„პატრიოტთა ალიანსი“). ფაქტ-მეტრმა ოთხივე მათგანთან ჩაწერა წინასაარჩევნო ინტერვიუ, რის მიხედვითაც შეგექმნებათ წარმოდგენა, რამდენად კვალიფიციურნი არიან ისინი.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე? თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
დავიბადე და გავიზარდე ტყიბულში, ვმუშაობდი შახტაში მუშად, სხვადასხვა თანამდებობებზე, ვიცნობ რაიონს და მოსახლეობის უმეტესობას. კარგად ვფლობ სიტუაციას, ვიცი არსებული პრობლემების შესახებ და შემიძლია გავუმკლავდე მათ.
რუსლან ჯულაყიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”არჩევანი უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ვარ ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი სუფთა წარსულით, რომელმაც დავაგროვე საკმაო გამოცდილება, სწორად და მართებულად წარვმართო პროცესი და აბსოლუტურად მოტივირებული დავუპირისპირდე ყველა იმ გამოწვევას, რაც გააჩნია ტყიბულის მუნიციპალიტეტს. დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდთან ერთად, ხალხის თანადგომით შევძლებთ ყველა ძირითადი პრობლემის სასიკეთოდ გადაწყვეტას.
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)ჩვენმა გუნდმა 2004 წელს ჩაიბარა რაიონი, სადაც არ იყო შუქი, არ იყო გაზი, არ იყო გზა, წლობით იყო გაუცემელი ხელფასები და პენსიები, ადგილობრივი ბიუჯეტი დაყადაღებული იყო, გაჩერებული იყო შახტები, არ მოძრაობდა მატარებელი, ყველა მაღალსართულიან კორპუსში დაზიანებული იყო სახურავი და ერთი სიტყვით, რაიონი იყო კატასტროფულ მდგომარეობაში. ჩვენი ძალისხმევით, შესაბამის სამსახურებთან ერთად შესაძლებლად მოკლე დროში მოხდა წლობით გაჩერებული შახტების აღდგენა, რამაც საშუალება მოგვცა 1500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეგვექმნა, მოხდა თერჯოლა- ტყიბული-ამბროლაურის გზის რეაბილიტაცია, პარალელურად დაიწყო ქუთაისი-ტყიბულის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქალაქში და სოფლებში დაიგო ბეტონის საფარიანი გზები, განათდა წლობით ჩაბნელებული ქუჩები, გარემონტდა სახლის სახურავები, განახლდა მატარებლის მოძრაობა ტყიბული-ქუთაისის მიმართულებით. რვაჯერ გაიზარდა ბიუჯეტის მოცულობა და გაუცემელი ხელფასები და პენსიები წარსულს ჩაბარდა. ტყიბულის ისტორიაში პირველად შემოვიდა გაზი. აშენდა ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური, დაიწყო სპორტის სასახლისა და საცურაო აუზის სარემონტო სამუშაოები. აშენდა მინი სტადიონები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტის სოფლებში ბევრი პრობლემა მოგვარდა (სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ეს პროგრამა უკვე აღარ ფუნქციონირებს). განხორციელდა მრავალი სხვა პროექტი. ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა და უნარი იმისა, რომ მუნიციპალიტეტი გამოვიყვანოთ იმ მძიმე მდგომარეობიდა, რაც დღეს გვაქვს.
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ვარ პროფესიონალი, კომუნიკაბელური და მაქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება, კარგად ვიცნობ ტყიბულის კრობლემებს და გვერდით მიდგას პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღე და ღამე ფიქრობს ქვეყნის მომავალზე.
როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის(გამგებლის) საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები) თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
ჩემგან უხერხულია მოქმედი გამგებლის ნეგატიური საქმიანობის შედეგების შესახებ საუბარი. გარკვეული პოზიტივი მის საქმიანობაშიც ჩანს.
რუსლან ჯულაყიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”მოქმედი გამგებლის საქმიანობას ნამდვილად ვერ შევაფასებდი დადებითად, ვინაიდან მე ვხვდები მოსახლეობას და ამდენი პრობლემა, რაც ხალხს გააჩნია განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, აბსოლუტურად იყო შესაძლებელი, სწორი მართული და პასუხისმგებლიანი მიდგომის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მინიმალიზირებულიყო. დიდი პრობლემებია საკადრო თვალსაზრისით: საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნულია არაკომპეტენტური, არამოტივირებული კადრები, რაც არაერთი კორუფციული სკანდალის საფუძველი გახდა; ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, არაფერი მოწესრიგებულა ქალაქში, სავალალო მდგომარეობაშია თითქმის ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი; ერთი თეთრი არ დახარჯულა სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის; ქალაქში რთულია გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით; წყლის პრობლემა მოუგვარებელია; ვერ მოგვარდა ურთიერთობა „ტყიბულის ნახშირთან“; ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი მაშინ, როდესაც უდიდესი პოტენციალია ამ მიმართულებით. ამ სიის გაგრძელება შეიძლება უსასრულობამდე. ერთადერთი, რაც პოზიტიური მახსენდება, არის ალექსანდრე ბასილაიას სკვერის გახსნა.
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)მოქმედი გამგებლის საქმიანობას ცუდად აფასებს თვითონ „ქართული ოცნების“ გუნდი (რომ აღარაფერი ვთქვათ მოსახლეობაზე) და ამიტომ მერობის კანდიდატად უკვე სხვა ჰყავთ დასახელებული...
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)მოქმედი გამგებელი ჩემი დიდი „შეცდომაა".
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
მთავარ პრობლემას ტყიბულში არსებული კომპანია „ჯი-აი-ჯის“ მეორადი ნედლეულის საწყობი წარმოადგენს, ასევე მისასვლელი გზების, წყლის და ბუნებრივი აირით მომარაგების, საბავშვო ბაღების არ არსებობა რიგ სოფლებში. პრობლემების მოგვარების პროცესი დაწყებულია, მთავარია, დავაჩქაროთ სამუშაოების ტემპი.
რუსლან ჯულაყიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემების მოგვარება სოფლებში, გაზიფიკაციის დასრულება, რეაბილიტაცია შიდა გზების, სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება (სარკინიგზო სადგურების აღდგენა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების და სკვერების მოწყობა) – ამ პრობლემების გადაჭრის გზად გვესახება არსებული ბიუჯეტის ფარგლებში თანხების ოპტიმიზაცია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით და სხვა ტიპის დაფინანსების მოძიება. გასააქტიურებელია მუშაობა ბიუჯეტის გაზრდის თვალსაზრისით როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე ტურისტული პოტენციალის გამოყენებით ადგილობრივი შემოსავლების ზრდის კუთხითაც.
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2011წელს ტყიბულში აშენდა თბოელექტროსადგური, რომელის ნედლეულად ადგილობრივ ნახშირს მოიხმარს, ამ პროექტის განხორციელებამ საშუალება მოგვცა შ.პ.ს. „საქნახშირთან“ ერთად უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დაგვეწყო. მხედველობაში გავქვს დიდი სიმძლავრის თბოელექტროცენტრის მშენებლობა. ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს პროექტი ტყიბულში აღარ ხორციელდება და, შესაბამისად, დაიკარგა ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პერსპექტივა. „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ პროექტის აღდგენა და ტყიბულში განხორციელება იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ტყიბულის ისტორიაში პირველად შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი და ქალქსა და სოფელ მუხურას ოჯახებში გაზი ავანთეთ, გავიდა ხუთი წელი და ქალაქი ტყიბული დღესაც არ არის სრულად გაზიფიცირებული, აღარაფერს ვამბობთ სოფლებზე. უფრო მეტიც, გაზის დამონტაჟება მოსახლეობას საკმაოდ ძვირი უჯდება და ესეც ძალიან პრობლემატურია. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას იმას, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად ყოველ ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მუნიციპალიტეტის (მათ შორის სოფლების) გაზიფიცირება და რაც მთავარია, მონტაჟის საფასურს ადგილობრივი ბიუჯეტით ავანაზღაურებთ.
ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა ბოლო დროს მრავალი ოჯახისათვის მოხსნილი სოციალური დახმარება, ამიტომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტი იქნება.
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)როგორც ქვეყანაში, ისე ტყიბულში, პრობლემები მრავლადაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალური ფონი, ისედაც შემცირებული მოსახლეობის სიღარიბე, დასაქმების პრობლემის გამო, დიდი იმიგრაცია როგორც დიდ ქალაქებში, ისე ქვეყნის გარეთ. მეშახტეთა შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება შესრულებულ სამუშაოს და პირობებს. ყურადღება არ ექცევა სოფლის მეურნეობას. სასოფლო-სამეურნეო მიწების 80% მიტოვებულია, ხოლო ჩაის პლანტაციები გატყევებულია. არადა ტყიბულის ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს. ქალაქის გარეუბნებში საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაშია, ნაწილი ინგრევა, ნაწილი კი საჭიროებს სასწრაფოდ აღდგენას.
აღნიშნული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია შესაბამის უწყებებთან აქტიური თანამშრომლობი, მუნიციპალიტეტში შესაბამისი ფონდების შექმნით, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომითა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით.
რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ და რა დროში აპირებთ მათ შესრულებას? (გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი) თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ძირითადად, განიხილება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების სამომავლო გეგმები. აქცენტი აღებულია მისასვლელი სასოფლო გზების, საბავშვო ბაღების სათამაშო სკვერების, სტადიონების და სხვა კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე. სამუშაოებს აფინანსებს რეგიონალური განვითარების სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება კი გეგმავს და ახორციელებს.
რუსლან ჯულაყიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”პენსიების და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის პენსიის და დახმარების ზრდა 25 ლარით – ეს განხორციელდება არჩევნების დასრულებიდან მაქსიმუმ ორ თვეში, ბიუროკრატიული ხარჯების პრემია/დანამატების, გაბერილი შტატების ოპტიმიზაციის შედეგად; წყალმომარაგების პრობლემა –უახლოეს ერთ წელიწადში; „ჯი_აი_ჯი“ ჯგუფთან პრობლემების მოგვარება (ფუჭი ქანებისგან ქალაქის გასუფთავება, მოპოვებული ქვანახშირის გადაადგილება დახურული სარკინიგზო ვაგონების მეშვეობით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მათ მიერ ზეგაბარიტული ტვირთების გადაადგილების შედეგად გზის საფარის რეაბილიტაცია); ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია – მაქსიმუმ 4 წელი; გაზიფიცირების დასრულება ერთ წელიწადში; სოფლებში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა – ოთხი წელი (სარკინიგზო სადგურების აღდგენა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების და სკვერების მოწყობა – 4 წელი).
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)ტყიბულში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დაპირება მე-3 კითხვის პასუხში უკვე ჩამოვაყალიბე. სწორედ ეს პრობლემები, სხვა საკითხებთან ერთად, იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა და მათი გადაწყვეტა, შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ის, რომ ამის ძალა და უნარი შეგვწევს, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ.
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ამდენმა დაპირებებმა ხალხი დაღალა. არჩევის შემდეგ ჩაიკეტებიან კაბინეტებში და დანაპირები აღარ ახსენდებათ. ტყიბულელები მე მიცნობენ, ამიტომ ვპირდები, რომ პატიოსნად და გულწრფელად ვემსახურები მათ.
არჩევის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)
თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
მოქალაქეებთან ურთიერთობა იქნება უშუალო, საქმიანი, კონსტრუქციული. ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა მოსახლეობას არასოდეს ჰქონია.
რუსლან ჯულაყიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”არჩევის შემთხვევაში ჩემი ამომრჩევლებისათვის მე ვიქნები ბოლომდე ხელმისაწვდომი. არ ვაპირებ, ვიყო ბიუროკრატიული ჩინოვნიკი, რომელიც მთელ დღეს ატარებს სამუშაო ოთახში. ჩემი სამუშაო გრაფიკის დიდი ნაწილი დაეთმობა ხალხთან ურთიერთობას, რათა ყველა პრობლემა უშუალოდ გავიგო ხალხისგან, რომ შემდგომ დავსახო მათი აღმოფხვრისა და გადაჭრის გზები.
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა მოსახლეობის მიერ დასმული პრობლემების შესაბამისად. ქალაქის ყველა საცხოვრებელ კორპუსში შევქმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და მათ მიერვე დასმული საკითხები იყო ჩვენი განხილვის თემა, რის შედეგადაც დაისახებოდა პრიორიტეტები და, შესაბამისად, წყდებოდა ესა თუ ის პრობლემა. ზუსტად ასევე მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელებთ ყველა პრობლემის მოგვარებას. ასევე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ზუსტად იმას ითვალისწინებდა, რომ მოსახლეობა თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინა.
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ამის შესახებ წინა პუნქტში მოგახსენეთ.
რა შეგიძლიათ შესთავაზოთ მუნიციპალიტეტს, რითიც არსებული მიგრაციის პრობლემის მოგვარებას შეუწყობთ ხელს? თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
მიგრაციის პროცესის შეჩერების მთავარი ბერკეტი სამუშაო ადგილების შექმნაა. მთავარი დამსაქმებელი მუნიციპალიტეტში „საქნახშირია“, ამიტომ საჭიროა მისი საწარმოო სიმძლავრის გაზრდა, ასევე ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა.
რუსლან ჯულაყიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”მიგრაციის გამომწვევი მთავარი პრობლემა არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაო ადგილების არარსებობა. არსებულ რეალობაში, პირველი ნაბიჯები, რაც შეიძლება გადაიდგას, არის ის, რომ მაქსიმალურად იქნას ათვისებული მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, რასაც მოჰყვება ფულადი თანხების შემოდინება, გაჩნდება საჭიროება სხვადასხვა ტიპის მომსახურების და სერვისების მიწოდების, რაც ასევე შექმნის დამატებით ადგილებს. ტყიბულის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მოიცავს რამდენიმე მილიონს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, აქტიურად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველა გამოცხადებულ ტენდერში, ჩვენ ვდებთ პირობას, რომ მუშახელის 40% დასაქმებული იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ამ მიმართულებით საჭიროა უფრო კომპლექსური გეგმის შემუშავება, რაზეც ვმუშაობთ ამჟამადაც და სამოქმედო გეგმის სრულყოფისთანავე გავხდით საჯაროს.
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)როგორც ზემოთ ვთქვი, თბოელექტროსადგურის ტყიბულში აშენების პროექტი მიზნად ისახავდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ამ პრობლემის მოგვარების გარანტია იყო, ამის დასტურია ის, რომ, როდესაც წლობით გაჩერებული შახტები აღდგა, ასობით ქალაქიდან წასული ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ამიტომაა ეს პროექტი ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული.
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)სოფლის მეურნეობის პროექტების წახალისება და ამ სფეროში შესაბამისი ფონდის ფორმირება გლეხს მიწასთან დააბრუნებს. ფერმერული მეურნეობების განვითარება, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, მიგრაციას საგრძნობლად შეაჩერებს.
ტყიბულელი მეშახტეები დამსაქმებელი კომპანიისგან შეღავათებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გასულ წელს გაფიცულები იყვნენ. რა შეუძლია თქვენი მერობის პირობებში შესთავაზოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეშახტეებს? თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)მეშახტეთა გაფიცვები წინა წლებშიც იყო. გასული წლის გაფიცვა კი გამორჩეული გახლდათ კონკრეტული მოთხოვნების გამო. ადგილობრივი ხელისუფლება „ჯი-აი-ჯის“ სისტემური კომუნიკაციით უზრუნველყოფს მეშახტეთა შრომის, უსაფრთხოების, სოც. პირობების გაუმჯობესებას. მაქსიმალურად იქნება გამოყენებული დარგობრივი პროფკავშირების შესაძლებლობები. ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მეშახტეთა კულტურული დასვენებისა და სპორტულ ღონისძიებებში მათ მაქსიმალურად ჩართვას.
რუსლან ჯულაყიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”კერძო კომპანიებში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა ცდება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით მეშახტეებს ყველა შესაძლო ფორმით, აქტიურ ლობირებას გავუწევთ კანონმდებლობაში ცვლილებას, რომ ისეთი მაღალი რისკის მქონე პროფესიებისათვის, როგორც არის მეშახტის პროფესია, მოხდეს საპენსიო ასაკის დაწევა და ასევე მათთან მიმართებაში განხორციელდეს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის განახევრება.
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართულები შახტების აღდგენის პროცესში, ამიტომ კარგად ვიცნობთ ამ სფეროს ყველა პრობლემას. მეშახტეთა ყოფითი პრობლემების მოგვარება, მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სოციალური დაცვა იქნება ჩვენი ძირითადი საზრუნავი.
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ტრაფარეტულ სიტყვად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მეშახტეთა შრომა რომ დაუფასებელია, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. მესმის, რომ ტყიბულის შახტებს მართავს კერძო კომპანია, მაგრამ არსებობს რეგულაციები სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის, რომელთა სწორი გამოყენებით პრობლემები მოგვარდება.
თქვენი აზრით, რა არის შესაცვლელი ადგილობრივ ბიუჯეტში, რა პრიორიტეტებს უნდა მიექცეს ყურადღება? თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა განაწილდეს სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით. მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს პრიორიტეტები გზების, ნაპირსამაგრი კედლების, წყლისა და ბუნებრივი აირის, სპორტული და კულტურული ობიექტების, ბაგა-ბაღების მშენებლობის მიმართულებით.
რუსლან ჯულაყიძე (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”ჩვენი აზრით, უნდა განხორციელდეს პრემია/დანამატების და გაზრდილი შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია, რის ხარჯზეც პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, უნდა დაუწესდეთ დანამატები, ანუ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სოციალური სფერო და მეორე მთავრი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურა. ასევე მოსაწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი ბიუჯეტი არ უნდა იყოს ვიღაცის ოჯახის წევრების, ნათესავებისა და პარტიული აქტივისტების დასაქმების წყარო. ის თანაბრად უნდა ეკუთვნოდეს ყველა ტყიბულელს. ბიუჯეტის პრიორიტეტი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის სოციალური დაცვა.
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ტრანსფერი წარმოადგენს. ადგილობრივი შემოსავლები ძალიან მცირეა, რაც, ძირითადად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის ხარჯზე მოდის. ადგილობრივი ბიუჯეტის დეფიციტის შევსება არსებულ ვითარებაში პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ არ შეიცვალა საგადასახადო სისტემა. გადასახადების დიდი ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის, მათ შორის – საშემოსავლო გადასახადიც. სწორი საგადასახადო პოლიტიკით ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდება, რაც, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნას ბინების კეთილმოწყობისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ფონდები. არასაკმარისია სოციალური პროგრამების დაფინანსება.
იქნება თუ არა თქვენს პრიორიტეტებში ტყიბულში ჩაის მრეწველობის აღდგენისა და განვითარების საკითხი? რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? თემურ ჩუბინიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
ჩაის კულტურის აღდგენა მუნიციპალიტეტის სოფლების აღორძინების ერთადერთი პრიორიტეტია. აქტიურად ვითანამშრომლებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ინიციატივიან ადგილობრივ მეწარმეებთან, პოტენციურ ინვესტორებთან.
რუსლან ჯულაყიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”აღნიშნული საკითხი მიმაჩნია, რომ უფრო წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივას, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობილი ყველა ინიციატივა მომდინარე როგორც კერძ, ასევ საჯარო სექტორიდან, რაც დიდი პრევენცია იქნება მიგრაციის პროცესის შესაჩერებლადაც.
ლევან დოხნაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებაც ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ჩაის გადასამუშავებელი მრეწველობა სწორედ ერთ-ერთი სფეროა, რომელიც ჩვენი ყურადღების საგანი იყო და მომავალშიც იქნება. ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს განხორციელდა ტყიბულის ჩაის ფაბრიკის აღდგენითი სამუშაოები და ამ საწარმომ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი პოტენციალი. პარალელურად განვახორციელეთ ახალი სასოფლო სამეურნეო კულტურების დანერგვა და 2011 წელს ინვესტორებთან ერთად დავიწყეთ მოცვის პლანტაციების გაშენების სამუშაოები. ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა სოფელ ზედუბანში, სადაც დასაქმდა სოფლის მოსახლეობა. ასეთი პროექტების განხორციელება, რასაკვირველია, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბოლო ხუთი წელია, ამ მიმართულებით ახალი აღარაფერი კეთდება.
გოდერძი ცნობილაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)უკვე აღვნიშნე, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამების მხარდაჭერის ფონდის შექმნით, ჩაის კულტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობას შევძლებთ.
ეს მოკლედ... ყველაფერ დანარჩენზე არჩევის შემდეგ ვისაუბრებთ.