ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გააჩნია, შესაბამისად, ლარის დოლართან გაცვლითი კურსი სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება. სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის ზრდას ქვეყანაში ფულის მასის ზრდა ან უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავლების შემცირება იწვევს.
2017წელი საქართველოსთვის გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლებით დაიწყო. ეკონომიკური ზრდა 3%-დან 4.5%-მდე გაიზარდა. პოზიტიური ცვლილებებია ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის მხრივ. ეს ცვლილებები იანვრიდან ლარის კურსზეც აისახა და ივლის-აგვისტოში 40 თეთრით (იანვართან შედარებით) შემცირდა.
რა მოხდა სექტემბერში, რატომ გაუფასურდა ლარი?
თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძირითადად წლის დასასრულს ხდებოდა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება, რომ კურსის გაუფასურება შესაძლოა სეზონური ფაქტორებით იყოს გამოწვეული, საფუძველს მოკლებული არ არის. ტრადიციულად, საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი აგვისტოში შემოდის (წელს 576 ათასი კაცი), ხოლო სექტემბერში 40%-ით იკლებს, ოქტომბერ-ნოემბრეში კიდევ უფრო მცირდება. ეს ნიშნავს, რომ შემოდგომიდან თვეში მინიმუმ 100 მლნ დოლარით ნაკლებ შემოსავალს ვიღებთ, ვიდრე ივლის-აგვისტოში. ეს საქართველოს სავალუტო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია და სხვა თანაბარ პირობებში ლარის კურსის კორექტირებას აუცილებლად გამოიწვევს.
გრაფიკი 1:
საშუალო თვიური გაცვლითი კურსი, 2014-2017 წლები
ამ ეტაპზე ვიცით, რომ იანვარ-აგვისტოში საქართველოს სავაჭრო ბალანსი 28 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა, ფულადი გადმორიცხვები 134 მილიონი დოლარით გაიზარდა, ვიზიტორების რაოდენობა 29%-ით გაიზარდა (რაც ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას განაპირობებს). ეს არის ის დადებითი ტენდენციები, რაც ლარის გამყარებას უწყობს ხელს. თუმცა, არაფერი ვიცით, თუ რა ხდება საინვესტიციო და სასესხო კაპიტალის შემოსვლის მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და აქ ჩავარდნას, შეუძლია ზემოთ აღნიშნული დადებითი ტენდენციები გადაფაროს. დღეისათვის 2017 წელს შემოსული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მხოლოდ პირველი ორი კვარტლის სტატისტიკა ვიცით, რომლის მიხედვით ინვესტიციები 5.5%-ით (43 მილიონი დოლარით) შემცირდა. მესამე კვარტლის ინვესტიციების და სასესხო კაპიტალის შემოსვლის სრული ინფორმაცია (საგადასამხდელო ბალანსი) დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება, ისიც 3 თვის (კვარტლის) ერთად. საიდანაც შეუძლებელია გამოყო, კონკრეტულად სეტემბერში რა სიტუაცია იყო.
ლარის კურსზე გავლენის მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში არსებული ლარის მასა. საქართველოში ფულის მასის მიწოდებას ეროვნული ბანკი აკონტროლებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში ეროვნული ბანკი ზღუდავს ეკონომიკაში ფულის მასის მიწოდებას, რათა შეაკავოს ინფლაციური პროცესები.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მიმდინარე წელს ჯერ იანვარში 6.75%-მდე, ხოლო შემდეგ მაისში 7%-მდე გაიზარდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზანს იმ ინფლაციური პროცესების შეკავება წარმოადგენდა, რომელიც აქციზის გადასახადის მატებამ და სურსათზე საერთაშორისო ფასების ზრდამ გამოიწვია.
გრაფიკი 2:
ფულის მასის (M2) დინამიკა, მლნ ლარი
წყარო: ეროვნული ბანკი
თუ გადავხედავთ ფულის მასის (M2) დინამიკას, ვნახავთ, რომ ივნისსა და ივლისში ეკონომიკაში ფულის მასა მნიშვნელოვნად (657 მილიონი ლარით) გაიზარდა. სექტემბრიდან ფულის მასა არ გაზრდილა, პირიქით, უმნიშვნლოდ შემცირდა.
სარეზერვო ფულის მასა (უცხოური ვალუტის გამოკლებით) მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 22.3%-ით არის გაზრდილი. ბოლო თვეებში, სარეზერვო ფულის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მთავრობის ოპერაციებმაც შეიტანა. ბუნებრივია, ასეთი ტემპით ფულის მასის ზრდა, დოლარის ნაკადების შემცირების (ან თუნდაც ზრდის შეჩერების) პირობებში ლარის გაუფასურებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ეროვნული ბანკი თავის პოლიტიკას არ ცვლის ლარის კურსიდან გამომდინარე, მისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ინფლაციის დონეა, რომელიც ბოლო თვეებში მცირდება. თუ ინფლაციის დონის მატების საფრთხე არ არსებობს, ფულის მასის ზრდით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ხდება.
დასკვნაბოლო წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ შემოდგომიდან ლარის კურსი უფასურდება. ამას პირველ რიგში ტურისტული სეზონის დასრულება განაპირობებს. თუ ტურიზმის სეზონური ეფექტი სხვა დადებითი ტენდენციებით არ გადაიფარება, ლარის კურსი გაუფასურების მიმართულებით წავა.
რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება მხოლოდ სეზონურ მოვლენად, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა წინასწარ პროგნოზირება რთულია. თუ ეკონომიკაში ლარის დღევანდელი მასა დარჩება (ან გაიზრდება), კლებას განაგრძობს ინვესტიციები და არ გადაიფარება ტურისტული სეზონის დასრულებით შემცირებული სავალუტო ნაკადები, ლარის კურსი 2.39-ს აღარ დაუბრუნდება, პირიქით, შესაძლოა გაუფასურება ისევ განაგრძოს.
ამ ეტაპზე, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ და ამ თემას მომავალში კვლავ დავუბრუნდებით.