მუხლი 33). საქმე ეხება პარლამენტის სესიაზე პროექტის მეორე მოსმენისას დამატებულ ჩანაწერებს.
მეორე მოსმენაზე ჩამატებული ცვლილებები
კონსტიტუციის პროექტს, პარლამენტის სესიაზე მეორე მოსმენით მიღებისას, ჩაამატეს 4 ჩანაწერი. მათ შორის არის პრეზიდენტის ერთჯერადად, 6 წლის ვადით არჩევა.
პარლამენტის სპიკერი, ირაკლი კობახიძე, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელიც არის და როგორც პარლამენტის, ისე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზეცაა პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ ამ ცვლილებების შეტანა ჩვეულებრივი პროცესია. „იყო ოთხი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და გაზიარებულ იქნა ჩემ მიერ, როგორც მომხსენებლის მიერ. მხოლოდ და მხოლოდ ეს ოთხი შესწორებაა შეტანილი იმ დოკუმენტში, რომელიც დარიგდა მეორე მოსმენის დროს“, - განაცხადა 5სექტემბერს ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ამაში უკანონო არაფერია და „საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს“.
მისი თქმით, ცვლილება შევიდა ერთი დეპუტატის შენიშვნის საფუძველზე. თუმცა, როგორც იურისტები და კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, იმის გამო, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა (თუნდაც ერთჯერადად) შენიშვნის საფუძველზე ვერ აისახება, ვინაიდან ეს არსობრივი ხასიათის ცვლილებაა, მასზე მსჯელობა ჯერ კიდევ პროექტის მომზადების დროს უნდა გამართულიყო და შემდეგ პირველი მოსმენით დარეგისტრირებულ პროექტში უნდა ყოფილიყო ასახული. პროექტი პირველი მოსმენისთვის ამ ჩანაწერის გარეშეა დარეგისტრირებული.ქართული კანონმდებლობით, ზოგადად კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისას შესაძლოა დეპუტატების მხრიდან გაკეთდეს შენიშვნა და დადგეს ალტერნატიული წინადადება, რაც შემდეგ პროექტში ან აისახება, ან არა. ამასთან, არსებით საკითხზე ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პირველი მოსმენისას, რადგან პირველ მოსმენაზე განიხილება არსობრივი საკითხები და მეორე მოსმენაზე, როდესაც უკვე ამ არსობრივი საკითხების მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს, არსობრივი ხასიათის ცვლილებები ვეღარ შევა, რადგან უკვე დამტკიცებულ პრინციპებთან მოვა წინააღმდეგობაში.
კონსტიტუციის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით კი დამატებითი შეზღუდვა არსებობს.
„პარლამენტის რეგლამენტის“ მიხედვით, სადაც კანონების და მათ შორის კონსტიტუციის მიღების პროცედურებია გაწერილი, წერია, რომ „საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების წარდგენა დაუშვებელია“ (მუხლი 155.4).
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტის განხილვისას, ზოგადად, ალტერნატიული წინადადების წარდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან ერთ კონკრეტულ საკითხს ეხებოდა და არც მომხდარა.
მეორე მხრივ კი, არსებით საკითხზე გამოთქმული შენიშვნის, როგორც კობახიძე უწოდებს, კონსტიტუციის პროექტში ასახვა საერთოდ დაუშვებელია და განსაკუთრებით მეორე მოსმენისას.
სწორედ ამიტომ, იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ფაქტ-მეტრთან საუბრისას ამ პროცესს კანონდარღვევად აფასებს და ამბობს, რომ „კანონდარღვევით მიღებული ნორმა უკანონოა“.
„კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი როდესაც იხილება, მასში ახალი და არსებითი ცვლილების შეტანა ალტერნატიული წინადადების სახით დაუშვებელია. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის პროექტი როგორი სახითაც გავა საერთო-სახალხო განხილვაზე და დარეგისტრირდება პირველი მოსმენისთვის, მასში ახალი, არსებითი, ალტერნატიული წინადადებები ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით ვერ მოხვდება. ამიტომ, ყველაფერი, რაც კი არის ამ კონსტიტუციის პროექტში პირველი მოსმენისთვის დარეგისტრირების შემდგომ არის ჩაკვეხებული, არის არალეგიტიმური, ანუ ბათილი“, - ამბობს ალაფიშვილი.
მისივე თქმით, ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში რომ წავიდეს, აუცილებლად ბათილად და ძალადაკარგულად იქნება ცნობილი იმიტომ, რომ პროცედურის დარღვევა არის კონკრეტული ნორმატიული აქტის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი.
დარღვევაზე საუბრობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაიაც. „ზოგადად, პირველი მოსმენის არსი გახლავთ ის, რომ პრინციპების დონეზე იყოს პროექტი შეთანხმებული და ამის შემდეგ უკვე მოსმენის დროს ხდება მუხლობრივი გასწორება. აქ საკითხავი არის ის, თუ ასეთი ტიპის საკითხი, როგორიც არის პრეზიდენტის ერთჯერადად 1-წლიანი ვადით არჩევა, ხომ არ მოდის წიინააღმდეგობაში კონსტიტუციის ამ პროექტთან. ანუ იმასთან, რაც არის პირველი მოსმენის დროს მიღებული. ასევე პრობლემა გახლავთ ის, რომ საერთო სახალხო განხილვის დროს და შემდეგ, როდესაც პროექტი გამოქვეყნდა, ამ საკითხებზე არ ყოფილა მსჯელობა. თუმცა, ეს ერთგვარად ფორმალური საკითხია და ცხადია, მთავარი სხვა პრობლემებია, მაგრამ ეს იმას აჩვენებს, პროცესი როგორ წარიმართა და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“.
მიღებული კანონის არაკანონიერად გამოცხადების საფუძველი
ქართული კანონმდებლობით, პროცედურის დარღვევა არის კონკრეტული ნორმატიული აქტის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი. ამიტომაც, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ „ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში რომ წავიდეს, აუცილებლად ბათილად და ძალადაკარგულად იქნება ცნობილი“.
კანონმდებლობით, პროცედურის დარღვევის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს და პარლამენტის მინიმუმ 30 წევრს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ნორმის გასაჩივრებისთვის აუცილებელია ჯერ კანონი ამომქედდეს. ამ შემთხვევაში კი, გასაჩივრება კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი.