ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია - „500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება 100 ათას ჩრდილოეთაფრიკელსაც ჩამოასახლებს“ - ამტკიცებს, რომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ ახალ გეგმას, მიგრანტების განსახლების თაობაზე, საქართველოს ხელისუფლება გამოეხმაურება და 500 მილიონი ევროს სანაცვლოდ 100 ათას ჩრდილოაფრიკელს ჩამოასახლებს. ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება ქვეყანაში მიგრანტების მიღებას უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული მიგრაციის პოლიტიკა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოიაზრებს და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ამასთან, ზემოხსენებული მიგრანტების მიღება ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოზეა გათვლილი და არა მხოლოდ ერთ მათგანზე. აღნიშნულ სტატიაში ინფორმაცია არასწორად არის მოწოდებული, არ შეესაბამება სიმართლეს და ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ მკითხველის ნეგატიურად განწყობას ემსახურება.
ანალიზი: 2017 წლის 5 ოქტომბერს ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება 100 ათას ჩრდილოაფრიკელსაც ჩამოსახლებს“. სტატიაში მოყვანილია მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადება,სადაც ის მხარს უჭერს სამართლიანი, ძლიერი და ეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავებისათვის საჭირო შემდგომი ნაბიჯების გადადგმას. ევროკომისიის ახალი გეგმის თანახმად, 50 ათას აფრიკელ თავშესაფრის მაძიებელს საშუალება მიეცემა დასახლდეს ევროპაში მომავალი ორი წლის მანძილზე. განსახლების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის ევროკომისიამ 500 მლნ ევრო გამოყო. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი დარწმუნებით აღნიშნავს, რომ „500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება არათუ 50 ათას, 100 ათასი მიგრანტის მიღებაზეც გამოთქვამს მზადყოფნას“.
ევროკომისიის მიერ შემუშავებული საემიგრაციო პოლიტიკა სტატიაში არასწორი კონტექსით არის გააზრებული. ავტორის მსჯელობიდან იკვეთება, რომ გეგმის მიხედვით 50 ათასი მიგრანტი ერთმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს, სინამდვილეში კი, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზისთანახმად, ეს რიცხვი მთელ კონტინენტზეა გათვლილი. გარდა ამისა, ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება ქვეყანაში მიგრანტების მიღებას უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული მიგრაციის პოლიტიკა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოიაზრებს და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
აღნიშნული პროგრამა განსხვავებულია ევროკავშირის სავალდებულო ლტოლვილთა კვოტისგან, რომელიც გულისხმობს იმ თავშესაფრის მაძიებელთა განსახლებას, რომლებმაც უკვე მიაღწიეს იტალიისა და საბერძნეთის საზღვრებს. ახალი განსახლების გეგმა 50 ათასი მიგრანტისათვის წარმოადგენს ლეგალური მიგრაციის საპილოტე პროექტს, რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც ევროკომისია დამატებით ფინანსებს გამოყოფს. ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის განცხადების თანახმად, აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან გამკლავებას და არა საკითხის დროებით მოგვარებას. იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მიგრანტების უსაფრთხოების დაცვა, ხოლო კონტრაბანდისტების ბიზნესი ნაკლებად მომგებიანი გახდეს, საჭიროა პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო ეფექტური ალტერნატივებისა და იურიდიული გზების შეთავაზება. ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი კი აღნიშნავს, რომ საემიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოებში შეიქმნება დაბრუნების ეფექტური ცენტრი. ევროპაში განსახლებსათვის სამართლებრივი გზების დაფინანსება კი ხელს შეუწყობს არალეგალური ალტერნატივების აღმოფხვრას. გარდა ამისა, მისი განცხადებით,„ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ მზადაა აფრიკის სახელმწიფოებთან ერთად გაიზიაროს პასუხისმგებლობა. ხალხის, რომელიც საჭიროებს სათანადო დაცვას, სიცოცხლე არ უნდა აღმოჩნდეს რისკის ქვეშ და მათ ბედს ბოროტმოქმედები არ უნდა განაგებდნენ“.
განსახლების პოლიტიკის იმპლემენტაციაში აქტიურად არის ჩართული გაეროს უმაღლესი წარმომადგენლობა ლტოლვილთა საკითხებში, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა შორის არჩევენ მათ, ვინც საერთაშორისო დაცვას საჭიროებს.
ევროპის სახელმწიფოებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თუ მიგრანტების რა რაოდენობას მიიღებენ, სურვილის შემთხვევაში, და ამ საკითხში ისინი არ იქნებიან იურიდიულად ვალდებულნი ბრუსელის წინაშე. გარდა ამისა, ევროკომისიის მტკიცებით, უზრუნველყოფილი იქნება იმ მიგრანტების ქვეყნებში დაბრუნება, რომლებსაც არ მისცემენ ევროპაში ცხოვრების უფლებას.
ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებულ სტატიაში ყალბი ამბების გავრცელების ის მეთოდია გამოყენებული, რომელშიც ავტორი დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს არასწორი კონტექსტით. აღნიშნული ტექნიკის მეშვეობით ხდება მკითხველის დარწმუნება „სიმართლეში“ ისე, რომ ინფორმაციას სრულყოფილად არ არის მოწოდებული და მისი მხოლოდ გარკვეული ნაწილია წარმოდგენილი.