„მერია აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ფულის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის და ფულის ფლანგვას. ჩვენ გავიგეთ, რომ ივნისიდან მერიამ დაიწყო მასიურად საარჩევნო სპეციალისტების და „პიარშიკების“ აყვანა ძალიან მაღალი ანაზღაურებით. ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე საშუალოდ მერიის თანამშრომლის ხელფასი, რომელიც საშუალოდ 1 300 ლარს იღებს. ცხადია, რომ ეს ადამიანები აჰყავთ საარჩევნოდ“.
პარტია „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ აყვანილი თანამშრომლების ხელფასი ქალაქს 450 780 ლარი უჯდება. პარტიის ინფორმაციით, ეს თანამშრომლები არიან: იაგო კაჭკაჭიშვილი - 4 800 ლარი, ტატიანა დათუკაშვილი - 4 350 ლარი, მამუკა კავთელიშვილი - 4 350 ლარი, ნიკოლოზ ბერიაშვილი - 4 350 ლარი, ნიკოლოზ ესებუა - 3 240 ლარი, ვახტანგ მჭედლიშვილი - 5 800 ლარი, თამარ ბოდოკია - 5 425 ლარი, ნონა ყანდიაშვილი - 5 250 ლარი.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ფაქტ-მეტრს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მერიის მიერ წინასაარჩევნოდ აყვანილი მუშაკები ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ არიან რეგისტრირებული. თბილისის მერიიდან ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციისსაფუძველზე ირკვევა, რომ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობამ იანვართან შედარებით, ივლისში 7 დასაქმებულით მოიმატა. ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 150 534 ლარი. თუ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ წლის ბოლომდე იგივე რაოდენობის შტატგარეშე თანამშრომლებს შეინარჩუნებს, 2017 წლის მთლიანი ხარჯი 354 225 ლარი გამოვა.
ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ თვიდან თვემდე იმატებდა შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება. ივლისში ერთი შტატგარეშე თანამშრომლის ხელფასი საშუალოდ 3 395 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად იმის თქმა, თუ რომელი თანამშრომელი რა შრომით ანაზღაურებას იღებს შეუძლებელია, რადგანაც პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, თბილისის მერიიდან მოწოდებულ ინფორმაციაში თანამშრომელთა სახელები და გვარები დაფარულია.
ცხრილი 1:ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება 2017 წლის იანვარ-ივლისში
თვე | შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა | შრომის ანაზღაურება | საშუალო ანაზღაურება |
იანვარი | 5 | 6 450 | 1 290 |
თებერვალი | 5 | 6 450 | 1 290 |
მარტი | 8 | 17 592 | 2 199 |
აპრილი | 8 | 19 449 | 2 431 |
მაისი | 9 | 26 209 | 2 912 |
ივნისი | 11 | 33 641 | 3 058 |
ივლისი | 12 | 40 739 | 3 395 |
ჯამი | 150 530 |
აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ნონა ყანდიაშვილი არ არის რეგისტრირებული ა(ა)იპ „მუნიციპალური განვითარების სააგენტოში“, არამედ იგი 2015 წლის აგვისტოდან თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსია და თბილისის მერიის ადმინისტრაციის შტატგარეშე თანამშრომლად ირიცხება. 5 250 ლარი ფიგურირებს თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ შტატგარეშე მუშაკთა ანაზღაურების დოკუმენტში, იგივე სახელფასო ანაზღაურება, რაც პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნონა ყანდიაშვილს მიეწერება. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ შტატგარეშე მუშაკს ზუსტად ამ ოდენობის ანაზღაურება ერიცხება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს თანამშრომელი სწორედ ნონა ყანდიაშვილია. დაზუსტებით თქმა შეუძლებელია, რადგანაც თბილისის მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზეზით, თანამშრომელთა სახელები და გვარები არ ჩანს. შესაბამისად, კონკრეტულად რომელი თანამშრომელი რა ოდენობის ხელფასს იღებს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით.
ასევე, იმის გამო, რომ თბილისის მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ა(ა)იპ „მუნიციპალური განვითარების სერვისების“ შტატგარეშე თანამშრომელთა მხოლოდ ჯამური ანაზღაურება ჩანს, შეუძლებელია განსაზღვრა, რამდენად სწორია პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინასაარჩევნოდ აყვანილ მუშაკთა სახელფასო ანაზღაურების შესახებ.
დასკვნა თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ა(ა)იპ „მუნიციპალური განვითარების სააგენტოში“ მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 12 თანამშრომელი ირიცხებოდა, 7 ადამიანით მეტი, ვიდრე იანვრის თვეში. თითოეული მუშაკის საშუალო ხელფასი ივლისის თვეში 3 395 ლარი გამოდის. პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებული კონკრეტული პირების შრომის ანაზღაურების გადამოწმება შეუძლებელია, თბილისის მერიამ ფაქტ-მეტრს ინფორმაცია მხოლოდ ჯამური ანაზღაურების შესახებ მიაწოდა. „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში ფიგურირებს ნონა ყანდიაშვილი, რომელიც თბილისის მერიის ადმინისტრაციის შტატგარეშე თანამშრომლად ირიცხება და მისი ხელფასი 5 250 ლარს შეადგენს. „მუნიციპალური განვითარების სააგენტოს“ შტატგარეშე თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურებამ იანვარ-ივლისში, ჯამში, 150 534 ლარი შეადგინა.