„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ზურაბ მაისურაძემ ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. მაისურაძის განცხადებით (4:48 წთ-დან), „2015 წლის 2 მაისს რუსთავის მერი გავიდა უხელფასო შვებლებაში და გამოვიდა 15 ივნისს. აი, ამ პერიოდში მას პრემია აქვს გამოწერილი“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რუსთავის მუნიციპალიტეტის საქმიანობა 2013 წლიდან 2015 წლის ექვსი თვის ჩათვლით შეისწავლა. აუდიტის დასკვნაში ერთი თავი სწორედ რუსთავის მუნიციპალიტეტის პრემია-დანამატების პოლიტიკას ეხება. დოკუმენტში ვკითხულობთ: „2014 წლის აპრილში, მაისში და ივნისში სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით პრემია გაიცა მერიისა და საკრებულოს ძირითადად ყველა საჯარო მოხელეზე, ჯამური თანხით 845.3 ათასი ლარი. გარდა რამდენიმე შემთხვევისა, თანამდებობის პირებზე პრემია გაიცა თანამდებობრივი სარგოს 200%-ის, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებზე 100%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ . რუსთავის მერი 2 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში. მაისის თვეში მერზე გაცემულია პრემია, თანამდებობრივი სარგოს 200%-ის ოდენობით”, -

აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში (11-12 გვერდი).

რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ 2014 წლის მაისში, შვებულების დროს, მართლაც აიღო პრემია. აცხადებენ, რომ ყველაფერი იმჟამად არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა. დასძენენ, რომ პრემია მერის სახელზე გასცა წინა მთავრობის დროს არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელმა ლეილა აფციაურმა. კითხვაზე, რისი თქმა სურთ ამით, ანუ მერს „პრემია ჩაუდეს?!“ - აცხადებენ, რომ ასე გამოდის, თუმცა გვიხსნიან, რომ ეს კომენტარის ოფიციალურ ნაწილს არ ეკუთვნის.

  დასკვნა სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, 2013-2014

წლებში და 2015 წლის ექვსთვიან პერიოდში, რუსთავის მუნიციპალიტეტში პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას იმის გარკვევისა, თუ რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და მათი წახალისება. აუდიტი ყურადღებას ამახვილებს 2014 წლის მაისში რუსთავის მერის (დავით ჯიქია) მიერ პრემიის მიღებაზე, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა.

მართალია, ზურაბ მაისურაძეს აღნიშნულ განცხადების გაკეთებისას მომხდარი ფაქტის თარიღი შეეშალა (2014 წლის ნაცვლად 2015 წელი დაასახელა), მაგრამ ის ინფორმაცია, რაზეც ისაუბრა (შვებულების დროს მერის მიერ პრემიის აღება), დასტურდება.

შესაბამისად, ზურაბ მაისურაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია