„რატომ არ იხილავთ ამ ვარიანტს, მილიარდ შვიდას მილიონზე მეტია სახელფასო ხარჯი. ამის 20%-ით შემცირება ნიშნავს პენსიის 50 ლარით გაზრდას და გადასახადების დაწევას ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც ქმნის დოვლათს და სამუშაო ადგილებს. რატომ არ იხილავთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების საკითხს?!“
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს კონსოლიდირებული[1] ბიუჯეტის მიხედვით, 2016 წელს ქვეყნის შრომის ანაზღაურების ფონდმა 1 760 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წლის გეგმით კი, აღნიშნული მაჩვენებელი 1 684 მლნ ლარი უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან ხშირია ქვეყნის სოციალური თუ ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოწოდება (ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხზე ადრეც წერდა).ამ მოწოდებებში ადმინისტრაციული ხარჯი მხოლოდ ბიუროკრატიულ ხარჯთან, ხოლო სახელფასო ხარჯი მხოლოდ ბიუროკრატების ხელფასებზე გამოყოფილ თანხებთანაა გაიგივებული, რაც ტერმინების არასწორი ინტერპრეტაციაა.
ქვეყნის კონსოლიდირებული ადმინისტრაციული და, შესაბამისად, სახელფასო ხარჯი, გარდა ბიუროკრატების სახელფასო ანაზღაურებისა, მოიცავს ისეთ მნივნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა მაგალითად ჯარისკაცების, პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების შრომის ანაზღაურება. შესაბამისად, ქვეყნის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება უფრო ღრმა და საფუძვლიანი ანალიზის საგანი უნდა გახდეს. სხვა საკითხია ოპტიმიზაციაზე საუბარი.
ქვეყნის შრომის ანაზღაურების ფონდის 20%-ით შემცირება პენსიის 50 ლარით გასაზრდელად საკმარისი არ არის. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის სახელფასო ხარჯის 20%-ით შემცირება 350 მლნ ლარს გამოათავისუფლებს. 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით,ქვეყანაში 730 ათასი პენსიონერია, რომელთა პენსიის 50 ლარით გაზრდის შემთხვევაში სახელმწიფოს წელიწადში დამატებით 440 მლნ ლარი დასჭირდება, რასაც, თავის მხრივ, შრომის ანაზღაურების ფონდის 26%-იანი შემცირებით მივიღებთ.
რაც შეეხება უშუალოდ ბიუროკრატიულ ხარჯს (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები), მისი რაოდენობა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 373 მლნ ლარით არის განსაზღვრული. ნაერთი ბიუჯეტის დონეზე ცალკე ბიუროკრატიული ხარჯი არ ვიცით. თუმცა, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ის მაქსიმუმ 500 მლნ ლარია. თუ ამას დავუმატებთ სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბიუროკრატიულ ხარჯებს (რომლებიც ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში სრულად არ ჩანს), მისი ოდენობა მაქსიმუმ 700 მლნ ლარი იქნება. შესაბამისად, პენსიის 50 ლარით ზრდისთვის წმინდა ბიუროკრატიული ხარჯის დაახლოებით 60%-ით შემცირება იქნება საჭირო.
პენსიის მატებასთან ერთად გადასახადების დაწევას ადმინისტრაციული ხარჯების კიდევ უფრო მეტად შემცირება დასჭირდება. ხარჯების შემცირების მასშტაბი დამოკიდებულია გადასახადების დაწევის დონესთან, რაც გიგა ბოკერიას განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ მოკლევადიან (თუ დავუშვებთ, რომ მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებით ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მოიმატებს) პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი და ქვეყნის სახელმწიფო ვალი გაიზრდება.
დასკვნა 2016
წელს საქართველოს შრომის ანაზღაურების ფონდი მართლაც შეადგენდა 1.7 მლრდ ლარს. 2017 წლისთვის კი ფონდი 76 მლნ ლარით უნდა შემცირდეს. აღნიშნული სახელფასო ხარჯის 20%-ით შეზღუდვა 350 მლნ ლარს გამოათავისუფლებს, თუმცა ეს თანხა საქართველოს 730 ათასი პენსიონერისთვის პენსიის 50 ლარით გასაზრდელად საკმარისი არ არის. აღნიშნულისთვის 440 მლნ ლარია საჭირო, ანუ ხარჯების 26%-იანი შემცირება. პენსიების 50 ლარით მატების პარალელურად გადასახადების შემცირებას სახელფასო ხარჯების კიდევ უფრო მეტი პროცენტით შემცირება დასჭირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პენსიონერთა რაოდენობა საქართველოში ყოველთვიურად მზარდია. 2017 წელს პენსიონერთა რაოდენობამ 10 ათასით მოიმატა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯის შემცირებით პენსიების ზრდაზე საუბარი არ გულისხმობს მხოლოდ ბიუროკრატიის სახელფასო ხარჯების შემცირებას, რადგან ხსენებული ფონდიდან ხელფასს იღებენ ჯარისკაცები, პოლიციელები, მოსამართლეები და ა.შ. თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის ბიუროკრატიულ სახელფასო ხარჯს შევაჯამებთ, ის დაახლოებით 700 მლნ ლარი იქნება, რომელიც 60%-ით უნდა შემცირდეს, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.[1] იგივე ნაერთი ბიუჯეტი, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს რეპუბლიკური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ბიუჯეტები.