„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებლებით, ხუთი წლის წინ ჩვენ ვიყავით 137-ე ადგილზე. დღეს კი ვართ მე-40 ადგილზე, ანუ 97 ადგილით გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიცია“.
მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით ქვეყნების რეიტინგს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. ქვეყნების მაკროეკონომიკური გარემოს შეფასება გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შემადგნელი ნაწილია. ბოლო (2017-2018 წლების) გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშიმიმდინარე წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, პრემიერის განცხადების მომენტისათვის კი უახლეს ხელმისაწვდომ რესურსს 2016 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული 2016-2017 წლების ანგარიში წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მართლაც მე-40 ადგილს იკავებდა. 5 წლის წინ, 2011-2012 წლის ანგარიშით საქართველო მაკროეკონომიკური გარემოთი 137-ე ადგილზე იყო.
ცხრილი 1:
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი
პერიოდი | 2011-12 | 2012-13 | 2013-14 | 2014-15 | 2015-16 | 2016-17 | 2017-18 | |
გლობალური კონკურ. ინდექსი | ქულა | 4.0 | 4.1 | 4.2 | 4.2 | 4.2 | 4.3 | 4.3 |
ადგილი რეიტინგში | 88 | 77 | 72 | 69 | 66 | 59 | 67 | |
მაკროეკონომიკური გარემო | ქულა | 3.7 | 4.4 | 4.9 | 5.1 | 5 | 5.2 | 5.1 |
ადგილი რეიტინგში | 137 | 88 | 61 | 48 | 51 | 40 | 48 |
აქ გასათვალისიწინებელია ერთ მნიშვნელოვანი გარემოება, 2011-2012 წლების ანგარიში 2010 წლის მაკროეკონომიკურ გარემოს ასახავდა, ხოლო 2016-2017 წლების 2015 წლის გარემოს. 2011-2012 წლების ანგარიშით, საქართველო მაკროეკონომიკური გარემოთი მსოფლიოს 142 ქვეყანას შორის 137-ე ადგილს იკავებდა, რადგან მაღალი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი (მშპ-ის 4.8%) და ინფლაცია (7.1%), ხოლო მთლიანი ეროვნული დანაზოგი კი დაბალი იყო (მშპ-ის 5.2%). აღსანიშნავია, რომ 2010 წელზე 2009 წლის მსოფლიოს კრიზისის გავლენა მაღალი იყო. 2013-2014 წლების ანგარიშით (ასახავს 2012 წელს) საქართველომ მაკროეკონომიკური გარემოთი 61-ე ადგილზე გადაინაცვლა, რადგან ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1%-მდე შემცირდა, ხოლო ინფლაციის ნაცვლად 1% დეფლაცია იყო. მთლიანი ეროვნული დანაზოგი მშპ-ის 14.9%-მდე ამაღლდა.
2016-2017წლების ანგარიშით ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.2% იყო, ინფლაცია 4%, ხოლო ეროვნული დანაზოგი მშპ-ის 21.7%. განხორციელდა გარკვეული მეთოდოლოგიური ცვლილებებიც, 2011-2012 წლების ანგარიშში მაკროეკონომიკური გარემოს შესაფასებლად საპროცენტო განაკვეთის სიდიდეც გამოიყენებოდა (რის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 129 ადგილზე იყო), რაც ბოლო წლების ანგარიშებში აღარ არის.
2017-2018პერიოდის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ვითარებას ასახავს, საქართველოს კონკურენტუნარიანობის აბსოლუტური შეფასება - 4.3 ქულა არ შეცვლილა, თუმცა სხვა ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, რეიტინგში საქართველომ პოზიცია გაიუარესა და 67 ადგილამდე დაქვეითდა. რაც შეეხება მოცემულ სტატიაში განხილულ მაკროეკონომიკურ გარემოს, რეიტინგში უკუსვლამ 8 საფეხური შეადგინა და ამჟამად საქართველო 48-ე პოზიციაზე იმყოფება. 8 საფეხურით დაქვეითება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდამ (მშპ-ის 1.6%-მდე), ეროვნული დანაზოგების შემცირებამ (მშპ-ის 19.4%-მდე) და სახელმწიფო ვალის ზრდამ (მშპ-ის 44.9%-მდე) განაპირობა.
დასკვნამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2016-2017 პერიოდის ანგარიშის თანახმად (ასახავს 2015 წლის მდგომარეობას), მაკროეკონომიკური გარემოს თვალსაზრისით საქართველო მე-40 ადგილზე იმყოფებოდა 5.24 ქულით, 2011-2012 პერიოდის ანგარიშით (ასახავს 2010 წლის მდგომარეობას) კი, 3.7 ქულით 137-ე ადგილს იკავებდა, შესაბამისად პოზიცია რეიტინგში 97 ადგილით გაუმჯობესდა. პოზიციის გაუმჯობესებაში პოზიტიური როლი მეთოდოლოგიის ცვლილებამაც შეიტანა.
პრემიერის განცხადების შემდეგ 2017-2018 წლების ანგარიში გამოქვეყნდა (ასახავს 2016 წლის მდგომარეობას), რომლის მიხედვითაც მაკროეკონომიკური გარემოთი საქართველო რეიტინგში 8 საფეხურით ჩამოქვეითდა. უკუსვლა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდამ, სახელწიფო ვალის ზრდამ და ეროვნული დანაზოგის შემცირებამ განაპირობა. ყოველივე ეს მთავრობის საქმიანობის პირდაპირი შედეგია და ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირების აუცილებლობაზე მიუთითებს.
გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გამო ფაქტ-მეტრი მის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.