წლის 12 ივნისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა: „უშიშროების საბჭოს სხდომაზე მინისტრები ვალდებულები არიან და იძულებულებიც რომ მივიდნენ, მაგრამ პრემიერი არ არის ვალდებული მივიდეს“.
ალექსანდრე ქანთარიამ ეს განცხადება უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის საპასუხოდ გააკეთა.
2013წლის 4 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა 5 ივნისს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს.
2013წლის 11 ივნისს, პრეზიდენტის ინიციატივით უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმა, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ვიდეორგოლების გავრცელება და ამ თემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ სხდომებს არ დასწრებია.
მან განაცხადა:„დღის წესრიგი ვნახე და ის რაღაც კლიპი დაიდო, ეს საკითხები განიხილება და ჩემთვის არცერთი არ არის ამ ეტაპზე ისეთი საინტერესო, რომ ამ შეკრებაზე წავიდე“.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა, რამდენად არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე მისი წევრების დასწრების იურიდიული ვალდებულება.
საქართველოს ორგანული კანონის ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებმე-3 მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ „ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი“.
საქართველოს ორგანულ კანონში ან რომელიმე სხვა ნორმატიულ აქტში არ მოიძებნება მუხლი, სადაც მინისტრების ან პრემიერ-მინისტრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების ვალდებულება არის განსაზღვრული. აქვე გასათვალისწინებელია, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები და მისი მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრულია ორგანული კანონის ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ მე-2 მუხლის მიხედვით.ამ მუხლის თანახმად ეროვნული უშიშროების განიხილავს და ორგანიზებას უწევს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. შესაბამისად, მის კომპეტენციაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია თავმოყრილი.
დასკვნაუშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისათვის (პრემიერი, მინისტრები და ა.შ.) სხდომებზე დასწრების რაიმე იურიდიული და სამართლებრივი ვალდებულება გაწერილი არსად არ არის. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრობა რომელიმე წევრის მიმართ, საბჭოს სხდომაზე დასწრების იურიდიულ ვალდებულებას არ წარმოშობს, თუმცა, ამ ორგანოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომებზე დასწრება მისი წევრების პოლიტიკურ მოვალეობას წარმოადგენს.
ამრიგად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს სხდომაზე დასწრება-მონაწილეობის განსხვავებული ვალდებულება არ ეკისრებათ. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ალექსანდრე ქანთარიას განცხადება: „უშიშროების საბჭოს სხდომაზე მინისტრები ვალდებულები არიან და იძულებულებიც რომ მივიდნენ, მაგრამ პრემიერი არ არის ვალდებული მივიდეს“, არის მეტწილად მცდარი.