ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, წინასაარჩევნო თოქ-შოუში „ამომრჩევლის პირისპირ“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ (თბილისის მერიის ბიუჯეტზე საუბრისას) განაცხადა: „სწორედ ჩვენ დროს დაიწყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ჩვენ დროს არის ადმინისტრაციული ხარჯები 13%-ით შემცირებული“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ადმინისტრაციული ხარჯები მოიცავს შრომის ანაზღაურებაზე (თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი) და საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს.
კობერიძის განცხადებაში ჩანს, რომ ის „ქართული ოცნების“ თბილისის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ წლებზე საუბრობს და მას წინა ხელისუფლების პერიოდს ადარებს. მაგრამ, მან ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მხოლოდ შრომის ანაზღაურებას გულისხმობდა და 2017 წლის მაჩვენებლი 2016 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტის მაჩვენებლს შეადარა. მსგავს შედარებას თუ გავაკეთებთ, შრომის ანაზღაურების მუხლი მართლაც 13%-ით შემცირდა. თუმცა, მსგავსი შედარება (გეგმასთან შედარება, მით უმეტეს თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმასთან, როდესაც ცნობილია ფაქტიური შესრულება) არასწორია. როდესაც ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გამოქვეყნებული იყო.
ჩვენ გადავამოწმეთ 2010 წლიდან დღემდე თბილისის მერიის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა.
როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკი 1-დან ჩანს, 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად შემცირდა. 2012 წელს საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურების მუხლი გაიზარდა. 2013-2014 წლებში ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად გაიზარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2015 წელს შრომის ანაზღაურებაზე და საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები 12%-ით შემცირდა. თუმცა, 2015 წელს შრომის ანაზღაურებაზე იმაზე მეტი დაიხარჯა, ვიდრე 2010, 2011 და 2012 წლებში იხარჯებოდა. საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს რაც შეეხება, ის აღემატებოდა 2011-2012 წლების მაჩვენებლებს.
2016 წელს თბილისის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით 64 მლნ-ით გაიზარდა. აქედან მხოლოდ შრომის ანაზღაურების მუხლი 52 მლნ ლარით იყო გაზრდილი. 2016 წელს მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და სსიპ-ების შრომის ანაზღაურების ფონდები თბილისის ბიუჯეტის მთლიან სახელფასო ფონდში აისახა (რაც აქამდე არ ხდებოდა), მერიის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლის მკვეთრი ზრდაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. თუმცა, ფაქტ-მეტრის კვლევამაჩვენა, რომ 2016 წელს მერიის სახელფასო და საპრემიო ფონდი, სსიპ-ების და (ა)აიპ-ების გარეშეც გაიზარდა.
2017წელს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 4.7%-ით (10.5 მლნ ლარით) არის შემცირებული. შრომის ანაზღაურების მუხლი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 7%-ით (6.5 მლნ-ით), საქონელი და მომსახურების მუხლი კი 3%-ით (4 მლნ ლარით) შემცირდა.
გრაფიკი 1:
თბილისის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა, 2010-2017 წლები (მლნ ლარი)
წყარო: თბილისის მერია
ჩვენ ასევე გადავამოწმეთ, რა თანხა იხარჯება ე.წ. ბიუროკრატიაზე (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობისთვის გაწეული მთლიანი ხარჯი). აღნიშნული ხარჯები საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ბიუჯეტის მუხლშია გაწერილი.
2017წლის თბილისის ბიუჯეტიში ბიუროკრატიული ხარჯების მოცულობა 70.3 მლნ-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის და ასევე 2014 წლის მაჩვენებელებზე დაახლოებით 2.8%-ით ნაკლებია, 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით კი 4.3%-ით ნაკლები.
ჩვენ ასევე დავითვალეთ ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების რა ნაწილი მოდის ბიუროკრატიულ ხარჯებზე, რაც ბიუროკრატიული ხარჯების რეალურ ტვირთს აჩვენებს (გრაფიკი 2). 2017 წლის მონაცემებით, თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების დაახლოებით 9.8% ბიუროკრატიის შენახვაზე იხარჯება. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2013 და 2014 წლების მაჩვენებელთან შეადარებით 0.7 და 0.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
გრაფიკი 2:
თბილისი ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების მოცულობა (მლნ ლარი) და მისი წილი მთლიან ხარჯებთან (ხარჯები+არაფინანსური აქტივები) მიმართებით
წყარო: თბილისის ბიუჯეტი
დასკვნა
დედაქალაქის მთავრობის ცვლილების შემდეგ, 2015 წელს (2014-ში დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად), წინა წელთან შედარებით, თბილისის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა (შრომის ანაზღაურება + საქონელი და მომსახურება) 12%-ით შემცირდა.
2016 წელს თბილისის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით 40%-ით (63.9 მლნ) გაიზარდა, აქედან შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა იყო 52 მლნ ლარი. 2016 წელს მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და სსიპ-ების შრომის ანაზღაურების ფონდები თბილისის ბიუჯეტის მთლიან სახელფასო ფონდში აისახა, რამაც გამოიწვია შრომის ანაზღაურების მკვეთრი ზრდა. ფაქტ-მეტრის კვლევამაჩვენა, რომ 2016 წელს, გეგმის მიხედვით, მერიის სახელფასო და საპრემიო ფონდი, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გარეშე მცირედით მაინც გაიზარდა. 2017 წელს თბილისის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები წინა წელთან შედარებით 4.7%-ით (10.5 მლნ ლარით) ლარით შემცირდა.
2017წელს თბილისის ბიუჯეტში ბიუროკრატიის მოცულობა როგორც წინა წლის, ასევე 2014 წლის მაჩვენებლებთან შედარებით დაახლოებით 2.8%-ით არის შემცირებული. ბიუროკრატიის შენახვის ხარჯები მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 9.8%-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტული პუნქტებით ნაკლებია.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2016 წელს თბილისის ბიუჯეტში ადმინისტარციული ხარჯების ზრდა ძირთადად სახაზინო რეფორმების გამო მოხდა, ლევან კობერიძის განცხადების კონტექსტი, რომ დედაქალაქის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაიწყო, სიმართლეს შეესაბამება. მის მიერ დასახელებულ 13%-ს რაც შეეხება, კობერიძემ ჩვენთან საუბარისას განმარტა, რომ ის მხოლოდ შრომის ანაზღაურების მუხლს გულისხმობდა და 2017 წლის ბიუჯეტის მონაცემებს 2016 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტის მაჩვენებლებს ადარებდა. მსგავსი შედარება არამართებულია, რადგან როდესაც მან განცხადება გააკეთა, 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივი მაჩვნებლებიც ცნობილი იყო.
ფაქტ-მეტრი ლევან კობერიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.