მისი თქმით, ზუგდიდის მოსახლეობას გაზის ტარიფი 12 თეთრით გაუძვირდა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად ან ნაწილობრივ დერეგულირებულია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული აბონენტებისთვის გაზის მიწოდება ნაწილობრივ დერეგულირდა, ხოლო 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ არსებული აბონენტებისთვის სრულად. რაც ნიშნავს, რომ 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის ზღვარს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)აწესებს, ხოლო 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გაზიფიცირებული მოსახლეობისთვის გაზის მიმწოდებელი კომპანია ტარიფს სემეკ-ის გარეშე განსაზღვრავს. შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონში გაზის ტარიფი სხვადასხვაა.
ფაქტ-მეტრი მიმდინარე წლის მაისში, სენაკში გაზის გაძვირებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების რეგულირებაზე წერდა. თუმცა, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, 2017 წლის 14 აგვისტოს შესული ცვლილების შემდეგ, რეგულირებული გახდა გაზის მიწოდება იმ აბონეტნებისთვის, რომლებსაც 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ დაუდგინდათ გაზის მიწოდების ტარიფი. აქედან გამომდინარე, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ გაზის მიწოდების ტარიფს სემეკ ადგენს. სემეკ-ის 2017 წლის 18 ივლისის დადგენილებით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების ტარიფად, ნაცვლად მანამდე არსებული 44.116 თეთრისა (დღგ-ის ჩათვლით 53.8 თეთრი[1]), 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 48.254 თეთრი განესაზღვრა (დღგ-ის ჩათვლით 56.94 თეთრი1). თუმცა, ახალი რეგულაციების შემოღებამდე, 2008 წლის 1 აგვისტომდე (ნაწილობრივ რეგულირებული) არსებული აბონენტები ნაცვლად 53.8 თეთრისა ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის 48.8 თეთრს იხდიდნენ, რადგან სახელმწიფოს მიერ გაზის ტარიფი 5 თეთრით სუბსიდირდებოდა. ხოლო, 2008 წლის 1 აგვისტოდან (დერეგულირებული) არსებულ აბონენტებს შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 54.7 თეთრად აწვდიდა. გაზის სამომხმარებლო ტარიფის 5 თეთრიანი სუბსიდირება გაუქმდა, რომლის საკომპენსაციოდ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი სახელმწიფოს მიერ გაზის მიმწოდებელი კომპანიებისთვის სოციალური გაზის მიწოდების ფასი 1 000 კუბურ მეტრზე 120 დოლარიდან 105 დოლარამდე შემცირებას ასახელებდა.აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 1 აგვისტოდან არსებული აბონენტებისთვის გაზის მიწოდების დერეგულირებული საქმიანობის დროს, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს 44.854 თეთრად (დღგ-ის ჩათვლით 54.7 თეთრი) აწვდიდა ბუნებრივ აირს, ხოლო ენერგეტიკის მინისტრის მიერ დერეგულირების გაუქმებისა და მიწოდების რეგულირების შემოღების შემდეგ, ამ აბონეტნებისთვის გაზის ტარიფი 48.254 თეთრამდე გაზარდა (დღგ-ის ჩათვლით 56.94 თეთრი).
დასკვნასემეკ-ის 2017 წლის 18 ივლისის დადგენილებით და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 14 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის მიწოდების საქმიანობის სრულ რეგულირებას, ზუგდიდის იმ მოსახლეობას, რომლებსაც გაზი 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული პერიოდიდან მიეწოდებათ, ტარიფი 8.14 თეთრით გაუძვირდა, ხოლო 2008 წლის 1 აგვისტოდან არსებულ აბონენტებს 2.24 თეთრით. ზუგდიდში, ორივე კატეგორიის საყოფაცხოვრებო მოხმარების აბონენტისთვის, მიმდინარე წლის 20 ივლისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი 56.94 თეთრს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში გაზის ტარიფი გაიზარდა, ის გიგი უგულავას მიერ ნახსენებ 12 თეთრზე ბევრად ნაკლებია და 2.24 თეთრს შეადგენს, ხოლო 8.14 თეთრიანი გაძვირება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა, რადგან ზუგდიდში გაზიფიცირება ძირითადად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაიწყო.
ამრიგად, გიგი უგულავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.[1] საგადასახადო კოდექსის მიხედვით დამატებითი ღირებულების გადასახადის დასაბეგრი ობიექტია რეალიზებული მომსახურება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის მიერ გაზის ტარიფს ემატება დღგ-ის გადასახადი, ფასის 18%.