„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”).
ფაქტ-მეტრმა კითხვებით "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რუსთავის მერობის კანდიდატს გელა ნაკაშიძესაც მიმართა. პარტიის კანდიდატმა განაცხადა, რომ პასუხების შეთანხმებულ დროს გამოგზავნა დატვირთული საარჩევნო კამპანიის გამო ვერ მოახერხა.ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე? ნინო იმედაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”) ამომრჩეველი კანდიდატს ირჩევს მისი პროგრამის მიხედვით და იმ ნდობაზე დაფუძნებით, რომელიც კანდიდატსა და ამომრჩეველს შორის ყალიბდება. ეს არის ის ორი ძირითადი საფუძველი, რატომაც უნდა ამირჩიონ რუსთაველებმა. პირველი: მე ამომრჩეველს ვთავაზობ გეგმას, რომელიც, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში დადებით ცვლილებებს მოუტანს თითოეულ რუსთაველს - მათ, ვისაც დახმარება სჭირდება; მათ, ვისაც დასაქმება სჭირდება; მშობელს და ბავშვს; ახალგაზრდას და ხანში შესულს. მე მაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც შემუშავებულია არსებული ბიუჯეტის საფუძველზე და არის სრულიად რეალისტური. რასაკვირველია, კარგი იქნება რომ 30 ლარიანი დანამატის ნაცვლად 1 000 ლარიანი დანამატი შევთავაზო თანამოქალაქეებს, მაგრამ ეს იქნება მორიგი ტყუილი მორიგი პოლიტიკოსისგან. მე რუსთაველებს ვთავაზობ იმას, რისი გაკეთებაც რეალისტურია და შესაძლებელია. იმდენად ზუსტად გვაქვს გათვლილი ბიუჯეტი და იმდენად ზუსტად გვაქვს გადანაწილებული სახსრები სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე, რომ 32 ლარიც იქნებოდა ტყუილი ჩემი მხრიდან. სწორედ ეს არის ის ძირეული რამ, რაც დანარჩენი კანდიდატებისგან განმასხვავებს. მე მოვდივარ სიმართლით და მინდა ეს სიმართლე ბოლომდე აღვასრულო. ეს ცვლილებები დღესაც შესაძლებელია და სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომელიც არ აქვს „ქართულ ოცნებას“, რადგან ბიუჯეტში პრიორიტეტი საკუთარ კეთილდღეობაზე და ფუფუნებაზე აქვს გათვლილი; მაშინ როდესაც ჩემი პრიორიტეტია საქმე. მერის პოზიცია არ არის ჩემთვის პირადი ამბიციის დასაკმაყოფილებელი თანამდებობა, არამედ ეს არის კიდევ ერთი სამსახური, რომელიც მინდა რომ ისეთივე თავდადებით შევასრულო, როგორც ყველა სხვა საქმე, რომელიც აქამდე მიკეთებია. მეორე:
ჩემი მთავარი მიზანია გავამართლო ამომრჩეველის ნდობა და შევცვალო ის რეალობა, რაც სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა - რომ პოლიტიკოსი თანამდებობის დაკავების შემდეგ სცილდება ხალხს. არა! პოლიტიკაც სამსახურია და ეს სამსახური გულისხმობს ხალხთან მუდმივ კომუნიკაციას, რადგან ჩვენ გვირჩევს ხალხი იმისთვის, რომ მათ ვემსახუროთ. არ შეიძლება მერი იღებდეს 200 პროცენტიან პრემიებს, მაშინ, როდესაც მას აქვს დაკისრებული ვალდებულებების შესატყვისი ანაზღაურება. გადავხედოთ უახლეს ისტორიას და ძალიან ნათელი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ: ყველა მთავრობამ ძალიან წარუმატებლად დაასრულა მოღვაწეობა მაშინვე როგორც კი ის ხალხს დაშორდა. მე მინდა, რომ 4 წლის შემდეგ მე ისევე გამართულად მიმესვლებოდეს ყველა მოქალაქესთან, როგორც ამას ახლა ვაკეთებ. დღეს მე თამამად ვხვდები თითოეულს, რადგან მათ მათთვის კარგ გეგმას ვთავაზობ. 4 წლის შემდეგ მე მინდა უფრო გამართული შევხვდე მათ უკვე შესრულებული დანაპირებით და რაც მთავარია არ გავწყვიტო მათთან კავშირი ჩემი მერად ყოფნის დროს.
ანნა კეკენაძე („სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”)გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქალაქი ჩემია და დეტალურად ვიცნობ ამ ქალაქის პრობლემებს, ასევე არასდროს მიმიღია მონაწილეობა ბინძურ გარიგებებში და არც ვაპირებ. სამომავლოდ, ჩემი ქალაქის განვითრებისთვის მაქვს ამბიცია რომ ჩემი ახალგაზრდული ხევითა და მინიმალური რესურსით უანგაროდ გავაგრძელო მუშაობა (ვარ ადვოკატი, მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია). ვაპირებ ვიყო ჩემი მოსახლეობის გვერდით ყოველდღიურ რეჟიმში და მქონდეს მათთან კომუნიკაცია.
ირაკლი ტაბაღუა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)მე ვარ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ქალაქ რუსთავში და ეს არ არის მარტივად მიღებული გადაწყვეტილება, რამეთუ ზუსტად მესმის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება იმ ქალაქის წინაშე, სადაც დავიბადე და აღვიზარდე, შევიძინე მეგობრები და ოჯახი, მივიღე უდიდესი სითბო და სიყვარული. სწორედ ამიტომ რუსთაველების მიმართ არსებული დიდი სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა, არის იმის გარანტი, რომ მე ვიქნები ყველა ჩემი დაპირების და სიტყვის ერთგული. როგორც რიგითი რუსთაველი ყოველთვის ვცხოვრობდი ჩემი ქალაქის ცხოვრებით - მისი პრობლემებით თუ წარმატებებით. დღეს კი მეძლევა შანსი ჩემი გამოცდილებით, ცოდნით, ენერგიით და თავდადებით ვუპასუხო იმ ამაგს, რომელიც ჩემმა ქალაქმა ასე უანგაროდ გაიღო ჩემთვის. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ მე წარმოვადგენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს და ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, სწორედ ჩვენი გუნდის გაწეული ძალისხმევის შედეგად მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მენეჯმენტის გაძლიერება, რაც გულისხმობს გაზრდილ ადგილობრივ ბიუჯეტს, საზოგადოების ჩართულობას და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მართვას. ყოველივე ზემოთქმული კი მოგვცემს საშუალებას მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს უწყვეტი განვითარებისა და ახალი ენერგიით წინსვლის საქმეში, რადგან ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოს საწინდარია. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვცდილობდი ვყოფილიყავი მზრუნველი მამა და მეუღლე, შვილი, ძმა, მეგობარი და მოქალაქე - დღეს მაქვს საშუალება რუსთაველებთან ერთად ვიზრუნო ქალაქზე და ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ ჩემი მთავარი საქმე რუსთაველებზე ზრუნვა იქნება.
ზურაბ მაისურაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხარდაჭერა ნიშნავს, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ განახლებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომპეტენტურ, ენერგიულ, ქალაქის აღმშენებლობაზე ორიენტირებულ გუნდს, რომელიც 21 ოქტომბრის შემდეგ იქნება გარანტი იმისა, რომ თვითმმართველობა ჩადგება ხალხის სამსახურში და დაუყოვნებლივ დაიწყება არსებული პრობლემების ეფექტურად აღმოფხვრა.
როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები) ნინო იმედაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)
როგორ შეიძლება შევაფასო მერის საქმიანობა, როდესაც რუსთავში არ არსებობს თემა, რომელიც პრობლემური არ არის. როდესაც ხედავ ნახევრად გადახურულ სახურავს, გადათხრილ სპორტულ მოედნებს, უფრო მეტიც, მოედნებს და გზებს, რომელიც შეცდომით გადათხარეს და ასე გადათხრილი დატოვეს. როდესაც ნებისმიერი რუსთაველი იმედგაცრუებულია. პირდაპირ ამბობენ ადამიანები, რომ ისინი მოატყუეს. რუსთაველებს აღარ სჯერათ პოლიტიკოსის. როგორ შეიძლება შეაფასო მერის საქმიანობა, როდესაც სრული უიმედობა სუფევს ქალაქში და ადამიანებს უკეთესი მომავლის არ სჯერათ. ეს არის დღევანდელი მერის „ქართული ოცნების“ ცუდი მუშაობის შედეგი.
ანნა კეკენაძე („სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”)პოზიტიური ალბათ ის არის, რომ როგორც ჩემთვისაა ცნობილია, იგი არ იღებს ქრთამს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ნეგატიურად მიმაჩნია, რომ არ არის დამოუკიდებელი და კონკრეტულ სიტუაციებში ვერ იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს და ასევე არ ცდილობს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული.
ირაკლი ტაბაღუა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)ჩემი აზრით, ქალაქის განვითარებაში ჩადებული ფუნდამენტი საკმაოდ მყარია. იმ სამუშაოებმა, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქალაქის კეთილმოწყობის საქმეში. საგზაო ინფრასტრუქტურა, კოსტავას ქუჩის ნაწილის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა თუ გარე-განათების სისტემების განახლება, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც ნამდვილად თითოეული რუსთაველის მოწონებას იმსახურებს. სწორედ ეს გაკეთებული საქმეები უნდა გახდეს ათვლის წერტილი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, რომელთან ერთადაც ვაპირებ მოსვლას. კრიტიკა და აქცენტის გაკეთება იმაზე ვინ რა არ გააკეთა შედეგს ვერ მოუტანს რუსთავის მოსახლეობას.
ზურაბ მაისურაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)რთულია ყოფილი მერის საქმიანობის პოზიტიურ ჭრილში განხილვა მაშინ, როდესაც დანიშვნის დღიდან დაკავებულია პრემია-დანამატების გამოწერით, ნეპოტიზმით და ზრუნავს მხოლოდ პირად კომფორტზე, გარდა ამისა, საზოგადობის მძიმე სოციალური ფონი, არაეფექტურად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგრესი, რომელსაც თვითმმართველობა მუდმივად განიცდის, ერთგვარი ლაკმუსია და პასუხი კითხვაზე - როგორ შეასრულა მან დაკისრებული მოვალეობები.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? ნინო იმედაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)
ხშირად წყდება სასმელი წყალი. არ არის მოწესრიგებული გზები. უფრო მეტიც, ძირითად შემთხვევებში გზები საერთოდ არ არის. შიდა ეზოს ვერ უწოდებ იმას, სადაც ბავშვები თამაშობენ. კანალიზაციით დატბორილი სადარბაზოები. როგორ უნდა გადაადგილდეს შეზღუდული შესაძლებლობების პირი რუსთავში, როდესაც პანდუსები ქალაქში ფაქტობრივად არ არის. პროგრამებზე და სარეაბილიტაციო კურსებზე ლაპარაკი ზედმეტია, ადამიანები საკუთარი ბინიდან ვერ გამოდიან იმიტომ რომ ის არ არის ადაპტირებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოვცვლითო დაპირდა მერი 4-5 წლის წინ. ერთი ავტობუსი არ გამოცვლილა. და, რასაკვირველია, დაუსაქმებლობა არის მთავარი პრობლემა.
ანნა კეკენაძე („სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”)პირველ რიგში უმუშევრობას დავასახელებ. ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტური პრობლემები, რადგან ვთვლი, რომ განათლების გარეშე არაფერი გამოვა. ასევე პრობლემაა, ხელისუფლების გულგრილობა ამომრჩევლის მიმართ. აღსანიშნავია, რომ რუსთავში მძიმე სოციალურ ფონზე უწევთ ცხოვრება დევნილებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ასევე, დიდი სიამოვნებით ვნახავდი გამწვანებულ, ჩემს ქალაქს.
ირაკლი ტაბაღუა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)ძირითადი პრობლემები, რაც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას აწუხებს ეს არის სოციალური საკითხები, დასაქმება, არასაკმარისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მოქალაქეებისთვის დასაკანონებელი საცხოვრებელი ფართები, ეზოებში მოუწესრიგებელი ინფრასტუქტურა, მწყობრიდან გამოსული შიდასაქალაქო ტრანსპორტი. ჩემი მერობის პერიოდში თითოეული პრობლემის გადაჭრის დროს აქცენტი გაკეთდება არა მოგვარების ფასადურ პოლიტიკაზე, არამედ საკითხების საფუძვლიანად შესწავლაზე და რეალური შედეგის მიღწევის მიზნით სწორად დაგეგმილი, კარგად გააზრებული ნაბიჯების დაგეგმვა-განხორციელებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის ამაღლებაზე ზრუნვა.
ზურაბ მაისურაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)არსებული ხელისუფლების არაკომპეტენტურობა, ქალაქის განვითარების არასწორი ხედვა და საზოგადოების მიმართ უგულო დამოკიდებულება რუსთავში წარმოშობს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: უმუშევრობა, გაუარესებული სოციალური ფონი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი განათლების სისტემის დაბალეფექტიანობა და მთელი რიგი პრობლემებისა, რომელიც ასე მძიმედ აწევს რუსთავს და რუსთაველებს.
რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი. ნინო იმედაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)
ჩემი მერობის პირველივე 100 დღეში თითოეული პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობების პირი მიიღებს 30 ლარიან დანამატს. ადამიანებს, ვისაც უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება, მიიღებს 70 ლარიან დახმარებას. ყველა ოჯახში თითოეული ბავშვი მიიღებს 900 ლარიან ვაუჩერს ბაღისთვის. 10% შემცირდება ქონების გადასახადი. მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური მოემსახურება ყველა უბანს და არ იქნება არც ერთი უბანი ისეთი მიტოვებული როგორც დღეს არის მაგ. მარის არხი. მოვაწესრიგებთ სკვერებს. დღეს რუსთავში მხოლოდ ერთი მოწესრიგებული სკვერია და იმასაც კერძო კომპანია უვლის. არ შეიძლება ქალაქში ერთადერთი დასუფთავებული და მოწესრიგებული ადგილი იყოს მერიის ირგვლივ მხოლოდ, ისიც მერიის წინა მხარეს. ეტაპობრივად ჩავანაცვლებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ამავდროულად იქნება ადაპტირებული. კანალიზაციით დატბორილი სადარბაზოები, როგორიცაა ნიკოლაძის, მესხიშვილის და ნებისმიერ სხვა ქუჩაზე მოწესრიგდება. დავაგებთ გზებს ხარისხის გარანტიით და არა ისე, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს - იქ სადაც დააგო პირველივე წვიმის დროს რომ აიყარა. ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სარწყავ სისტემას, რომ ხელი შევუწყოთ რუსთავის გამწვანებას და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, როცა მერიამ გადმოიბარა გამხმარი ხეები და თავიდან უწევს თანხის გადახდა. ბავშვებს მოვუწესრიგებთ შიდა ეზოებს და სპორტულ მოედნებს, რომ მათ შესაბამისი პირობები შევუქმნათ. ბუნებრივია ეს არ მოხდება ერთ დღეში, მაგრამ აუცილებლად მოხდება ჩემი მერობის პერიოდში და სამუშოები პირველივე 100 დღეში დაიწყება. ბუნებრივია შედარებით მეტი დრო დასჭირდება ძველ და ახალ რუსთავს შორის დამაკავშირებელი ახალი უბნის აშენებას და რუსთავში ავტობაზრობის მიმდებარეთ ახალი სავაჭრო ზონის გაშენებას. მაგრამ პროცესში ყველა ეს პროექტი შექმნის 10 000 სამუშაო ადგილს და რაც მთავარია, შექმნის წინაპირობას იმისთვის, რომ სამომავლოდ რუსთავი სრულიად თავისუფალი ზონა გავხადოთ. იმისთვის რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენ დავწევთ ქონების გადასახადს და სამომავლოდ ვგეგმავთ რუსთავი ინვესტიციების მიმზიდველ ცენტრად ვაქციოთ. ეს ძალიან ადვილია და სჭირდება პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ხელშეწყობა. რუსთავს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, ძალიან ახლოს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნების საზღვრები და არ შეიძლება ეს შესაძლებლობა არ იქნას გამოყენებული. საჭიროა პოლიტიკური ნება, გონივრული მართვა და პრიორიტეტების სწორი გადანაწილება.
ანნა კეკენაძე („სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”)ჩვენი მიზანია ახალგაზრდების დასაქმება და მათი აქტიური ჩაბმა ადგილობრივ მუნიციპალურ თვითმმართველ ორგანოებში, როგორც სტაჟირების, ასევე მათი დასაქმების კუთხით. ასევე ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემაა სოციალური დახმარებების აღდგენა იმ ხალხისთვის ვისაც სრულიად გაურკვეველი მიზეზების გარეშე მოუხსნეს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ასევე სავალალო მდგომარეობაა სკოლამდელ და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიყოთ ორიენტირებული ამ საკითხებზე. ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის დიდი რესურსი და პოტენციალი, რაც ამ ქალაქს და რუსთაველ ახალგაზრდებს გააჩნიათ.
ირაკლი ტაბაღუა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)ჩვენი დაპირება გამომდინარეობს იმ მოთხოვნიდან, რასაც მოსახლეობა გვიყენებს. ყოველდღიური შეხვედრები ამომრჩეველთან და მათ მიერ გაჟღერებული პრობლემები განაპირობებს ჩემი გუნდის სამუშაო გეგმას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. როგორც მთელ საქართველოში, ისე რუსთავშიც უმთავრესი გამოწვევა დასაქმებაა. ამ მიმართულებით საჭიროა კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს სამი სუბიექტის - მოსახლეობის, ბიზნესის, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების - მუდმივ კომუნიკაციას. ჩვენი გუნდი განახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც გამოიწვევს რუსთაველების ეტაპობრივ დასაქმებას. ვაპირებთ ბიზნესთან მჭირდო კონტაქტს და მისი ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. დასაქმების ბაზრის კვლევას მოთხოვნადი სპეციალობების გამოვლენის მიზნით და აქედან გამომდინარე შესაბამისი ადგილობრივი ადამიანური რესურსის მობილიზებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათ გადამზადებას. აუცილებლად შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილების გაზრდის მიზნით. მოვაწყობთ საბავშვო მოედნებს, სკვერებს, ახალგაზრდულ ცენტრებს, სადაც ახალგაზრდებს ურთიერთობის საშუალება ექნებათ. სამი შვილის მამა ვარ და მეც ისევე ვიცი და მაწუხებს თითეული რუსთაველი ახალგაზრდის პრობლემა, როგორც მათ მშობლებს. სპორტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რუსთაველებს ექნებათ ახალი სპორტული კომპლექსი, რაც პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, ვინაიდან ამ მხრივ, რუსთავში სავალალო მდგომარეობაა. ჩვენთვის პრიორიტეტულია მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისის გაუმჯობესებაც, ამ ტრანსპორტით ძირითადად პენსიონრები და სოციალურად დაუცველი მოქლაქეები სარგებლობენ და მიმაჩნია, რომ აუცილებელია მისი განახლება, რაც თავის მხრივ ქალაქის იერსახესაც გააუმჯობესებს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გამწვანება, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს. ჩვენ ვიზრუნებთ არა მხოლოდ ხე-მცენარეების დარგვაზე, არამედ მის მოვლა-პატრონობაზე.
ზურაბ მაისურაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება, ვაიძულოთ ცენტრალური ხელისუფლება აამუშავოს 2007 წელს მიღებული კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, რუსთავში შეიქმნას მიმზიდველი გარემო ინვესტორებისათვის, ამუშავდეს შეჩერებული წარმოებები და გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, ასევე, პრიორიტეტულად მიმაჩნია სოციალური სუბსიდიების სამართლიანი გადანაწილება, სოციალურად დაუცველთა ხელშეწყობა და სრულფასოვანი დახმარება. მნიშნელოვანია, შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა უბინაოდ დარჩენილი მოსახლეობის მიმართ, ინვესტორებთან ერთად გაახლდეს სოციალური სახლების მშენებლობის კარგად აპრობირებული პრაქტიკა და ყველა უბინაო რუსთაველს მიეცეს საშუალება, ისარგებლოს აღნიშნული საცხოვრებელი ფართით. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს განათლებას, პედაგოგებსა და სტუდენტებს.
ჩვენ შევიმუშავებთ განახევრებულ სამგაზვრო ტარიფს ყველა რუსთაველი სტუდენტისათვის. სკოლის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, ისარგებლონ 25 ლარიანი ვაუჩერით სპორტულ და სახელოვნებო სკოლებში, ავამუშავებთ წამახალისებელ პროგრამებს პედაგოგებისა და სასწავლო დაწესებულებებისათვის.
გავამუჯობესებთ უფასო სასადილოების პროგრამას, ხარისხის კონტროლს და გავაორმაგებთ დაფინანსებას. შევამცირებთ ბიუროკრატიულ აპარატს და მის შენახვის ხარჯებს. გავაუქმებთ პრემია-დანამატებსა და არასაჭირო შტატებს. თანმიმდევრული მუშაობით, გონივრულ ვადებში, ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორცილება განახლებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სავსებით რეალური და ადვილად მისაღწევია.
არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით) ნინო იმედაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, დავამტკიცო რა არის დემოკრატია. ეს არის თანამშრომლობა თვითმმართველობასა და ამომრჩეველს შორის. აუცილებელია მერმა იცოდეს თავისი მოქალაქეების პრიორიტეტები. აუცილებელია პოლიტიკოსი უსმენდეს მოქალაქეებს და როგორც კი ეს კავშირი წყდება, მაშინვე სრულდება ყველას პოლიტიკური მოღვაწეობა და ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს. მე ვგეგმავ რომ რეგულარულად მივიდე უბნებში და მოვისმინო ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები, პრიორიტეტები, როგორც ამას დღეს ვაკეთებ. ვგეგმავ რომ რეგულარულად გავმართო ფართო თემატური შეხვედრები მოსახლეობასთან. გავაძლიერო საზოგადოებრივი ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში. და ჩვენ ერთად აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგს.
ანნა კეკენაძე („სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”)ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობასთან გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები. ყველა მაჟორიტარ კანდიდატთან და მუნიციპალიტეტთან დავამყარებთ მჭიდრო კონტაქტს და რაც მთავარია, მუნიციპალიტეტი იმუშავებს სწორად და ყველა იმ დატვირთვით რაც მის ფუნქცია-მოვალეობაშია.
ირაკლი ტაბაღუა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)მოსახლეობაზე ზრუნვა კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში და სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება ურთიერთობა მოქალაქეებთან, იგეგმება მუნიციპალური სერვისების დანერგვა, რაც მეტად გაამარტივებს კომუნიკაციას საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ასევე ვაპირებთ მერის წარმომადგენლების ინსტიტუტების გაძლიერებას.
ზურაბ მაისურაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)მოსახლეობასთან ჯეროვანი კომუნიკაცია ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ეფექტური მუშაობა, მაღალჩინოსნების კარჩაკეტილობის აღმოფხვრა, წარმომადგენლობითი ორგანოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და მჭიდრო ურთიერთობა იქნება გარანტია იმისა, რომ თითოეული რუსთაველის პრობლემა იქნება შესწავლილი, გააზრებული და უმოკლეს ვადებში გადაწყვეტილი.
რა ღონისძიებებს გაატარებს რუსთავში უსახლკაროთა თავშესაფრის მოსაწყობად? ნინო იმედაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)
სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირების მუნიციპალური და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა. ამიტომ რთულია ვისაუბრეთ კონკრეტულ ციფრებზე, თუ რა დაუჯდება ადგ. ბიუჯეტს ამ ადამიანების მიზნობრივი უზრუნველყოფა, მაგრამ მიდგომა მექნება შემდეგი: ის ვინც ღია ცის ქვეშაა ამჟამად და არანაირი თავშესაფარი არ გააჩნია მოხდება გარკვეული პერიოდით ბინის ქირით უზრუნველყოფა. მაგრამ გრძელვადიანი მიდგომაა მოვიძიო არსებული ფართები რუსთავში ძველი შენობები, მოვაწესრიგო და ვითანამშრომლო სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. როგორც ეს ადრე უკვე მოხდა რუსთავში შვეიცარიის განვითარების და თანამშროლობის სააგენტოს მიერ მოწყობილი საცხოვრებლები მაიკოვსკის ქუჩაზე, სადაც 24 ოჯახი შესახლდა.
ანნა კეკენაძე („სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”)უსახლკაროებისთვის ავაშენებთ რამდენიმე სახლს, სადაც მოქალაქეები ადამიანურ პირობებში შეძლებენ ცხოვრებას, რომლებიც დღემდე მიტოვებული ჰყავს ხელისუფლებას.
ირაკლი ტაბაღუა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. 2018 წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სოციალური საცხოვრისის მოწყობა. რაც შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ჩემი მერობის პერიოდში აღნიშნულ პრობლემას მინიმუმამდე დავიყვანთ და მაქსიმალურად შევუმსუბუქებთ მძიმე სოციალურ ყოფას უსახლკარო მოქალაქეებს.
ზურაბ მაისურაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვგეგმავთ სოციალური სახლების მშენებლობას, რაც პრაქტიკულად უსახლკაროთა თავშესაფრების აუცილებლობას გამორიცხავს, თუმცა, ვინაიდან ასეთი ტიპის სახლების მშენებლობა გარკვეულ ვადებს მოითხოვს, იმ პირებს, რომელთაც თავშესაფრის ქონის გადაუდებელი აუცილებლობა უდგათ, თვითმმართველობა მხედველობაში მიიღებს და დროებითი საცხოვრებლის საფასურს აუნაზღაურებს.
რა ღონისძიებებს გაატარებთ სასმელი წყლის პრობლების გადასაწყვეტად? ნინო იმედაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)
დღეს პრობლემა ორია: 1. წყალი ითიშება დღის განმავლობაში ანუ ყველაზე საჭირო დროს ეს არის არასწორი დაგეგმვის, არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტური ხელისუფლების შედეგი. წყლის სისტემა უნდა მოწესრიგდეს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს პრობლემა. 2. პატარა დაზიანება ერთ უბანზე იწვევს მთელი უბნის გათიშვას მკაცრი მონიტორინგი იქნება თითოეულ ავარიაზე და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. კომპანიას მოეთხოვება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და გეგმიური სამუშაოების ღამის საათებში გაკეთება. პრობლემაა რომ შემავალ ხაზზე ჩამკეტები, ურდულები არ არსებობს. კომპანიას მოვთხოვ რომ ყველა შემავალ მილზე ურდულები გააკეთოს. უზრუნველყოს ნორმალური მიწოდება და პატარა ავარიაზე არ უნდა ითიშებოდეს ნახევარი ქალაქი.
ანნა კეკენაძე („სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”)ძალიან მარტივად გადავჭრიდი ამ პრობლემას, რომელიც გამოწვეულია GWP -ში კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო. მათ შევახსენებდი და გავაკეთებინებდი დაკისრებულ მოვალეობას.
ირაკლი ტაბაღუა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული საკითხი დაკავშირებულია წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქისთვის სიკეთის მომტანია. მოგეხსენებათ, რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფს კერძო კომპანია, თუმცა კომპანიის მენეჯმენტთან მუდმივი კომუნიკაციით ვეცდებით მინიმუმამდე იქნას დაყვანილი წყლის შეფერხებით მიწოდებით გამოწვეული დისკომფორტი.
ზურაბ მაისურაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ვფიქრობ, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ წყლის გადასახადში გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების საფასურიც, რაც უნდა იყოს გარანტი მოსახ