სანამ ხულოს მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ირაკლი ჯორბენაძის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ პირადად დავუკავშირდით ხულოს მერობის ორ კანდიდატს - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ გოჩა მელაძეს და „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოდან“ ნუგზარ სოლომონიძეს.

სამწუხაროდ, მათ ჩვენთან კომუნიკაციისთვის ვერ მოიცალეს და მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დაასახელეს.

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

მე წარმოვადგენ გუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია კომპეტენტური ადამიანებით. მათ აქვთ საქმის კეთების გამოცდილება, კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დავამარცხოთ სიღარიბე, მოვიზიდოთ ინვესტიციები, დავძრათ გაჩერებული პროექტები, დავასაქმოთ მოსახლეობა და დავიწყოთ ხულოს ახალი განვითარება. ამის გაკეთებას შევძლებთ ხულოს მოსახლეობასთან ერთად.

როგორ შეაფასებდით მოქმედი გამგებლის საქმიანობას?

მოქმედი გამგებელი არის სტუმრად ხულოს მუნიციპალიტეტში და მას იშვიათად ნახულობს ჩვენი მოსახლეობა. ოთხი წელია, აქ მოღვაწეობს და მარტო რომ გაუშვათ რომელიმე სოფელში, შესაძლოა დაიკარგოს და ვერ მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, რადგან ის არ იცნობს ხულოს მუნიციპალიტეტს.  მან მოსახლეობას თავი დაამახსოვრა უუნარობით, არაპროფესიონალი კადრებით, ნათესაური და პოლიტიკური ნიშნით დასაქმებითა და კორუფციით. ეს გამოჩნდა NDI-ს ბოლო კვლევიდანაც, როდესაც მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების მთავარ პრობლემად არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი და კორუფცია დაასახელა. ბაუჩაძის მოღვაწეობას უკავშირდება ოთხ მილიონ ლარზე მეტი შეუსრულებელი და ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნებული თანხა, მხოლოდ მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში 1 195 000 ლარით შეუსრულებელი, ანუ გარღვეული ბიუჯეტი. ხულოს მოსახლეობას არ დაავიწყდება, როდესაც ჰესების მშენებლობის დროს ღურტის მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტი პოლიციამ დაარბია და ხმა არ ამოუღია. დღემდე მოუგვარებელია კომპენსაციების გაცემის საკითხი, ეკომიგრანტების პრობლემები, პოლიტიკური ნიშნით მოხსნილი სოციალური დახმარებები. 2016 წლიდან დაიწყო სიღარიბის ზრდა, არაერთხელ დაპირებული ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობა დღემდე დაწყებული არ არის, შენელებული ტემპით მიმდინარეობს კურორტ "გოდერძის" განვითარება, შეჩერდა მწვანე ტბის, ქედლების, ხიხანის ციხის მიმდებარედ დასასვენებელი და საკურორტო ზონების მშენებლობა. მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა და უამრავი პრობლემისა, მან მილიონობით ლარი დააბრუნა ბიუჯეტში, დაამკვიდრა მაღალი თანამდებობის პირებზე უპრეცედენტოდ მაღალი ხელფასის, პრემიისა და დანამატის გაცემის პრაქტიკა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ გეგმავენ ხელფასის ზრდას, რასაც უმალავენ მოსახლეობას.

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ხულოს მუნიციპალიტეტში მთავარი პრობლემებია: უმუშევრობა, სიღარიბე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სკოლებში განათლების ხარისხი და ჯანდაცვის სერვისები, ასევე ეკოლოგიური პრობლემები.

რა არის თქვენი მთავარი წინა საარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ აპირებთ მათ შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ჩვენი პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ისეთი პროექტების მხარდაჭერით, როგორებიც არის ჩვენ მიერ დაწყებული გოდერძის ზამთრის კურორტისა და მწვანე ტბის ეკოკურორტის მშენებლობა, ქედლებში ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობა, ყველა თემში აგროსაწარმოს მშენებლობა, ხიხაძირში ეთნოგრაფიული სოფლის კურორტის განვითარება. ხულო მდიდარია მინერალური და სამკურნალო წყლებით, ასეთ ადგილებზე მოეწყობა სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრები და სხვა მასშტაბური პროექტები. ასევე ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია სიღარიბის დაძლევაზე. ახალი სამუშაო ადგილების შექნასთან ერთად ამუშავდება სოციალური პროგრამები: სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დამატებითი დახმარება 50 ლარი; ოჯახებს, სადაც რეგისტრირებულია  სპეციალური საჭროებების მქონე პირი დაენიშნება დახმარება 100 ლარი; სოციალურად დაუცველ პენსიონერებს დაენიშნებათ დამატებითი დახმარება 50 ლარი; 1 200 კვტ ელ. ენერგიის ვაუჩერი ხულოში მცხოვრებ ოჯახებს; ეკომიგრანტებისათვის სოციალური სახლების მშენებლობა. ჩვენ შევუქმნით უკეთეს მუნიციპალურ სერვისებს ხულოელებს, რაც გულისხმობს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესზე მორგებულ ინფრასტრუქტურას და სხვა პირობებს. დაგეგმილი გვაქვს წყლის პრობლემების მოგვარება, გაზიფიკაციის დაწყება, ჰესების მშენებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურება და სხვა. ამ პროგრამების და პროექტების განხორციელებას ჩვენ შევძლებთ თვითმმართველობის ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვით, მაღალი თანამდებობის პირების მივლინებებზე, მანქანების შეძენასა და კომფორტის შექმნისათვის გასაწევი ხარჯების გაუქმებით, ბიზნესის ხელშეწყობითა და განვითარებით, რაც დამატებით შემოსავლებს მოიტანს ბიუჯეტში.

ხულოს მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ფლობს. აისახა თუ არა ეს სიახლე მოსახლეობაზე?

აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე და ის არ შეიძლება მიჩნეული იქნას მოქმედი ხელისუფლების წარმატებად. რა თქმა უნდა, გარკვეული მინიმალური შედეგი აქვს ამ კანონს, თუმცა გამოიკვეთა პრობლემებიც. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ მკვეთრად გაუფასურდა ლარი, გაძვირდა საწვავი და პროდუქტი, თუ გავითვალისწინებთ ინფლაციის მაჩვენებელს, დიდი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა 2012 წელთან შედარებით.

მთის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით რა პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტს და როგორ გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას?

მთის კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ შემუშავებული იყო კონკრეტული გეგმა, რომელიც შეჩერდა 5 წლის განმავლობაში და შენელებული ტემპით მიმდინარეობს მხოლოდ ბოლო ერთი წელია. როცა ჩვენ ვსაუბრობდით, რომ განვავითარებდით ზამთრის კურორტს გოდერძის უღელტეხილზე, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. დღეს ყველა ხედავს შედეგს. უნდა განვითარებულიყო ქედლებში ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობა, ხიხაძირში ხიხანის ციხის რეაბილიტაცია და სხვა. სამწუხაროდ, უუნარო ხელისუფლების პირობებში ვერ გაკეთდა. ჩემს ხულოელებს მინდა ვუთხრა და დავარწმუნო, რომ ყველა პროექტს, რომლებიც დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ გვაქვს ახალი იდეები, რომლებსაც განვახორციელებთ, ხულოელებთან ერთად. მთას დიდი პოტენციალი აქვს არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის, არამედ რეგიონის მასშტაბით.

ხულოს მოსახლეობამ გვირაბის მშენებლობის წინააღმდეგ პრეტენზია არაერთხელ გამოხატა. არსებობს თუ არა  რეალურად საფრთხე და თუ არსებობს, როგორ აპირებთ თქვენი კომპეტენციის გამოყენებას ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს კომპენსაციების გაცემის საკითხი, კომპენსაცია არ უნდა გაიცეს პარტიული და ნათესაური ნიშნით. უნდა შემუშავდეს უსაფრთხოებისა და პროფილაქტიკური/პრევენციული ღონისძიებების სტრატეგია მშენებელ კომპანიასთან ერთად. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ ოჯახების ინტერესების დაცვა, რომლებსაც გაუუარესდებათ საცხოვრებელი პირობები. უნდა აშენდეს სოციალური სახლები ასეთი ოჯახებისათვის. მხოლოდ ხელისუფლების ნებაა საჭირო მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად.

რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრება ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს? ახალგაზრდული ცენტრები, ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით; 10 ახალგაზრდას დაუფინანსდება უცხოეთში სწავლება და სტაჟირება; წახალისდებიან წარჩინებული მოსწავლეები; სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს დაუფინანსდებათ კონკურსებში მონაწილეობა; შეიქმნება სოფლის სახლი, რომელშიც განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტითა და სპორტული კლუბით, საკონფერენციო დარბაზი კინოაპარატურით - ეს ყველაფერი ახალგაზრდების ინტერესებს მოემსახურება.