოპერატიულად მოქმედების პრინციპს. ჩემი და იმ გუნდის მიზანი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში "ქართულმა ოცნებამ" წარგვადგინა, მკაფიოა: 4 წლის შემდეგ გურჯაანი იყოს ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული მუნიციპალიტეტი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის კი კონკრეტული, ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამა გვაქვს შესასრულებელი. გამოყოფილია 4 ძირითადი მიმართულება. დამერწმუნეთ, პრობლემების 90 პროცენტზე მეტი, რომელიც აწუხებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ გურჯაანს, 4 წლის შემდეგ აღარ იარსებებს.

ნიკა ნიჟარაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე წლების განმავლობაში ბევრ ხელმძღვანელ პოზიციაზე ვიმუშავე. ვიყავი გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, განათლების, კულტურის და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე, მე სრული ინფორმაცია მაქვს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მაქვს საკმაო გამოცდილება ამ პრობლემების გადაჭრის. ვარ კომპეტენტური, რომ ხალხმა გამომიცხადოს ნდობა და ამირჩიოს მუნიციპალიტეტის მერად.

ზურაბი სეფიაშვილი ("მემარცხენე ალიანსი")

საერთოდ, პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მივხვდი, შორიდან ცულის ქნევით ხეს ვერ მოვჭრიდი და ამდენი უსამართლობის ყურებამ დამღალა. მე კარგად ვაცნობიერებ რას ნიშნავს პოლიტიკოსობა. პოლიტიკოსი არის ხალხის მსახური და მე რაც პოლიტიკაში შევდგი ფეხი, იმ დღიდან ხალხს მივაკუთნე ჩემი თავი. დღესაც, მე ჩემს ოპონენტებს მტრებად არ მივიჩნევ, ყოველთვის ვცდილობ მათთან საერთო ენა გამოვნახო.

კობა კუპრაშვილი (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)

ადგილობრივი არჩევნების გზით ის პოლიტიკური ძალები უნდა მოვიდნენ, რომლებიც ფონს შექმნიან მუნიციპალიტეტებში და შეიქმნება სხვანაირი აზროვნების მქონე პოლიტიკური ძალების გაერთიანება. გურჯაანი ცალკე აღებული ავტონომია არ არის  და მიბმულია საქართველოსთან. როგორი პოლიტიკური პროცესებიც მიმდინარეობს გურჯაანში ის ხდება ამბროლაურშიც და თბილისშიც.

როგორ შეაფასებდით მოქმედი გამგეობის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)

გიორგი (გოგა) პეტრუზაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ძალიან ძნელია შეფასება გაუკეთო იმ ხელისუფლებას, რომელიც შენს შემდეგ მოვიდა. ამ კუთხით ჩემი თითოეული შეფასება შურისძიებას შეიძლება დაემსგავსოს, რისი სურვილიც არ მაქვს. ამ თანამდებობაზე მე შურისძიებით მოსვლა არ მინდა. მე მინდა მოსვლა იმიტომ, რომ საქმე გავაკეთო. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყველაფერი შეჩერდა ჩვენს მუნიციპალიტეტში, როგორც მთელს სახელმწიფოში. მე შემიძლია ჩამოვთვალო რაც გავაკეთეთ ჩვენ და ამ საქმეებს თითები არ ეყოფა და შევხედოთ რა გაკეთდა ამ ოთხ წელიწადში გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

არჩილ ხანდამაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

ზოგადად ვიტყვი, რომ ნებისმიერ მენეჯერს აქვს თავისი კონკრეტული მართვის პოლიტიკა და პრინციპები. მე არ ვაპირებ არავის და არაფრის შეფასებას. მაქვს კონკრეტული გეგმა და კონკრეტული სამოქმედო არეალი. ვიცი როგორ და რა გავაკეთო. წარსული არ არის ჩემთვის საინტერესო, რადგან ცვლილებები მხოლოდ აწმყოში და მომავალში შეიძლება განახორციელო. ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე უპირატესობას ვანიჭებ წესრიგსა და სტრუქტურირებას. სწორედ მსგავსი სამუშაო გარემოს შექმნას ვგეგმავ მერიაშიც და ვფიქრობ ეს აუცილებლად მოგვიტანს შედეგს უკეთესი, განვითარებული და მეტი შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტის შექმნისთვის. გურჯაანის მერია, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ იქნება საქმეზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, რაციონალური, ოპერატიული და გულისხმიერი თითოეული ადამიანისთვის.

ნიკა ნიჟარაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მათ საქმიანობას დადებითად ვერანაირად ვერ შევაფასებ. მე წინა არჩევნებზეც ამას ვამბობდი, რომ ადამიანი როდესაც მოყავთ სხვა სფეროდან, რომელიც საერთოდ არ არის გაგებაში თუ როგორ უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი, როგორ შეიძლება მოხდეს პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა, ის ვერ იქნება კარგი მენეჯერი და მერი. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ასეც მოხდა. მე არ მეგულება მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანიც კი, რომელიც კმაყოფილი არის დღევანდელი გამგეობის მუშაობით.

ზურაბი სეფიაშვილი ("მემარცხენე ალიანსი")

ყოველთვის ვცდილობ ადამიანში კარგი დავინახო და დავაფასო, მაგრამ სამწუხაროდ, ამათგან პოზიტიური მხოლოდ თბილი მოკითხვები მახსენდება. ხალხისთვის პოზიტიური არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება ნეგატიურს, ბევრი რამ მახსენდება. მაგალითად, ნაკურთხი პრემიები, 26 წლის გოგონას ზარ-ზეიმით დაპირდნენ საახალწლოდ ბინის ქირას გადაგიხდითო, მაგრამ 120 ლარი დაენანათ და არ გადაუხადეს. მე გამოვითხოვე  ანგარიში, ამ სამი წლის განმავლობაში პრემია-დანამატის სახით რამდენი იყო გაცემული და 750 ათასი ლარი აქვთ აღებული. სახლში მიდევს 36 გვერდიანი აუდიტის დასკვნა, რომელიც საბრალდებო დასკვნას უფრო ჰგავს და ყველა ფურცელზე სხვადასხვა სახის დარღვევებზეა საუბარი. საკრებულოში სამი ოქმი იდო, 4 ლამპიონზე იყო ჩასაბმელი კაბელები და 5 ათას ლარში შემოიტანეს ეს პროექტი. აქ ძირითადად ბიუჯეტის ფული მიდის „ატკატებში“ და პრემია-დანამატებში. რეალურად კეთდება ათასი ლარის საქმე და იწერება 20 და 30 ათასი.

კობა კუპრაშვილი (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)

ქუჩაში ხომ დადიხართ და ერთ გაღიმებულ ადამიანს თუ დაინახავთ ე.ი. კარგად მიდის ცხოვრება.  სულ „დაღრეჯილები“ არიან და სახე ჩამოსტირით ადამიანებს, ე.ი. არაფერი კეთდება და ხალხს უჭირს. ერთჯერადია ყველაფერი. ჩამოკიდებენ ნათურას, რომელიც ხვალ დაიწვება და თავიდან შესაცვლელია. ნათურები კი არ უნდა ვცვალოთ, მთლიანად განათების სისტემა უნდა გამოვცვალოთ.

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

გიორგი (გოგა) პეტრუზაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ჩვენ პერიოდშიც იყო ეს პრობლემა და ახლაც მოსაწესრიგებელია ქალაქ გურჯაანში საკანალიზაციო სისტემა. მუნიციპალიტეტში არ არსებობს გამწმენდი ნაგებობა, რომელიც საბოლოო ფორმას მისცემს საკანალიზაციო სისტემას. რთული მდგომარეობაა მრავალბინიან საერთო საცხოვრებლებში, სადაც სარდაფები არის ავარიულ მდგომარეობაში. იქ გამავალი წყლის, ელექტროენერგიის, კომუნიკაციები და საკანალიზაციო სისტემები არის მოძველებული და შეცვლა ჭირდება. საკმაოდ დიდი თანხებია ამისთვის საჭირო, მაგრამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია. სახურავების პრობლემა ჩვენ დროს დაიწყო და დამთავრდა. ეზოებია მოსაწყობი. ეს არის ის, რაც ქალაქს პირველ რიგში ჭირდება. ასევე უნდა მივხედოთ საბავშვო ბაღებს.

არჩილ ხანდამაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

ძირითადი პრობლემები დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან - შიდა საუბნო გზების მოწესრიგებასთან, სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებასთან, გადამამუშავებელი საწარმოების სიმწირესა და სამუშაო ადგილების შექმნასთან. მოსახლეობას განსაკუთრებით სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება აწუხებს, ხოლო გვალვის პერიოდში გრაფიკის მნიშვნელოვნად შემცირება. გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, ცენტრალური მაგისტრალების საკითხი მოგვარებულია და გურჯაანის შემოვლითი და ბაკურციხე-გურჯაანი-თელავის შემაერთებელი ახალი გზები, თბილისი-ბაკურციხის ჩქაროსნული მაგისტრალი ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა შიდა საუბნო გზების ნაწილი ჯერ კიდევ საჭიროებს მოხრეშვა-მოასფალტებას. მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის პრობლემას სოციალური დახმარების გაუქმება წარმოადგენს. ჩემი ამბიციაა, რომ აღნიშული პრობლემები 4 წლის შემდეგ მინიმუმადე იყოს დაყვანილი.

ნიკა ნიჟარაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ყველაზე დიდი პრობლემა ცხელმა ზაფხულმა დაგვანახა, რომ სოფლებში არის უწყლობა. ფაქტობრივად წყლის გარეშე იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში სოფლები დარჩენილი. დიდი პრობლემაა სოციალური ფონი და ამ უკიდურესი გაჭირვების ფონზე მოხდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, მედიკამენტების და სურსათის გაძვირება. არ ხდება პენსიის მომატება. ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ 20 ლარით მოუმატეს პენსია. სოციალური დახმარებები ეხსნებათ. მართალია მუნიციპალიტეტის გამგებლის პრეროგატივა არ არის დახმარების დანიშვნის და მოხსნის საკითხი, მაგრამ მერს აქვს იმის ინკლუზიური უფლება, რომ ჩაეძიოს ამ სამსახურის მუშაობას და სამინისტროს და მინისტრის დონეზე დააყენოს საკითხი, რომ ამა თუ იმ ოჯახს რატომ შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება. მესამე საკითხი არის ინფრასტრუქტურული პრობლემები. მოსაწესრიგებელია შიდა საუბნო გზები, სანიაღვრე სისტემები, სავარგულებამდე მისასვლელი გზები. დიდი პრობლემაა ახალგაზრდობის გადინების კუთხით. მათ არ აქვთ არანაირი გართობის საშუალება და ამ მიმართულებით აუცილებლად არის ყურადღება გასამახვილებელი.

ზურაბი სეფიაშვილი ("მემარცხენე ალიანსი")

პრობლემაა გზები, სოციალური სფერო, სადაც ძალიან დიდი განუკითხაობაა. ისეთ ადამიანებს მოუხსნეს სოციალური დახმარება, რომ უკიდურესად უჭირთ. მართალია ამ საკითხს მუნიციპალიტეტი არ წყვეტს, მაგრამ მუნიციპალიტეტს შეუძლია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით მოაგვაროს. არის არაფრის მკეთებელი ა(ა)იპ-ები, საიდანაც ბევრი თანხის გამოთავისუფლება შეიძლება, რომ სოციალურად დაუცველებზე განაწილდეს. პირველ რიგში შრომისუუნარო ადამიანებს უნდა დაეხმარო. ბევრი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდაა, რომელსაც დახმარების ნაცვლად შესაძლოა რამე ასწავლო და სამსახურში ჩააყენო.

კობა კუპრაშვილი (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)

ძალიან ბევრ ადამიანს შეუწყდა სოციალური დახმარება. ამ საკითხს გამგებელი არ წყვეტს, მაგრამ ხომ შეუძლია მიმართოს შესაბამის სამსახურს?! ერთჯერად დახმარებას იძლევიან 50-დან 80 ლარამდე. ამ ფულით წამალს იყიდის ადამიანი ერთხელ და მორჩა. გურჯაანის მოსახლეობის 99% წლიდან წლამდე დამოკიდებულია ატმის და ყურძნის რეალიზაციაზე. პარლამენტში ზის მარტო 50 ოფიციალური მილიონერი და რა გახდა, რომ ერთი ბიზნესმენი გამოიძებნოს, რომელიც ააწყობს და გააკეთებს ატმის გადამამუშავებელ ქარხანას. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ამის ბერკეტი, მაგრამ რომ აკონტროლოს ეს პროცესი შეუძლია.

მუნიციპალიტეტის სოფლებში მთავარ პრობლემა წყალმომარაგებაა. თუ გაქვთ გეგმა, რომლითაც ამ პრობლემების გადაჭრას შეძლებთ მერად არჩევის შემთხვევაში?

გიორგი (გოგა) პეტრუზაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

გომბორის ქედის ფერდობებზეა ჩვენი სოფლები გაშენებული, წყალნაკლულია გვალვის პერიოდში, წვიმიანობის დროს კი ღვარცოფული მოვლენებია ძალიან ხშირი, ამიტომ საჭიროა ალტერნატიული გზა მოინახოს სოფლების სასმელი წყლით მომარაგების.

არჩილ ხანდამაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

დიახ, ნამდვილად ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. გასული 5 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. არ არის დარჩენილი სოფელი, სადაც ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით თუ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, არსებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია თუ სასმელი წყლის მოწოდების ახალი სისტემა არ დამონტაჟდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ლოკალური ჭაბურღილების სისტემამ პრობლემის სიმწვავე შეამცირა, მაგრამ საკითხი ბოლომდე ვერ მოაგვარა. ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მქონდა დავით სონღულაშვილთან, შევხვდით რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო ოპერატორ კომპანიასაც, რომელთანაც ჭაბურღილების სისტემის ალტერნატიული მოდელის განხილვა მოხდა. მერის პოსტზე არჩევის შემდეგ გადაწყვეტილი მაქვს ქალაქ გურჯაანისა და ყველა სოფლის სასმელი წყლის მომარაგების ცალ-ცალკე საფუძვლიანი შესწავლა და კონკრეტული გადაწყვეტის მორგება თითოეულ მათგანზე. სასმელი წყლის გარდა, წელს შეიქმნა სარწყავი წყლის მოწოდების პრობლემაც - გვალვამ ძალზედ დააზარალა ჩვენი მუნიციპალიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა და კომპეტენციაა, დავინტერესდი პრობლემის გადაჭრის გზებით - ხელისუფლება გადამწყვეტი ზომების მიღებას აპირებს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელიც წყალმომარაგების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ერთ-ერთი და, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო და ოპტიმალური არის ილტოს წყალსაცავის შექმნა და კახეთის მომარაგება სარწყავი წყლით, როცა ამის საჭიროება შეიქმნება.

ნიკა ნიჟარაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

დიახ, პირველივე წელს უნდა გადაწყდეს სოფლებში წყალმომარაგების საკითხი.

ზურაბი სეფიაშვილი ("მემარცხენე ალიანსი")

გეთანხმებით, უმთავრესი პრობლემა არის წყალი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წყლის საკითხი იქნება ერთ-ერთი პირველი, რომლის მოგვარებასაც მერად არჩევის შემთხვევაში დიდ ყურადღებას მივაქცევ.

კობა კუპრაშვილი (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)

წყლის პრობლემა ყველა სოფელშია. სათავე ნაგებობები დამოკიდებულია ბუნებასთან. წელს, ორი თვის განმავლობაში წვიმა არ იყო და წყალი როგორ მოვიდოდა. ასეთ სოფლებში ჭაბურღილები უნდა მოეწყოს, რომელიც ცოტა ძვირი ფუფუნებაა. ახლა თუ წყლის გადასახადი თვეში ერთი ლარია, ამ  შემთხვევაში გადასახადი გაძვირდება.

მაწანწალა ძაღლების პრობლემა წლებია მოუგვარებელია. როგორ ფიქრობთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას?

გიორგი (გოგა) პეტრუზაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ძალიან რთულია ბავშვი, ან თუნდაც ზრდასრული გამოვიდეს ქუჩაში და მაწანწალა ძაღლმა დაკბინოს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ვიცით ეს ძაღლი აცრილია თუ არა. ჩემთვის მიუღებელი და არა ჰუმანური აქტია ძაღლის მოკვდინება ინექციით, მაგრამ ესეც ერთ-ერთი გამოსავალია, როდესაც სხვა გზა არ არსებობს. თუმცა, ერთი ძაღლის მოკვდინებაც ძალიან ძვირია და ჩემი ინფორმაციით 35 დოლარამდე ჯდება. ამ შემთხევაში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის აშენება  ყველაზე ჰუმანური და კარგი გამოსავალია.

არჩილ ხანდამაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

ამ პრობლემის მოგვარებაზე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. დამუშავებულია სპეციალური თავშესაფარის პროექტი მშენებლობა, რომელიც გათვლილია 50 ძაღლზე და დაახლოებით 65000 ლარის ღირებულებისაა. ამ დროისთვის პროექტის ავტორები ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას დაფინანსების მოძიებასთან დაკავშირებით.

ნიკა ნიჟარაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ძალიან რთულად არის ეს საკითხი, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც საღამოს ბავშვებს უჭირთ მასწავლებელთან წასვლა, ცეკვიდან, სიმღერიდან უკან დაბრუნება, იმიტომ რომ მაწანწალა ძაღლები ხვდებიან წინ და აშინებენ. ჩვენი ხელისუფლების დროს იგეგმებოდა სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც კახეთში, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საერთო ცხოველთა თავშესაფრის შექმნას უზრუნველყოფდა. ეს საკმაოდ ძვირი პროექტია და ერთი მუნიციპალიტეტი მის განხორციელებას ვერ შეძლებს, მაგრამ 8 მუნიციპალიტეტს შეუძლია დაძრას. აუცილებლად ვაწარმოებ სხვა მუნიციპალიტეტის მერებთან ამ საკითხზე დისკუსიებს და იმედი მაქვს ერთობლივი ძალებით ამ პრობლემას გადავწყვეტთ.

ზურაბი სეფიაშვილი ("მემარცხენე ალიანსი")

მე ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ და ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ შევკრებ პროფესიონალებს და ისე გადავწყვეტთ, რაც ყველაზე მტკივნეული იქნება იქიდან დაიწყება.

კობა კუპრაშვილი (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)

იყო საუბარი, რომ საკრებულოს მიემართა გამგეობისთვის და თავშესაფარი გაგვეკეთებინა. გურჯაანის ბიუჯეტი არის 10 მილიონი და რომ დავიანგარიშეთ ბიუჯეტის 15% გვიჯდებოდა უპატრონო ძაღლების შენახვა. მერე იყო ინიციატივა, რომ რეგიონული თავშესაფარი გაკეთდეს კახეთში და ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელება შეიძლება.

თუ გაქვთ გეგმა, რომელიც მერად გახდომის შემთხვევაში მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პრობლემას მოაგვარებს?

გიორგი (გოგა) პეტრუზაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე გურჯაანის ავტოსატრანსპორტო საწარმოში, სადაც 2006 წლამდე ვიყავი დასაქმებული და ახლაც იქ ვმუშაობ. ეს საწარმო ემსახურება მოსახლეობის საგზაო გადაზიდვებს და სატვირთო გადატანებს, შესაბამისად, ეს საკითხი ჩემთვის ძალიან მშობლიური და მტკივნეულია. ბოლო წლებში აბსოლუტურად მოიშლა ტრანსპორტით მომსახურებიის საკითხი. აღარ არსებობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად კერძო მესაკუთრეს საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე აქვს სურვილი რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს მგზავრების გადაყვანით. გურჯაანის რაიონულ ცენტრს უკიდურესი სოფლები დაშორებულია 25-30 კილომეტრით და შესაბამისად მოსახლეობას ყოველთვის ჭირდება, რომ კონტაქტი და კომუნიკაცია ჰქონდეს რაიონულ ცენტრთან. წინა წლებში იყო ასეთი რეისი გურჯაანი-ჭერემი. დღეს, ჭერემთან კომუნიკაცია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი ვისაც ჰყავთ, მათ შეუძლიათ.

არჩილ ხანდამაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

დიახ, ვფიქრობთ კერძო სექტორთან მოლაპარაკებას და გზების გამოძებნას ტრანსპორტირების პრობლემის მოსაგვარებლად. რამდენიმე შესაძლო ვარიანტი უკვე არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო.

ვიმედოვნებ, ჩვენი და კერძო სექტორის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგება და გურჯაანელებისთვის შიდა ტრანსპორტის პრობლემა მოიხსნება.

ნიკა ნიჟარაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვქონდა გამოყოფილი ტრანსპორტი, რომელიც დადიოდა ჭერემში და უზრუნველყოფდა კვირა დილით, ჭერემის მოსახლეობის ველისციხის ბაზარში ჩამოყვანას. ეს ავტობუსი ელოდებოდა მათ და მერე ისევ უკან მიყავდა. დღესდღეობით ეს პრობლემა ღიაა და ამ სოფელს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება. ორი სამარშრუტო ტაქსი ჰყავს გამგეობას, რომელიც მუნიციპალიტეტის ეზოშია გაჩერებული და ემსახურება მხოლოდ ბაღის ბავშვების ექსკურსიებს. თავისუფლად შეიძლება, რომ აქედან ერთ-ერთი მანქანა გამოიყოს ჭერმის მოსახლეობისთვის, რომ ამ ხალხმა იგრძნოს ყურადღება. 18:00 საათის შემდეგ გადაადგილების პრობლემა ყველა სოფელში დგას. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობა. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზამთრის პერიოდში, სამსახურიდან 6 საათზე გამოდიან, საღამოს თითო რეისი მაინც უნდა იყოს -  კარდენახის, ვაჩნაძიანის და კაჭრეთის მიმართულებით.

ზურაბი სეფიაშვილი ("მემარცხენე ალიანსი")

ეს პრობლემა რამდენჯერმე წამოიჭრა საკრებულოში, მაგრამ ვერასდროს ვერ გადაწყდა. სულ რამდენიმე სოფელია, რომელიც რაიონულ ცენტრს არის მოშორებული და მუნიციპალიტეტისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ამ მიმართულებით დანიშნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეგ ძალიან იოლად მოსაგვარებელი საკითხია.

კობა კუპრაშვილი (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)

ამ საკითხის მოგვარებაზე ადგილობრივმა დეპუტატმა შემოიტანა საკრებულოში წინადადება, მაგრამ მხარდაჭერის იქით ვერ წავიდა. თუ სისტემური ცვლილება არ განხორციელდა, მე ვერაფრის გაკეთებას შევძლებ.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

გიორგი (გოგა) პეტრუზაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

თითოეული კანდიდატის საზრუნავი, რომელიც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი გახდეს, უნდა იყოს მოსახლეობის კეთილდღეობის ეს პრობლემა იშლება ფართო სპექტრად და არის უამრავი მიმდინარეობა. პირველ რიგში სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს რამენაირად. ჩვენი პარტიის პროგრამით, თითოეულ მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმარჯვებს „ევროპული საქართველო“ პირველივე ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იმ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით მოხდება პენსიის გაზრდა. მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთაც არაკანონიერად, ან დარღვევით შეუჩერდა სოციალური დახმარებები ამავე ბიუჯეტიდან ვაპირებთ მათთვის სოციალური დახმარებების დანიშვნას. სახელმწიფო ბიუჯეტთან რთულია შეხება და ეს თუ გაკეთდება უნდა გაკეთდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. თითოეული დაპირება რეალობას არ უნდა იყოს მოკლებული. მე არ ვიცი როგორი ბიუჯეტი იქნება 2018 წელს. შესაბამისად, ბიუჯეტის ფორმირების დროს დადგება იმის წინაპირობა კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია. კეთილდღეობის ამაღლებას რაც ჭირდება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მედიკამენტოზურ მკურნალობაში დახმარება თუ ოპერაციების თანადაფინანსება უნდა შევძლოთ. ამ ეტაპზე არ ვიცი რის ხარჯზე, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. აუცილებელია საჯარო სამსახურში ადამიანმა მიიღოს ანაზღაურება ყოველგვარი დანამატებისა და პრემიების გარეშე, შესაბამისად თანხები უნდა მოვძებნოთ ბიუჯეტში ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

არჩილ ხანდამაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როცა მოსახლეობას ვხვდები, ერთს ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მე მჭირდება თითოეული გურჯაანელის დახმარება, მათი გვერდში დგომა იმისთვის რომ გავაცოცხლოთ, გამოვიყენოთ და სწორი მიმართულება მივცეთ იმ მიძინებულ შესაძლებლობებს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დოვლათის შექმნისთვის.

ზევით უკვე ვისაუბრე ჩემ ხედვებზე და მიმართულებებზე, რომლის შესრულებასაც ვაპირებ მერად არჩევის შემდეგ.

ნიკა ნიჟარაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ჩვენი დაპირებები დავყავით რამდენიმე მიმართულებით: ინფრასტრუქტურის, სოციალური, ახალგაზრდობის და სამოქალაქო ჩართულობის კუთხით. პირველივე წელს უნდა გადაწყდეს სოფლებში წყალმომარაგების საკითხი. რაც შეეხება ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიც არის შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, ქალაქშია

მსგავსი სიახლეები

2925 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი