21

ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. როგორია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო პრიორიტეტები და რას უნდა ელოდოს მათგან ამომრჩეველი? ფაქტ-მეტრის შეკითხვებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ და „ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატებმა უპასუხეს.

  რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?   ირაკლი უჯირაული ("ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობა")

მე საჯარო სამსახურში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება მაქვს. სხვადასხვა დროს ვიყავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. დღემდე ვარ საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე. მე კარგად ვიცი, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული პრობლემები და მიმაჩნია, რომ დღეს, ვარ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია თავი გაართვას არსებულ გამოწვევებს. ჩემი პროფესიონალიზმი მაძლევს საშუალებას, რომ შევთავაზო ჩემი კანდიდატურა ამომრჩეველს. არჩევის შემთხვევაში ვპირდები მათ, რომ ვიქნები მათი ინტერესების დამცველი, ყველა მათი ინიციატივის გამხმოვანებელი და შემსრულებელი. მე და ჩემი გუნდი პოლიტიკაში არ ვართ გავლით. ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული, პროფესიონალი პოლიტიკური საქმით დაკავებული დიდი ხანია და შესაბამისად მაქვს იმის ინტერესი და სურვილი, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს.

იოსებ ქარუმაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

ვფიქრობთ, ამომრჩეველმა არჩევანი ჩვენზე იმიტომ უნდა გააკეთოს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც არსებული პრობლემების გადაჭრის ზუსტად განსაზღვრული, კონკრეტული გეგმა და მისი შემსრულებელი ძლიერი გუნდი ყავს.

შაქრო ტერტერაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) --------- გელა ჭვრიტიძე  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობა, გავხადოთ ის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ყველასთვის. რაც შემეხება მე, პროფესიით ვარ აგრო-ვეტერინარი და  გამაჩნია მრავალწლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის დარგში. აგრეთვე ვარ ომის ვეტერანი და ყოფილი სპორტსმენი. ზუსტად ვიცი რა სჭირდება ჩემს მუნიციპალიტეტს და რა პრობლემები აწუხებს ყველაზე მეტად მოსახლეობას.

  როგორ შეაფასებდით მოქმედი გამგეობის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)   ირაკლი უჯირაული ("ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობა")

თუ გადაავლებთ თვალს სოციალურ ქსელებს და მედიასაშუალებებს, მიმდინარე სამი წლის განმავლობაში მე ვიყავი ერთ-ერთი აქტიური ოპონენტი აღმასრულებელი ხელისუფლებისა. მიმაჩნია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვერანაირად ვერ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს, არის არაადეკვატური, უუნარო, პოსტფაქტუმ რეაგირებს პრობლემებზე და არა წინასწარ განჭვრეტს მათ. ამ შემთხვევაში კარგი მაგალითია თუშეთი. მე თუში ვარ და კარგად მესმის ეს საკითხი. ყოველ წელს იმას ვითხოვ, რომ დროულად გამოაცხადონ ტენდერი, რათა თუშეთის გზის გახსნისთანავე დაიწყოს შიდა გზების გაწმენდის სამუშაოებიც. როცა გამგეობა გზის გახსნის შემდეგ აცხადებს ტენდერს, გამოდის, რომ კიდევ წელავს დროს და ხალხი კარგავს ფულს. ჯავშნები გააუქმა ხალხმა სასტუმროებში იმის გამო, რომ გზა არ იყო ფიზიკურად. თუშეთის გზა არ არის გზა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხედო. ამ გზას უნდა მიხედო ოპერატიულად. თუშეთში ყოველწლიურად მიაქვთ ერთჯერადი დახმარების პაკეტი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომელიც ერთ სულზე დაახლოებით 50 ლარი ჯდება. მოქალაქეების პროდუქტებში დახარჯული თანხა იყო 1250 ლარი და ჩვენ ვხარჯავდით ვერტმფრენით ფრენაში 10 ათას ლარს. ჩვენ ვითხოვდით, რომ თუშეთში მცხოვრები 35 ადამიანისთვის ერთჯერადი სახით ბარათზე დაგვერიცხა 500 ლარამდე თანხა და ისინი თვითონ მოიმარაგებდნენ წამალსაც, შაქარსაც, ფქვილსაც. შესაბამისად ჩვენ ვერტმფრენის ხარჯს არ გავიღებდით. სინამდვილეში რა ხდებოდა იცით? ვიღაცეები მიდიოდნენ საქეიფოდ და თან გააყოლებდნენ ხოლმე ხელს თუშეთის მცხოვრებლებისთვის 50 ლარიან პაკეტს. სასაცილო იყო. ამის გარდა, ყველა სხვა საკითხი, რომელიც ოპერატიულ რეაგირებას მოითხოვდა იყო მიჩუმათებული.

იოსებ ქარუმაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

ჩემ მიერ მოქმედი გამგეობის საქმიანობის შეფასება ვფიქრობ არ იქნება სწორი, თუმცა განვლილი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები საკმაოდ შთამბეჭდავია. სწორედ ეს პროექტები გახდება საფუძველი  ჩვენი მომავალი საქმიანობის.

შაქრო ტერტერაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

დღეს, ახმეტაში შემოსული ნებისმიერი ადამიანი მიხვდება როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა. ქუჩებში არის კატასტროფულად გაუვალი მდგომარეობა. 21-ე საუკუნეში ქალაქის ქუჩებში ფაქტიურად გავლა შეუძლებელია. ჩემი აზრით, როცა ამ მნიშვნელოვან პრობლემას ვერ აგვარებს თვითმმართველობა სხვა პრობლემების მოგვარება შეუძლია თუ არა, აქ კითხვა აღარ უნდა ისმებოდეს. მე ვფიქრობ, რომ ახმეტა დღეს უპატრონო მუნიციპალიტეტია.

გელა ჭვრიტიძე  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

მოქმედი გამგეობის საქმიანობის შეფასება  შემიძლია მხოლოდ ამ სიტყვებით „დახურული და მოქალაქისათვის ხელმიუწვდომელი სივრცე“. გამგეობის საქმიანობაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ახმეტაში არსებული ინფრასტრუქტურა, საშინელ მდგომარეობაში მყოფი ცენტრალური გზები, მოსახლეობის სოციალური პირობები და მთლიანობაში არამიზნობრივად დახარჯული ბიუჯეტი.

  ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   ირაკლი უჯირაული ("ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობა")

როგორც მთელ ქვეყანაში, ახმეტაშიც მთავარი პრობლემა არის დასაქმების პრობლემა. ადამიანები ტოტალურად დაუსაქმებლები არიან. ამიტომ ხდება, რომ დაუსაქმებელი ადამიანი ადვილად ხდება ხელისუფლების მანიპულაციის სუბიექტი. მათ ერთჯერადად პირდებიან წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობის სანაცვლოდ დასაქმებას. საშინელ მდგომარეობაშია სოფლის შიდა უბნებში და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზები. ამომრჩევლები მეუბნებიან, რომ ბევრ ნაკვეთში ყურძენი აქვთ დასაკრეფი და ისეთი გზაა, რომ ფიზიკურად ვერ მიდიან. ამაზე არავის უზრუნია ოთხი წლის განმავლობაში. არავის უფიქრია იმაზე, რომ სასოფლო სავარგულებთან მისასვლელი გზა თუ არ გააკეთე ეს არის კატასტროფა. სახელმწიფო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობაა კიდევ ბევრ სოფელში პრობლემა. არის ასეთი სოფელი ახშანი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ გზაზე და გაზი არ აქვს 21-ე საუკუნეში. პანკისის ხეობის ყველა სოფელში მიიყვანეს გაზი, მაგრამ ამას საარჩევნო სუნი და ელფერი დასდევს.

იოსებ ქარუმაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ მრავალი პრობლემაა, რომელიც  აწუხებს მოსახლეობას. კერძოდ:  საგზაო ინფრასტრუქტურა, კვლავ აქტიურია დღეს სასმელი წყლის პრობლემა, დასარეგულირებელია სოციალური დახმარების დანიშვნის კრიტერიუმები, აქტუალურია ასევე დასაქმების საკითხები.

შაქრო ტერტერაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა თვითმმართველობის საქმიანობაში ცენტრალურ ხელისუფლებაში მოკალათებული ჩინოვნიკების ხელების ფათურია, რომელთაც შესაძლოა რუკაზეც არ აქვთ ნანახი ახმეტა. რაც ერთის მხრივ წარმოშობს სხვადასხვა პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ არსებული პრობლემების მოგვარებისთვის არაჯანსაღ და არაეფექტურ დამოკიდებულებას იწვევს.

მაგალითად, კომპანია „დაგი“, სამი წლის წინ გამოაგზავნეს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ქ. ახმეტაში წყლის ქსელების მოსაწყობად, რომელიც დღემდე მხოლოდ ქუჩებს თხრის და 2015 წელს ამოთხრილი ორმოები დღესაც ღიად არის დარჩენილი, ფაქტიურად ქალაქი ააოხრა და თვითმმართველობას იმის უფლება და უნარიც არ აქვს, რომ პრეტენზია გამოთქვას.

სწორედ მსგავსი დამოკიდებულება წარმოშობს უგზოობას, უწყლობას, არათანაბარი სოციალური პოლიტიკის გატარებას და დისკრიმინაციული კანონების მიღებას, რომელიც დღეს ახმეტაშია. სამწუხაროდ, ადგილობრივ თვითმმართველობაში ეს პრობლემები რომც დაინახონ, მაინც ვერავინ გაბედავს, რომ ამაზე ისაუბროს, არათუ იზრუნოს.

გელა ჭვრიტიძე  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

როგორც კახეთის ალბათ ყველა მუნიციპალიტეტს, ახმეტის მუნიციპალიტეტსაც აწუხებს უამრავი პრობლემა. ყველაზე მტკივნეულ და მოუგვარებელ პრობლემად იქცა საშინელ მდგომარეობაში მყოფი გზები, უმუშევრობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა და სხვა. ასევე არ არსებობს ახმეტაში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რომელიც სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია. არ არიან დაფასებული ის ვეტერანები, ვინც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდა. ვფიქრობ ამ პრობლემების მოგვარება არც ისე იოლი იქნება, თუმცა  პოლიტიკური ნების გამოვლინების შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია.  ჩემი გამარჯვების შემდეგ ვაპირებთ პირველ რიგში იმას, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია გავხადოთ გამჭვირვალე ორგანო და მოსახლეობას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმარებაში, თვითონ გამოყონ პრიორიტეტები და დაასახელონ ყველა ის პრობლემა რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს მოგვარებას. ასევე, ვაპირებთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში მოვსპოთ ის ნეპოტიზმი და მერია  დავაკომპლექტოთ კომპეტენტური კადრებით.

  მუნიციპალიტეტის სოფლებში მთავარი პრობლემა წყალმომარაგებაა. თუ გაქვთ გეგმა, რომლითაც ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებთ მერად არჩევის შემთხვევაში?   ირაკლი უჯირაული ("ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობა")

გეთანხმებით, წყალმომარაგების საკითხი რამდენიმე სოფელში დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. მუნიციპალიტეტმა უნდა მოიწვიოს სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შესახებ ოფიციალურ დასკვნას დადებენ. მუნიციპალიტეტის საქმიანობას კამპანიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. მე მომყავს ხალხი, რომლებიც შეაფასებენ არსებულ ვითარებას, მათ შორის სასმელი წყლით მომარაგების კუთხით და მეტყვიან, კონკრეტულ სოფელში ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენი თანხა დაგვჭირდება. ეს უნდა იყოს გაწერილი გეგმა. წყალმომარაგების პროექტის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შესწვდება თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ცენტრალური ბიუჯეტიდან მოზიდული თანხებით, ტრანსფერის საშუალებით შეგვეძლება ეტაპობრივად მივყვეთ და გადავლახოთ ეს პრობლემა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლებში ყოველ წელს იხარჯებოდა თანხა სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციაზე და ეფექტი არის ნული. ჩვენ ამ სამუშაოებს გეგმის მიხედვით მივყვებით და შევასრულებთ.

იოსებ ქარუმაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

წყალმომარაგების პრობლემა შიძლება ითქვას, რომ მართლაც უმთავრესია ჩვენს მუნიციპალიტეტში. მე ვფიქრობ არსებული საკითხის მოგვარებაში აქტიურად ჩავრთოთ კონკრეტულ ადგილზე  შექმნილი სათემო საბჭოები და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევით აღმოვფხვრათ სასმელი  წყლის  და მელიორაციის  პრობლემები.

შაქრო ტერტერაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

წყალმომარაგება ახმეტის მუნიციპალიტეტში ქრონიკული პრობლემაა, რომელიც მრავალი წელია გვაწუხებს. ჩემი აზრით ამ საკითხს სისტემური და პრინციპული მიდგომა უნდა.  ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - სათავიდან უნდა დაიწყოს. პირველ რიგში ჩვენ ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა გვქონდეს საჭირო რაოდენობის წყლის მარაგი, მათ შორის ჭაბურღილების მეშვეობით სადაც ამის საჭიროება იქნება. ამასთან ერთად, უნდა მოვაწესრიგოთ დასახლებულ პუნქტებამდე მისაყვანი და საუბნო ქსელები. ეს სამი ერთმანეთზე გადაჯაჭვული კომპონენტია თანმიმდევრობით გასაკეთებელი. სანამ ამას არ გავაკეთებთ სულ ქაოსში ვიქნებით. ერთ წელს გზას დავაგებთ, მეორე წელს აღმოჩნდება, რომ ვიღაცას წყალი არ აქვს და ამ გზას გადავთხრით ისევ და მუდმივად ამ წრეზე ვიტრიალებთ.

გელა ჭვრიტიძე  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

წყალმომარაგების პრობლემა წარმოადგენს მართლაც მუდმივ პრობლემას. ვფიქრობ, ოცდამეერთე საუკუნეში, იმ ფონზე, რომ ყოველ წელს ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება წყალზე ეს პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს. თუმცა რას ვიზავთ მაინც არსებობს და აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. ჩემი გამარჯვების შემდეგ, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ფონზე შევძლებთ თანხების მობილიზებას და ამ თანხებით მთელ მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის გადაჭრას. ასევე აქტიურად ვითანამშრომლებთ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ფონდებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად გადავჭრათ ეს პრობლემა.

გაქვთ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის  ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად?   ირაკლი უჯირაული („ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობა“)

მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ ეს ხეობა არ იყოს ჩაკეტილი თავის თავში და მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს ახმეტის მუნიციპალიტეტთან. გვეყოლება მუშა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პანკისის ხეობის პრობლემებთან დაკავშირებით და გვექნება მუდმივი კომუნიკაცია. იქ არის უხუცესთა საბჭო, რომელიც ხშირად ხელისუფლებას ენაცვლება რაღაც საკითხებში და მათი გავლით ხდება გარკვეულ პრობლემებზე გასვლა. ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს პანკისის ხეობაში და ორიენტირებულია ხეობაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, მერს უნდა ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი. ეს იქნება სათათბირო ორგანოს მსგავსი, რომელიც მუდმივ კავშირში იქნება ამ ხალხთან და კონკრეტულად მიეწოდება ყველა არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია. უნდა მოხდეს ახალგაზრდების დამეგობრება. 90-იანი წლების შემდეგ გაწყდა კავშირი პანკისის ხეობაში მცხოვრებ და ახმეტის სხვა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდობას შორის. ეს ხალხი მოექცა იზოლაციაში. იქ ნახავთ ახალგაზრდებს, რომლებსაც არცერთი ქართველი მეგობარი არ ჰყავთ და ამ ურთიერთობებს ჭირდება წახალისება. ყველა საზოგადოებრივ ლიდერს, ვინც მუშაობს პანკისის ხეობის ცნობადობის გაზრდისთვის მერთან უნდა ჰქონდეს მუდმივი კონსულტაცია საკადრო და სხვა საკითხებზე. დღეს, საჯარო სამსახურის მოხელეები კაცმა არ იცის ვისი რეკომენდაციით ინიშნებიან. საკონსულტაციო ორგანო მოგვაწოდებს რეკომენდაციებს თუ ვინ, სად, რა პოზიციაზე შეიძლება მუშაობდეს, რომელიც ხელს შეუწყობს პანკისის ხეობის პრობლემების მოგვარებას, ასევე მათ ინტეგრაციას დანარჩენ მუნიციპალიტეტთან.

იოსებ ქარუმაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

მთელი ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით პანკისის ხეობის ქისტური  სოფლების ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა, ხეობაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, შენდება პოლიკლინიკა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სამუშაოებს და ყველანაირად მხარს დავუჭერთ პანკისის ხეობის მცხოვრებთა  სხვადასხვა სახის ინიციატივებს.

შაქრო ტერტერაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

თუ გვინდა ნამდვილი ინტეგრაცია, ჩვენ თუ გვინდა, რომ ეთნიკური ქისტები და ქართველები ჰარმონიული თანაცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაშინ ხელისუფლება არ უნდა იღებდეს დისკრიმინაციული ხასიათის კანონებს. ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, რომ თანაბარ პირობებში მცხოვრები ადამიანები თანაბრად სარგებლობდნენ საბიუჯეტო შეღავათებით. ამ ხელისუფლების მიერ მიღებული „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი კი ახმეტის მუნიციპალიტეტთან მიმართებაში ცალსახად დისკრიმინაციულია და მისი ამ სახით არსებობის ხანგრძლივობის პროპორციულად წარმოადგენს დენად დანაშულს.

გელა ჭვრიტიძე  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

პანკისის ხეობას სჭირდება სპეციფიური მიდგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა ინტეგრაციაში. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ პანკისელამდე მივიდეს ყველა ის სიკეთე რაც  შედის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციაში. ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ პანკისის ხეობის სოფლებში სწრაფად მოგვარდეს სავალი გზის პრობლემები, ხელი შეეწყოთ ახალგაზრდებს დასაქმებაში, აყვავდეს და გაძლიერდეს ხეობაში სპორტული თუ კულტურული მიმართულება და მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს ყველა ღონისძიებაში მონაწილეობით. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობამ მაქსიმალურად შედეგიანად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, როგორც გეოგრაფიული ისე სხვადასხვა კუთხით.

  რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.   ირაკლი უჯირაული („ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობა“)

პირველ რიგში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ზედმეტი ტვირთისგან გავათავისუფლებთ. არაერთი წელია ვსაუბრობ საკრებულოს სხდომებზე, რომ ჩვენ გვაქვს სამი კულტურული მიმართულების ა(ა)იპ-ი, რომლებშიც ასობით ადამიანი მუშაობს. არ ვიცი კულტურის სამინისტროში რამდენი ადამიანი მუშაობს, მაგრამ ახმეტის კულტურის ცენტრში 150 კაცი მუშაობს. თუ კონკრეტული ადამიანი საჭიროა და მნიშვნელოვანია სამსახურისთვის მას ნუ შევეხებით, მაგრამ სამი კულტურული მიმართულების ა(ა)იპ რომ გავაერთიანოთ ერთ ა(ა)იპ-ად ხომ მოუნდება უფრო ნაკლები ხელმძღვანელი პირი, ვიდრე ახლა ჰყავს. გვაქვს სამი სპორტული მიმართულების ა(ა)იპ - ძიუდოს სკოლა, კომპლექსური სპორტული სკოლა და საფეხბურთო სკოლა. ამ შემთხვევაშიც ხომ შეიძლება გავაერთიანოთ ერთ ა(ა)იპ-ად და ამით დავზოგოთ ადმინისტრაციული ხარჯები. მე ვიძახი, რომ პირველივე წელს გამოვათავისუფლებ მეოთხედ მილიონ ლარს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებების ხარჯზე. ეს არ იქნება მტკივნეული შემცირება, ეს არ იქნება რიგით თანამშრომელზე გაკეთებული ეკონომია. ეს იქნება ადმინისტრაციული ხარჯებით გაკეთებული ეკონომია, რომელსაც ვერავინ იგრძნობს უარყოფითი კუთხით, ერთეული ჩინოვნიკების გარდა. დანარჩენი თანხა მოხმარდება სოციალური პროგრამების გაფართოვებას და სხვა საჭიროებებს, რაც არის მუნიციპალიტეტის წინაშე. პირველივე თვეებში მერიასთან არსებული მუშა ჯგუფი დადებს დასკვნას, სადაც ეწერება, რომელ სოფელში რა პრობლემაა. თუ პრობლემა იდენტიფიცირებული არ არის ხომ ვერ გადავწყვეტთ. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ არის უსაშველოდ დიდი, რომ ყველა პრობლემა ერთბაშად გადაწყვიტოს, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს პირველი  რიგის, მეორე რიგის და მესამე რიგის პრობლემები. პირობას ვდებ, რომ ყველა სოფლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზები მოწესრიგდება. წყალმომარაგების საკითხებზე დაიწყება მუშაობა, სად რა იქნება გასაკეთებელი და ამას მოვაგვარებთ ეტაპობრივად.

იოსებ ქარუმაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

მოვაწესრიგებთ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურას, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში.

  • გავაგრძელებთ სოფლების გაზიფიცირებას.
  • ვიზრუნებთ რათა ყველა სოფელში აღმოიფხვრას სასმელი წყლისა და მელიორაციის პრობლემები.
  • აქტიურად ვიმუშავებთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს ახმეტის მუნიციპალიტეტი ტურისტული კუთხით.
  • ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  • პრიორიტეტად დავისახავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვას.
  • მხარში დავუდგებით ჩვენი მუნიციპალიტეტის ნიჭიერ პერსპექტიულ ახალგაზრდებს.
  • ასევე ჩვენი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესება, თუმცა ამ კუთხით ბევრი რამე უკვე გაკეთდა.
  • ჩვენი გუნდისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება სპორტს, ხელოვნებასა და კულტურას.
  • დავგეგმავთ და განვახორციელებთ როგორც კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ასევე ფესტივალებს რათა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ცნობადობა და მოხდეს პოპულარიზაცია.
შაქრო ტერტერაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩემი მთავარი მიზანია, ცენტრალური ხელისუფლება და მისი გასტროლიორი ჩინოვნიკები ჩამოვაშოროთ თვითმმართველობის საქმეებში ჩარევას და ჩვენ - ახმეტელებმა გადავწყვიტოთ ჩვენი ქალაქის და სოფლების ბედი.

მრავალწლიანი პროექტების განხორციელებაა საჭირო, რომ ჩვენ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ, როგორც გეოგრაფიული ჩიხი და ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებადი რაიონი, მაგრამ ამ პროექტების განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის დონეზე ჩვენ გადავწყვიტოთ ის საკითხები, რასაც კანონი გვეუბნება, რომ ჩვენი გადასაწყვეტია.

გელა ჭვრიტიძე  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

მე პირველ რიგში ჩემს ამომრჩეველს ვპირდები იმას, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია იქნება ღია და ნამდვილად საჯარო ორგანო, სადაც დასაქმებული იქნება კომპეტენტური კადრი. ვპირდები მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის ყოველი პრიორიტეტი იქნება მათთან შეთანხმებული და მათთან კონსულტაციის შემდეგ გაწერილი. ვფიქრობ ახმეტის მუნიციპალიტეტს გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი და მე ყველაფერს გავაკეთებ ამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენებისთვის. მთათუშეთი უნდა გახდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტურისტული ცენტრი და იქიდან მოსახლეობა  წამოსვლის ნაცვლად აქედან უნდა მიდიოდეს საცხოვრებლად. ასევე მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ მეცხოველეობის თუ სხვა მრავალი შესაძლებლობა და პოტენციალი, რამაც ეკონომიკურად უნდა გააძლიეროს მთლიანი მუნიციპალიტეტი.

  არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)   ირაკლი უჯირაული („ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობა“)

მუნიციპალიტეტის მერი მეურნე კაცი უნდა იყოს. ის როგორც ფლობს საკუთარ კარ-მიდამოს ისე უნდა ფლობდეს სიტუაციას მუნიციპალიტეტში. უნდა იცოდეს ყველა სოფლის პრობლემა. გამგებელი უნდა იყოს ყველგან ნამყოფი და ყველა პრობლემა უნდა იცოდეს. კაბინეტური მუშაობის დრო 6 საათის შემდეგაც მოესწრება. მანამდე უნდა იყო ხალხთან და მათი პრობლემები იცოდე. გამგებელი უნდა ცხოვრობდეს ხალხის ცხოვრებით და პრობლემებით. არ შეიძლება თითო სოფელში ერთი ადამიანი მაინც არ იყოს, ვისთანაც შეიძლება მერმა კონსულტაცია გაწიოს და იქ არსებული პრობლემების შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია. ყველა სოფელში საჯარო მოხელის იქით უნდა იყოს ადამიანი, სამოქალაქო აქტივისტი აქტიური ადამიანი, რომელსაც დაურეკავს მერი და ეტყვის, რომ ჩემები ასე ამბობენ და შენ რას ფიქრობ? თუ ალტერნატიული ინფორმაცია არ გააჩნია მერს ბუნებრივია ჩინოვნიკი მიდრეკილია ყველაფერი ლამაზად დახატოს. ჩვენი ინფორმაციის წყარო უნდა იყვნენ ამომრჩევლები და აქტივისტები.

იოსებ ქარუმაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

არჩევის შემთხვევაში მე უშუალოდ ჩავალ ყველა სოფელში, ადგილზე გავეცნობი ყველა არსებულ პრობლემას და მოსახლეობის ჩართვით  გამოვავლენთ პრიორიტეტებს, მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმავთ სამუშაოებს. მე არ  ვფიქრობ კაბინეტში ჯდომით ვმართო მუნიციპალიტეტი. ჩემი პრინციპია რაც შეიძლება მეტი  კონტაქტი მოსახლეობასთან, რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომობა  და გახსნილობა.

შაქრო ტერტერაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მერის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების სამსახურში მისვლაზე და წამოსვლაზე ადამიანები საათებს არ უნდა ასწორებდნენ. დღეს, თანამდებობის პირები სამსახურში რომ მიდიან ყველამ იცის 10 საათია და 6 საათზე უკვე სახლში ბრუნდებიან. მაშინ როცა ყველა ვაღიარებთ, რომ უამრავი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი.