TV „პირველის“ ეთერში, თოქ-შოუში „რეაქცია“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა: „მსოფლიო ბანკის დასკვნის მიხედვით, ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოს მოსახლეობის 49% ცხოვრობდა, ახლა ეს რიცხვი არის განახევრებული“.
ფაქტ-მეტრა ზაზა გაბუნიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
დეპუტატი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა. მსოფლიო ბანკმა საქართველოს სიღარიბის მაჩვენებლებზე კვლევა 2016წელს გამოაქვეყნა. კვლევაში 2011-2014 წლებში სიღარიბის შემცირების ტენდენციებზეა საუბარი.
მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, სიღარიბის განსაზღვრა მოსახლეობის დანახარჯების მიხედვით ხდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როცა ადამიანი დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს.
კვლევის თანახმად, საქართველოში, 2011-2014 წლებში, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2010 წელს იმ მოსახლეობის წილი, ვინც დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავდა 46.7% იყო, 2012 წელს 42.5%, 2014 წელს კი – 32.3%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სიღარიბის მაჩვენებელი 10.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. 2014 წლის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სოფლად (42.8%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (17.2%) თბილისში ფიქსირდება.
სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წელს დაფიქსირდა. ეს 2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდგომი პერიოდია. 2011 წლიდან საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია დაიწყო.
გრაფიკი 1:
უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში (2006-2014 წლები)
წყარო: მსოფლიო ბანკი
რაც შეეხება 2015-2016 წლების სტატისტიკას, ეს მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სიღარიბის შემცირების ტენდენცია შემდგომ წლებშიც გაგრძელდებოდა. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2016 წელს იმ მოსახლეობის წილი, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს დაახლოებით 29.4%-მდე უნდა შემცირებულიყო.
ბოლო წლებში არსებული ტენდენციის დასანახად, ჩვენ საქსტატის მონაცემები გამოვიყენეთ. საქსტატის მონაცემებით, 2011-2015წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. თუმცა, 2016 წელს იმ მოსახლეობის წილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა.
2012წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 7.6 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.
გრაფიკი 2:სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი
წყარო: საქსტატიდასკვნა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს სიღარიბის მაჩვენებლებზე კვლევა 2016 წელს გამოაქვეყნა. კვლევაში 2006-2014 წლების მაჩვენებლებია ასახული.
მსოფლიო ბანკის ბოლო (2014 წლის) მონაცემებით, 2012 წელს მოსახლეობის 42.5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, 2014 წელს ეს მაჩვენებლი 32.3%-მდე (10.2 პროცენტული პუნქტით) შემცირდა. სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2011-2014 წლებში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2015-2016 წლების სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სიღარიბის შემცირების ტენდენცია შემდგომ წლებშიც უნდა გაგრძელებულიყო.
მიუხედავად სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენციისა, ფაქტია, რომ სიღარიბის მაჩვენებელი არ განახევრებულა. ასევე, სიღარიბის შემცირების ტენდენცია წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს, იმ მოსახლეობის წილი, ვინც აბოსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაზა გაბუნიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.