პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „60%-ით არის გაზრდილი საქართველოდან ღვინის ექსპორტი. 44 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი. განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ჩინეთში, საფრანგეთსა და ისრაელში”.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 45.3 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 61%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 100.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ღვინის რეალიზაციიდან შემოსული თანხები კი, წინა წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა.
იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულს რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი იკავებენ.
ცხრილი 1:
ქართული ღვინის იმპორტიორი ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა (2017 წლის იანვარი-აგვისტო)
ქვეყანა | რაოდენობა (ბოთლი) | ზრდა % |
საფრანგეთი | 95 530 | 378 |
ისრაელი | 139 994 | 232 |
აზერბაიჯანი | 102 342 | 170 |
რუსეთი | 28 493 063 | 94 |
აშშ | 286 496 | 67 |
ჩინეთი | 5 098 091 | 51 |
უკრაინა | 4 334 970 | 42 |
გერმანია | 256 672 | 39 |
ბელორუსია | 904 070 | 35 |
ლატვია | 963 266 | 25 |
პოლონეთი | 1 622 872 | 19 |
მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი ზრდა საფრანგეთში, ისრაელში და აზერბაიჯანში დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩინეთში, რომელიც ქართული ღვინისთვის ახალ ბაზარს წარმოადგენს და გაყიდული ღვინის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილის იკავებს, კვლავ მაღალი, 51%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
დასკვნა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს თვის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 45.3 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ჩინეთში, საფრანგეთსა და ისრაელში ღვინის ექსპორტი შესაბამისად 51, 378 და 232%-ით გაიზარდა.
შესაბამისად, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის სიმართლე.